Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გმირის მიმართ შური, თუ?


26 აპრილს გერმანიაში ერფურტის ერთ გიმნაზიაში მომხდარი მკვლელობა ადასტურებს,

რომ გერმანია ეწევა ამერიკას, კარგთან ერთად ცუდითაც. შეგახსენებთ, რომ იმ დღეს 17 ადამიანი დაიღუპა სკოლაში, მკვლელის ჩათვლით, რომელმაც თვითმკვლეობით დაასრულა სიცოცხლე. იარაღი გერმანიაში თავისუფლად არ იყიდება, მაგრამ თუკი ადამიანი გაერთიანებულია სპორტულ კლუბში, სადაც სროლას ასწავლიან, შეიძლება იარაღის ქონის უფლება მიიღოს. რამდენად უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, გადარჩენილების შოკზე და იარაღის ქონის უფლებაზე დაიწყეს ყველაზე მატად ლაპარაკი გერმანიაში ამ ამბის შემდგომ. იმაზე, რომ უნდა გამკაცრდეს იარაღის შენახვის უფლების შესახებ კანონი და იმაზე, რომ გადარჩენილებს, ასევე დაღუპულთა ოჯახებს, კომპენსაცია და დახმარება უნდა მიეცეს. ხმამაღლა არავის დაუსვამს შეკითხვა: იქნებ მკვლელი - გიმნაზიის ყოფილი მოსწავლე - მსხვერპლია, იქნებ უკიდურესი გაჭირვების ჟამს გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა გამოსავალი თვითმკვლელობაში დაინახა და მის ამ ტრაგედიაში მთავარი დამნაშავეების - მასწავლებლების - დახოცვა გადაწყვიტა. ძალიან ძნელია იარსებოს აზრმა, რომ მკვლელი მსხვერპლია, მაგრამ მისი განხილვა, ამ მკვლელობის მიზეზების გარკვევის მსურველთ შეიძლება რაღაცაში წაადგეთ.
სახელგანთქმულ როკჯგუფს "პინგ ფლოიდს" აქვს ერთი მეტად საინტერესო და საგულისხმო სიმღერა, რომელშიც მოსწავლეები მოითხოვენ, არ გვინდა სწავლა-განათლება, არ გვინდა აზრების კონტროლი, არ გვინდა საკლასო ოთახის ბნელი სარკაზმი, მასწავლებელო, თავი გაანებე ბავშვებს, ეს კედლის კიდევ ერთი აგურიაო. "პინკ ფლოიდის" ერთ-ერთი წევრი როჯერ უოტერსია ამ ტექსტის ავტორი. საერთოდ ამ ალბომის სახელად "კედლის"აზრიც ეს არის: ადამინს ბავშვობიდანვე კედელს უშენებენ გარშემო. ამ კედლის მთავარი მშენებელი კი სკოლაა.
["პინკ ფლოიდის"მუსიკა]
ერფურტის ტრაგედიას ჰყავს კიდევ ერთი მსხვერპლი, ან უკეთ რომ ვთქვათ, გიმნაზიის ისტორიის მასწავლებელი რაინერ ჰაიზე. ერფურტის გიმნაზიაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ რაინერ ჰაიზე, ჟურნალისტების, მასმედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ჰაიზე იყო ერთადერთი კაცი, ერთადერთი მასწავლებელი, რომელიც, მისივე ნაამბობის თანახმად, შეხვდა შტაინჰოიზერს, მკვლელს.
ისტორიის მასწავლებელი ყველას უყვებოდა თავის ამბავს, მისი სიცოცხლის მნიშვნელოვან მომენტზე, როცა მკვლელმა, დახოცა რა თავისი ათზე მეტი მასწვალებელი და ორი თანასკოლელი, ასევე ერთი პოლიციელი, მას შეეჩეხა. გიმნაზიის ყოფილმა მოსწავლემ რობერტ შტაინჰოიზერმა იარაღი მიუშვირა ისტორიის მასწავლებელს. აქვე გეტყვით, რომ ამ პისტოლეტიდან მან 70 ტყვიაზე მეტი გაისროლა იმ დღეს. ჰაიზემ მკერდი მიუშვირა და უთხრა, მესროლე, ოღონდ თვალებში მიყურეო. შტაინჰოიზერს კი უპასუხია, დღეისათვის კმარა ჰერ ჰაიზეო. ამის შემდეგ ჰაიზემ სწრაფად შეაგდო მკვლელი 111-ე ოთახში და გარედან კარი გადაუკეტა. შტაინჰოიზერმა იქ თავი მოიკლა. ამას ჰყვებოდა რაინერ ჰაიზე, კაცი, რომელიც მოიქცა გაბედულად და მამაცურად და რომელთან დაკავშირებითაც გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ოტო შილიმ გერმანიის უმაღლესი ჯილდო, "დამსახურებისთვის ჯვარი" ახსენა. თვითონ ჰაიზე, ცხადია, ამ ჯილდოზე უარის თქმას აპირებს, რადგან რაც გააკეთა და როგორც გაკეთა, მისი აზრით, სრულიად ბუნებრივი იყო. მთავარი ის არის, რომ ჰაიზე უცბად შეიძულა მთელმა ქალაქმა, ერფურტელებმა, ასევე, კოლეგებმა, სკოლაში მას მატყუარა შეარქვეს, ღორი, რომელიც კოლეგების სისხლში ხელებს აფათურებს. ერფურტში ჭორი გაავრცელეს, რომ ის საერთოდ არ იყო სკოლაში იმ დღეს და ასე შემდეგ. ჰაიზე თვლის, რომ მას, იმ დღეს, 26 აპრილს შეცდომა არ დაუშვია, და რომ მსგავს შემთხვევაში კვლავაც ასე მოიქცევა. მისმა უფროსმა, სკოლის დირექტორმა ქრისტიანე ალტმა თქვა, რომ მას უფრო ჩუმი გმირი მოეწონებოდა. როგორც არ უნდა იყოს, უზუსტობა რაინერ ჰაიზეს ნამბობშიც ნახა გამოძიებამ, ფაქტი ერთია, რაც ისტორიის მასწავლებელმა გააკეთა, განუმეორებელი იყო და რაც მან თქვა, ამის საწინაღმდეგო არავის არაფერი აქვს. ისტორიის მასწავლებელი კამერების წინ თეატრალური ჟინით, ლამის აღფრთოვანებით, ცოცხალი ჟესტიკულაციით ყვებოდა იმაზე, რამაც იმ სკოლაში მყოფებზე საშინელი კვალი დატოვა.
ამ მასალის ბოლო წინადადებაც შეკითხვაა, იქნებ ჰაიზესთვის მისი საქციელი მართლაც ცხოვრებაში პირველი და ერთადერთი გმირობა იყო და მის პიროვნებას მართლაც დიდი აღფრთოვანების გამოხატვა სურდა თავისი თავითაც.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG