Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუდენტები სოციალური მოთხოვნებით საპროტესტო აქციებს იწყებენ


შარშანდელი ნოემბრის აქციების შემდეგ საკუთარ ძალებში დარწმუნებული საქართველოს სტუდენტური გაერთიანებები 25 აპრილიდან კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის მოწყობას გეგმავენ.

როგორც 24 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა, სოციალურად სრულიად დაუცველი სტუდენტები ამჯერად სტიპენდიების დაფინანსების, პედაგოგ-მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების გაუმჯობესებისა და სპეცსახსრებიდან შემოსული თანხების სასწავლებლებისთვის დაბრუნების მოთხოვნებით აპირებენ ქუჩაში გამოსვლას.

საქართველოს ხელისუფლება სტუდენტობას საზოგადოების ყველაზე ჯანსაღ და პროგრესულ ნაწილად მიიჩნევს. თუმცა, თავად სტუდენტების განმარტებით, ასეთი მიდგომა ჯერჯერობით ვერავითარ სასიკეთო ზეგავლენას ვერ ახდენს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის მსმენელთა მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე, რის გამოც ხელისუფლების მისამართით სტუდენტებს ბევრი პრეტენზია დაუგროვდათ.
24 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ პრესკონფერენციაზე განსაკუთრებით მწვავედ სტიპენდიებისა და ე.წ. სპეცსახსრების საკითხი დაისვა. სტუდენტური საბჭოს წევრების განმარტებით, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სახსრები იმდენად მცირეა, რომ 17 ლარიან სტიპენდიას მხოლოდ ყველაზე ხელმოკლე ფრიადოსანთა ნაწილი იღებს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტ გიორგი ხომასურიძის განცხადებით, მათ ასევე აღელვებთ საკუთარი პროფესორ-მასწავლებლებისა და მთლიანად სასწავლებლების ფინანსური მდგომარეობა, რაც კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი გახდება სპეცსახსრებიდან შემოსული თანხების ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ანგარიშზე ჩარიცხვის შემდეგ. 25 აპრილს სტუდენტები მშვიდობიანი პროტესტის ფორმით სწორედ ასეთი საფინანსო პოლიტიკის წინააღმდეგ აპირებენ გალაშქრებას და ხელისუფლებას შემდეგ მოთხოვნებს წაუყენებენ:
[გიორგი ხომასურიძის ხმა] "ჩვენი ძირითად მოთხოვნაა, რომ შეცვალონ უმაღლეს სასწავლებლებთან მიმართებაში ის ფინანსური პოლიტიკა და აღარ იყოს ამ სტიპენდიებზე და ამ სპეცსახსრებზე ლაპარაკი, რომელსაც ახორციელებს ფინანსთა სამინისტრო. ჯერ ერთი, სახელმწიფოს არა აქვს იმის უფლება, რომ სტუდენტის სწავლის ქირის გადასახადი შეიტანოს ცენტრალურ ბიუჯეტში და გამოიყენოს თავის რაღაც რეფორმებთან დაკავშირებით".[სტილი დაცულია]

ამასთან, სტუდენტთა საბჭოს წევრები იმუქრებიან, რომ, თუ სოციალური ხასიათის მოთხოვნები სასწრაფოდ არ დაკმაყოფილდება, მათი პროტესტი, შესაძლოა, საყოველთაო მღელვარებაში გადაიზარდოს.

მიუხედავად იმისა, რომ ნოემბრის აქციების შემდგომ სტუდენტობა ანგარიშგასაწევ ძალად გადაიქცა, მათი ამ მოთხოვნების გათვალისწინება ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, სპეცსახსრებიდან შემოსული თანხების ფინანსთა სამინისტროს ხაზინაში ჩარიცხვისა და ერთიანი ბიუჯეტის იდეას მხარს უჭერს საერთაშორისო სავალუტო ფონდი და, გარდა ამისა, ასეთი ცვლილება პრეზიდენტის მიერ მოწონებულ ერთ-ერთ ძირითად ანტიკორუფციულ ღონისძიებას წარმოადგენს.
თანაც, როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, ეს ცვლილება ძალაში მომავალ საფინანსო წელს იგეგმება, მანამდე კი სპეცსახსრებიდან შემოსული, დაახლოებით, ოცი მილიონი ლარის თანხის განკარგვის უფლებით, სახელმწიფო სასწავლებლების ხელმძღვანელები სრულად სარგებლობენ.

რაც შეეხება სტუდენტთა სტიპენდიებს, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, შარშანდელთან შედარებით, წელს, დაახლოებით, ორჯერ გაიზარდა სტიპენდიების დაფინასება, მაგრამ ამ თანხების განაწილება განათლების სამინისტროსა და თავად სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელების პრეროგატივა ყოფილა.

სხვათა შორის, 24 აპრილს გამართულ შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ ფინანსური პრობლემების გარკვევა ჯერ საკუთარი სასწავლებლის კედლებში მომხდარიყო და იმაზეც დაწყებულიყო მსჯელობა, საჭიროა თუ არა ამდენი უმაღლესი სასწავლებლის არსებობა საქართველოში, მაგრამ ამ თვალსაზრისმა შემდგომში განვითარება ვერ პოვა, რადგან ფართომასშტაბიანი გამოსვლის წინ ასეთი გულახდილობა ხელს ნამდვილად არ უწყობს სტუდენტთა რიგების შემჭიდროებას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG