Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიწის კადასტრისა და რეგისტრაციის სფეროში დაპირისპირებამ იჩინა თავი


მიწის კადასტრისა და რეგისტრაციის სფეროში საქართველოს მთავრობასთან რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია თანამშრომლობს.

მათ შორის სამუშაოს მოცულობა და საზღვრები მკვეთრად არის გამიჯნული, თუმცა ისინი ერთმანეთის კონკურენტებად რომ ყალიბდებიან, ამაზე 2 მაისს მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციაში გამართული პრესკონფერენციაც მოწმობს.

საქართველოში მიწის კადასტრსა და რეგისტრაციას, გერმანიის მთავრობის დახმარებით მიმდინარე პროექტის გარდა, რომლის შესახებ წინა გადაცემებში ვისაუბრე, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო, მსოფლიო ბანკი და გაეროც ახორციელებს. გერმანული მხარის აზრით, ამ ორგანიზაციების მიერ შეგროვებულმა ინფორმაციამ ერთიან სისტემაში უნდა მოიყაროს თავი და საქართველოს მიწის კადასტრის დეპარტამენტს გადაეცეს. ამ მიზნის განსახორციელებლად საქართველოს მთავრობის მიერ დამატებითი შეღავათიანი კრედიტის აღებაა საჭირო.

გერმანული პროექტის ამ ინიციატივას კადასტრის სფეროში მომუშავე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ეწინააღმდეგება. მათი პოზიცია მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარემ ჯაბა ებანოიძემ გამოაქვეყნა.

იგი ფიქრობს, რომ თუ პროექტის გაფართოებაა დაგეგმილი, მაშინ ის სულ სხვა მიმართულებით უნდა განვითარდეს. კერძოდ კი, საჭიროა მესაკუთრეთა ქონების რეგისტრაცია და საკუთრების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტების გაცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, უძრავი ქონების ბაზარი ვერ ჩამოყალიბდება.

[ებანოიძის ხმა] „კი, ბატონო, დაიდება ეს მაღალტექნოლოგიური ინფორმაცია, მაგრამ დეპარტამენტში ეს შემოიდება თაროზე. მის გამოყენებას, მის მართვას დეპარტამენტი უახლოეს ხანებში ვერ შეძლებს. ხოლო ყოველ წელიწადს ეს ინფორმაცია ძველდება. ის თუ არ განახლდა და მასში ასახვა არ პოვა ახალმა გარიგებებმა უძრავ ქონებაზე, ინფორმაცია მოძველებულია და 2 წლის მერე ახალი კრედიტი იქნება საჭირო.“

ებანოიძეს მიაჩნია, რომ პროექტის არასწორი მიმართულებით განვითარება დეპარტამენტის ნება-სურვილის გარეშე ხორციელდება და მას გერმანული მხარის მიერ თავსმოხვეულ ინიციატივას უწოდებს.

[ებანოიძის ხმა] „სამწუხაროდ, ინიციატივა ამ პროექტის გაფართოების შესახებ მოდის გერმანული პროექტიდან. აღმოჩნდა, რომ დეპარტამენტი, საერთოდ, არც კი მონაწილეობდა ამ შემოთავაზების მომზადებაში. ანუ ისევ მეორდება ძველი პრინციპი: დონორები გვიკარნახებენ, რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და რა უნდა გავაკეთოთ. მე მგონი, საქართველოში დადგა დრო, როდესაც ქართულმა მხარემ უნდა უკარნახოს დონორს, რა გვჭირდება, რა არის ჩვენთვის აუცილებელი, ამ მიმართულებით დაგვაფინანსონ და განახორციელონ თავიანთი პროექტები.“

ებანოიძე ფიქრობს, რომ გერმანული პროექტის მიმართულებას ტექნიკური პერსონალი განსაზღვრავს, რომელიც, სამუშაოს შესანარჩუნებლად, სულ უფრო მეტი კრედიტების გამოყოფითაა დაინტერესებული. იგი იმასაც აღნიშნავს, რომ გერმანული დაფინანსებით მიმდინარე პროექტი არასრულყოფილად სრულდება, ანუ არ ხორციელდება აზომილი ნაკვეთების საკუთრების დადასტურება, რაც საპროექტო ხელშეკრულების პირობას წარმოადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ USAD-ის პროექტის ფარგლებში ებანოიძის ორგანიზაცია მიწის მესაკუთრეთა დამადასტურებელ დოკუმენტებს გასცემდა. შესაბამისად, ცხადია მისი დაინტერესება ამ საქმიანობის გაგრძელებით, რაც რამდენამდე ნათელს ჰფენს დაპირისპირებას, რომელმაც ბოლო დროს კულისებიდან ფართო საზოგადოებაში გადაინაცვლა.
XS
SM
MD
LG