Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს არმია ბავშვური ასაკიდან გამოვიდა


30 აპრილს საქართველოს არმიას 11 წელი შეუსრულდა. მართალია, საბოლოო დავაჟკაცებამდე ჯერ კიდევ შორსაა, მაგრამ იმის თქმა კი შეიძლება, რომ არმია ბავშვური ასაკიდან გამოვიდა.

გარდა ამისა, მეორე ათეულში ქართველ სამხედროებს ბევრად მეტი საინტერესო სიახლეები ელით. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ სწორედ არმიის დღესასწაულს დაემთხვა ამერიკელ სამხედრო ინსტრუქტორთა პირველი ჯგუფის ჩამოსვლა საქართველოში, რის გამოც ოფიცერთა სახლში სამშაბათს დილიდანვე მომეტებულად საზეიმო განწყობა სუფევდა.

როგორც ყველა სამხედრო ძალა, საქართველოს ჯარიც ომის ქარ-ცეცხლში იშვა. მეტიც, 11 წლის განმავლობაში მას არასდროს ჰქონია მშვიდი ცხოვრება - ეთნიკური და სეპარატისტული კონფლიქტები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას მოჰყვა, მეტწილად, სწორედ სამხედროების "სუსტ მხრებზე" გადადიოდა.

ეს იყო უთანასწორო ბრძოლა, ერთი მხრივ, რუსულ-კონფედერაციულ სამხედრო ძალებთან და მეორე მხრივ, საკუთარ სახელმწიფოებრივ არაორგანიზებულობასთან, რაც ყველაზე უკეთესად რეგულარული არმიის როლის უგულებელყოფასა და პარამილიტარისტული ორგანიზაციების წინ წამოწევაში გამომჟღავნდა.

ამ ქაოსის მიუხედავად, ქართველმა სამხედროებმა რამდენიმე სასახელო ფურცლის ჩაწერა მაინც მოახერხეს ისტორიაში - 1993წლის მარტისა და ივლისის ბძოლები გუმისთასთან და შრომასთან, დესანტის განადგურება ტამიშთან და, ბოლოს, ალყაშემორტყმული სოხუმის დაცვა ბოლო ვაზნამდე... სადღესასწაულო სხდომაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ამ პერიოდს "ომში დაწყებული მძიმე ბავშვობა უწოდა".

[დავით თევზაძის ხმა] "შეიძლება იმ წლებში, რომლის გახსენებაც, მეტნაკლებად, გვიჭირს ხოლმე, ჩვენ მიგვაჩნდა, რომ ჩვენი უბედურების სათავე, ჩვენი გაჭირვების სათავე, ომში დაწყებული ჩვენი მძიმე ბავშვობა გახლდათ, მაგრამ მე პირიქით მგონია, რომ ეს არის ბედნიერება. ბედნიერება თითოეული ჩვენგანის, ვინაიდან ჩვენ არა მარტო ვუცქირეთ, თუ როგორ ხდებოდა დამოუკიდებელი საქართველო, არამედ რეალურად ჩავდეთ თითო წვეთი ჩვენი სისხლისა, თითო ნაფლეთი ჩვენი ხორცისა".


როგორც წინა წლებში, არმიამ თავისი მორიგი პროფესიული დღესასწაული ამჯერადაც მოკრძალებით აღნიშნა. სამწუხაროდ, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში არმიის დაბადების თარიღი არ ატარებს საერთო-სახალხო დღესასწაულის სახეს.

ყველაზე დიდი, რაც სამხედროებმა თავისი ძალებით მოახერხეს, პირადი შემადგენლობისთვის უფასო კონცერტი და წარჩინებულთა მადლობის სიტყვითა და ქების სიგელით დაჯილდოება გახლდათ. მაგრამ საკუთარ მეთერთმეტე პროფესიულ დღესასწაულზე ახალგაზრდა ოფიცრები უფრო მეტი ოპტიმიზმით საუბრობდნენ მომავალზე, ვიდრე წინა წლებში.
მაიორი ზვიად ჩადუნელი 19 წლის იყო, როდესაც 1991 წელს პირველი ქართული ოფიციალური სამხედრო სტრუქტურის, ეროვნული გვარდიის, რიგებში ჩაირიცხა. ჩვენს შეკითხავზე - ხომ არ ნანობს, რომ სამხედრო კარიერა აირჩია, მან გვიპასუხა:

[ზვიად ჩადუნელის ხმა] "არც ერთი წუთით. იმედი მაქვს, რომ მომავალში სათანადო დონეზე იქნება ქართული არმიაც, ქართული ფორმაც, ქართული სულისკვეთებაც, რომ შეიძლება შესაშურიც იყოს".

ქართველი სამხედროები არ მალავენ, რომ უკეთესი მომავლის რწმენას, თვითმოტივაციის გარდა, მნიშვნელოვანწილად, საერთაშორისო სამხედრო დახმარების იმედიც ასაზრდოებს. 30 აპრილს გამართულ საზეიმო სხდომაზე დავით თევზაძის ინფორმაციას საქართველოში ამერიკელი ინსტრუქტორების პირველი ჯგუფის ჩამოსვლის შესახებ დარბაზი ოვაციით შეხვდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG