Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო ორგანიზაციები კონტრშეტევით ცდილობენ თავის დაცვას


საქართველოში ბოლო დროს არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ გაჩაღებული კამპანიის შედეგად,

საზოგადოების ნაწილის თვალში მესამე სექტორის რეპუტაციის შელახვა მოხერხდა. დამოუკიდებელი არასამთავრობო და არამომგებიანი ორგანიზაციების ოპონენტებმა მათ „გრანტიჭამიები“ შეარქვეს და უცხოური საქველმოქმედო ორგანიზაციებისგან მიღებული ფინანსური დახმარების მიზნობრივი ხარჯვის გაკონტროლებაც მოითხოვეს. ეს მოთხოვნა არაერთხელ გახდა საქართველოს მთავრობის მსჯელობის საგანი. უკანასკნელ სამთავრობო სხდომაზე მან განსაკუთრებული სიმწვავით იჩინა თავი.

ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ფინანსთა მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის თანამდებობიდან გადაყენების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გრანტების აღრიცხვის მოუწესრიგებლობა გახდა. ფინანსთა სამინისტროს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიღებული გრანტების აღრიცხვა მას შემდეგ დაევალა, რაც საქართველოს კანონმდებლობაში, ნაცვლად სიტყვებისა „სახელმწიფო გრანტები,“ უბრალოდ, „გრანტები“ ჩაიწერა.თუმცა ნოღაიდელს რომ თავისი ჩვეული სიჯიუტე არ გამოეჩინა და საგადასახადო სამსახურისათვის მიემართა, უსათუოდ შეძლებდა ყველა გრანტის მოცულობისა და ადრესატის დადგენას, მაგრამ მან პოლიტიკურად გაუმართლებელი ნაბიჯის გადადგმისაგან თავი შეიკავა და ეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა სათანადოდ დააფასეს. 3 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე კახა ლომაიამ, რეგიონულმა დირექტორმა ორგანიზაციისა „დემოკრატიის კოალიცია,“ ნოღაიდელის საქციელს „პოლიტიკური გამბედაობა” უწოდა და აღნიშნა:

[ლომაიას ხმა] „სახელმწიფომ მიხედოს იმ თანხებს, რომელსაც თვითონ ვერ აკონტროლებს და შეეშვას სხვის ჯიბეში ფულის დათვლას, განსაკუთრებით, იმ ჯიბეში, რომელიც არის დახმარება, ყოველგვარი სახელმწიფო სტრუქტურების და ბიუროკრატიის გვერდის ავლით, პირდაპირ მოდის საზოგადოებრივ ორგანიზაციებში და ხმარდება 10 ათასობით, 100 ათასობით ადამიანს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს თანამოქალაქეებს, მათ ოჯახებს და მათ კეთილდღეობას. ამაზეა ნათქვამი: ძაღლი შინ არ ვარგოდა და გარე-გარე დარბოდაო...“ [სტილი დაცულია]

არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობის ასეთ ქმედებებს აფასებენ ნომენკლატურის მცდელობად, გავლენა მოიპოვოს მესამე სექტორზე, რადგან ყველა გრანტის მიმღები ორგანიზაცია გადასახადების გადამხდელია და თითქმის ისე იბეგრება, როგორც კომერციული საწარმოები. შესაბამისად, მათ შესახებ ფისკალური მონაცემების შეგროვება სპეციალური მსჯელობის საგანი არც უნდა გამხდარიყო.

მთავრობაში მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, გრანტების აღრიცხვის გასაუმჯობესებლად მესამე სექტორი მოგების სიმბოლური გადასახადით, 0,02 პროცენტით, უნდა დაიბეგროს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამ გზით აღრიცხვის წინააღმდეგი არ გამოდის, მათთვის სულ სხვა რამაა მიუღებელი. ორგანიზაციის ლიდერის თინათინ ხიდაშელის განცხადებით:

[ხიდაშელის ხმა] „ჩვენ დღეს ვიბეგრებით ყველაფრით, გარდა მოგების გადასახადისა. დღეს საუბარია იმაზე, რომ დაიბეგროს სიმბოლურად მოგების გადასახადითაც. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სტატუსს გვართმევენ. აქ საუბარი არ არის, რა თანხას შეადგენს ხვალ ეს გადასახადი და ეს იმოქმედებს თუ არა ჩვენზე, იმიტომ რომ თვითონ ციფრი, პროცენტი, ძალიან მცირეა. მაგრამ აქ საქმე არის პრინციპში, იმიტომ რომ ჩვენ ვამბობთ, ჩვენ ვართ არამომგებიანი სექტორი.“[სტილი დაცულია]

სტატუსის შეცვლით არასამთავრობო ორგანიზაციები დონორებსაც დაკარგავენ, რადგან საქველმოქმედო ფონდების უმრავლესობასთან თანამშრომლობის მთავარი პირობა ისაა, რომ ორგანიზაცია მომგებიანი არ უნდა იყოს. არის სხვა საშიშროებაც: კომერციული ორგანიზაციები, მოგების დაბალი გადასახადის ხიბლით, საკუთარ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს დააფუძნებენ და კომერციულ საქმიანობას გააჩაღებენ.

თინათინ ხიდაშელს სხვა საფრთხეც აწუხებს: მთავრობაში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, კონტროლის პალატას არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმების უფლება ენიჭება, ეს კი, საფინანსო საბუთებთან ერთად, საქმიანი დოკუმენტაციის რევიზიასაც ნიშნავს, ანუ კონტროლის პალატის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული, თუ რომელ გრანტს მიიჩნევს ის ქვეყნის ინტერესების შესატყვისად და რომელს - არა; შესაბამისად, მას ამა თუ იმ პროექტის შეჩერების მოთხოვნის უფლებაც ექნება. ეს კი არასამთავრობო სექტორის დამოუკიდებლობის აშკარა შეზღუდვაა.

[ხიდაშელის ხმა] „მერე ძალიან ადვილი იქნება ჩვენი დახურვა, ამ ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვა ძალიან მარტივი იქნება. და, უბრალოდ, ამით დასრულდება ილუზია იმისა, რომ ქვეყანაში არსებობდა სექტორი, რომლის შექმნასაც არ უშლიდნენ თავის დროზე. ეს მითი და ილუზია დემოკრატიისა, ყველაზე დიდი დემოკრატიისა, რომელიც არსებობდა ქვეყანაში, დღეს, პრინციპში, მითადაც დაიმსხვრევა, მიუხედავად იმისა, რომ იგი რეალობაში არასდროს არსებობდა, უკვე ხვალ მითიც აღარ იარსებებს, თუ ასეთი კანონმდებლობა იქნება მიღებული.“[სტილი დაცულია]

არასამთავრობო ორგანიზაციები ფარ-ხმლის დაყრას სულაც არ ფიქრობენ და მთავრობის გადაწყვეტილებების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ. ამ კამპანიაში ჩართვის ყველა მსურველს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უფასო იურიდიულ მომსახურებას ჰპირდება.
XS
SM
MD
LG