Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკადრო ცვლილებები მთავრობაში. ანტიკორუფციული საბჭოს მდივანი მირიან გოგიაშვილი მინისტრობისთვის ემზადება


საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებები დაიწყო და ეს პროცესი, პირველ რიგში, შემოსავლებისა და ფინანსთა მინისტრებს შეეხოთ.

მიუხედავად იმისა, რომ ლევან ძნელაძეც და ზურაბ ნოღაიდელიც შენიშვნებს ხშირად იღებდნენ, პრეზიდენტის გადაწყვეტილება მათთვის მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა. ამ ორი მინისტრის გათავისუფლების მოტივად ბიუჯეტის შეუსრულებლობა სახელდება, თუმცა ნოღაიდელი მაინც ფიქრობს, რომ მისი თანამდებობა სახელმწიფო მინისტრის ამბიციებს შეეწირა. შემოსავლების და ფინანსთა სამინისტროების გაერთიანების შემდეგ მინისტრობა ანტიკორუფციული საბჭოს მდივანს მირიან გოგიაშვილს მოუწევს. ზურაბ ნოღაიდელი მას უკომპრომისობას ურჩევს.


მიმდინარე წლის ბიუჯეტის შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა შემოსავლების და ფინანსთა მინისტრებს დაეკისრათ. მათი გათავისუფლებისა და ფინანსთა და შემოსავლების სამინისტროების გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება ეროვნული უშიშროების საბჭომ 2 მაისს მიიღო. მიმდინარე წლის ბიუჯეტში არსებული გარღვევის მიუხედავად ( პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მონაცემებით, იანვრიდან მოყოლებული, სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებს 15 მილიონ 450 ათასი ლარი დააკლდა), მიუხედავად, აგრეთვე, იმისა, რომ ზურაბ ნოღაიდელს და ლევან ძნელაძეს პრეზიდენტის შენიშვნებისა და მკაცრი გაფრთხილებების მოსმენა ხშირად უწევდათ, ზურაბ ნოღაიდელისთვის უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება მიწისძვრასავით მოულოდნელი აღმოჩნდა. უკვე 3 მაისს ის ამ მოულოდნელობასთან შეგუებული ჩანდა. როგორც ფინანსთა მინისტრმა, ნოღაიდელმა უკანასკნელი პრესკონფერენცია გამართა და უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შემდეგი განაცხადა:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] “მე თოჯინის როლში ვერ ვიმუშავებდი და ეს ყველამ კარგად იცოდა. მე დიდი სიამოვნებით ვმუშაობდი პრეზიდენტ შევარდნაძესთან, მაგრამ პრეზიდენტ ჯორბენაძესთან არ ვიმუშავებდი და არც ვიმუშავებ. “

ასე რომ, მთავრობაში დაწყებულ საკადრო ცვლილებებს ნოღაიდელი სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძის ფაქტორით ხსნის. ჟურნალისტებთან საუბრისას მან ჯორბენაძე ინტრიგების ხლართვის ოსტატად მოიხსენია და თქვა, რომ ის ამ ინტრიგებთან შეგუებას არ აპირებდა.

ზურაბ ნოღაიდელი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობაში ის ედუარდ შევარდნაძის გუნდის წევრი და პრეზიდენტთან დაახლოებული პირი იყო. ამავდროულად, ის ოდითგანვე ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრად მიიჩნეოდა. ამიტომაც არის რომ, ნოღაიდელის მინისტრობიდან დათხოვნას პოლიტიკური ნიშნითაც ხსნიან.
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელის რომან გოცირიძის აზრით, ზურაბ ნოღაიდელი და ლევან ძნელაძე საქართველოს მთავრობაში საუკეთესონი იყვნენ. ასეა თუ ისე, ზუსტად ასეთსავე მაღალ შეფასებას აძლევს საკუთარ თავს ზურაბ ნოღაიდელიც. ის ამბობს, რომ ფინანსთა მინისტრობისას ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეძლო და შემცვლელს საათივით აწყობილ სისტემას უტოევბს.

შემცვლელის ვინაობა ცნობილია. ფინანსთა და შემოსავლების სამინისტროების გაერთიანების შემდეგ მთავრობის ეკონომიკურ ბლოკში წამყვანი პოსტის დაკავება ანტიკორუფციული საბჭოს მდივანს მირიან გოგიაშვილს მოუწევს. ამ უკანასკნელს წინამორბედი და უკვე გათავისუფლებული მინისტრები წარმატებულ მინისტრობას უსურვებენ, რისთვისაც, უკომპრომისობას ურჩევენ. მირიან გოგიაშვილის კანდიდატურას მისი კოლეგები უაღრესად დადებითად აფასებენ, თუმცა გამოითქმება აზრი, რომ, რბილი ხასიათის გამო, მას აღმასრულებელ ხელისუფლებაში დამკვიდრებულ ნორმებთან შებრძოლება გაუძნელდება. ვნახოთ, რას მოიტანს შევარდნაძე-ჯორბენაძის ეს ექსპერიმენტი და იმ ორი უმნიშვნელოვანესი უწყების გაერთიანება, რომელთა გამიჯვნასაც, ფაქტობრივად, არავითარი ეფექტი არ მოჰყოლია.
XS
SM
MD
LG