Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ლიდერთა შეხვედრა ტრაპიზონში


სამშაბათს თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში დამთავრდა მასპინიძელი ქვეყნის, საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების ორდღიანი სამიტი.

შეხვედრის მეორე დღეს პრეზიდენტებმა აჰმედ ნეჯდეთ სეზერმა, ედუარდ შევარდნაძემ და ჰეიდარ ალიევმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ამ დოკუმენტის თანახმად, თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი ერთად იზრუნებენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოებაზე.

ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, სატელევიზიო გამოსვლაში, აჰმედ ნეჯდეთ სეზერმა განაცხადა, რომ 11 სექტემბრის შემდეგ რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ტერორიზმთან დაუნდობელი ბრძოლის აუცილებლობაზე ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანის ლიდერებმაც. ედუარდ შევარდნაძის თქმით, ახალი ხელშეკრულება მიზნად ისახავს სწორედ ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, იარაღის კონტრაბანდისა თუ სხვა სახის ბოროტმოქმედების აღმოფხვრას და მიმართული არ არის რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ.

ჰეიდარ ალიევის განცხადებით, ტრაპიზონში ხელმოწერილი დოკუმენტი საფუძველს უყრის სამი ქვეყნის თანამშრომლობას აღმოსავლეთი-დასავლეთის დერეფნის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ტერორიზმის წინააღმდეგ მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე ბრძოლაში.

რუსეთი ტრაპიზონში გამართულ სამიტს დაუფარავი გაღიზიანებით ადევნებდა თვალს. ამ ქვეყნის პრესაში გამოქვეყნებული ზოგიერთი კომენტარის თანახმად, ნავთობსადენის დაცვის საფარქვეშ იქმნება ახალი შეირაღებული სტრუქტურა რუსეთისა და სომხეთის წინააღმდეგ. ტრაპიზონში ედუარდ შევარდნაძემ უარი განაცხადა, კომენტარი გაეკეთებინა ამ პუბლიკაციებისთვის. მან მხოლოდ ეს თქვა: "ჩვენი გადაწყვეტილება ჩვენსავე ეროვნულ ინტერესებს ემყარება. რუსეთის პრესაში ატეხილ ხმაურს კომენტარს ვერ გავუკეთებო."

სამშაბათს ედუარდ შევარდნაძე თბილისში დაბრუნდა.
XS
SM
MD
LG