Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია თურქეთის პატრონაჟის ქვეშ გადადის


საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის პროფესიული კადრების მომზადება,

კვლავ პირველი რიგის პრობლემას წარმოადგენს. ამასთან, საქართველოს სამხედრო სისტემის ნატოს სტანდარტებზე გადასვლის პარალელურად, დღის წესრიგში დგება ერთადერთი უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის- თავდაცვის ეროვნული აკადემიის - მთლიანი სასწავლო პროცესის ტრანსფორმაციის საკითხი. თუმცა, ოპტიმალური მოდელის შერჩევისას, სამხედრო წრეები უფრო პოლიტიკური კონიუნქტურით ხელმძღვანელობდნენ, ვიდრე არმიის რეალური საკადრო მოთხოვნილებით, რის გამოც ბოლო სამი წლის განმავლობაში სამხედრო საგანმანათლებლო სისტემა დაუსრულებელი ექსპერიმენტების ასპარეზად იქცა.

საქართველოში პირველი სამხედრო სასწავლებლის ჩამოყალიბება 1993 წლის მაისში ყოფილი საბჭოთა არმიის საარტილერიო-სამეთაურო სასწავლებლის ბაზაზე დაიწყო და, უკვე ფეხმოკიდებული ტენდენციის თანახმად, მას პირდაპირ სამხედრო აკადემია ეწოდა.

აღსანიშნავია, რომ იმავე წელს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ ამოცანად რუსეთთან ყველა სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა გამოაცხადა. სამხედრო სფეროში ამ ამოცანის განხორციელება დაეკისრა თავდაცვის ახალ მინისტრ გენერალ ვარდიკო ნადიბაიძეს, რომელმაც მთავარსარდლის ბრძანება პირნათლად შეასრულა და ყველა სამხედრო უჯრედის და, მათ შორის, ერთადერთი სამხედრო სასწავლებლის, რუსულ ყაიდაზე გადაწყობა დაიწყო. სულ მალე მთელი სასწავლო პროცესი, ისეთ უმნიშვნელოვანეს დეტალებამდეც კი, როგორიცაა მხედრული სალმის მიცემა, სამწყობრო ნაბიჯი და სალაშქრო სიმღერები, რუსულის ალი-კვალი გახდა.

თუმცა სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ საქართველო, ამ თვალსაზრისით, გამონაკლისი არ გახლდათ და იმხანად ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, მაგალითად, უკრაინა და უზბეკეთი აშენებდა რუსული მოდელით საკუთარ სამხედრო სკოლებს და საკმაოდ წარმატებითაც. მაგრამ საქართველოს ხელისუფლების მთავარი შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ არათანამიმდევრულია და ამის გამო ბოლომდე არც ერთი წამოწყების მიყვანა არ ძალუძს.

იმის ნაცვლად, რომ საბიუჯეტო თანხები ერთადერთ სამხედრო აკადემიაში სასწავლო პროცესის გაძლიერებისკენ მიემართა, სამხედრო უწყების ხელმძღვანელობა უპერსპექტივო გზას დაადგა - დაიწყო ქართველი ოფიცრების მასიური გაგზავნა რუსეთის ძვირად ღირებულ სამხედრო სასწავლებლებში, რის გამოც რუსეთის მიმართ არსებულ საქართველოს დავალიანებას სულ მალე ქართველი ოფიცრების სწავლის ქირის საფასური - 6 მილიონი დოლარიც დაემატა.

ამასობაში საქართველოს ხელისუფლებამ ორიენტაცია დასავლეთზე აიღო და პრორუსულად განწყობილი ვარდიკო ნადიბაიძე შეიცვალა ამერიკიდან დაბრუნებული დავით თევზაძით, რომელიც იძულებული გახდა, რუსეთში გაგზავნილი ოფიცრები, სწავლის დაუმთავრებლად, უკან დაებრუნებინა და კადრების მომზადების პრობლემის მოგვარება სულ სხვა გზით ეფიქრა.

ბუნებრივია, დავით თევზაძე წინამორბედის სრული ანტიპოდი აღმოჩნდა. თუ ნადიბაიძის დროს აქცენტი რუსულ სამხედრო სასწავლებლებზე კეთდებოდა, თევზაძემ საერთოდ შეწყვიტა რუსეთთან სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობა და ქართველ ოფიცრებს დასავლეთისკენ მასიურად გაუხსნა გზა. მაგრამ კადრების მომზადების პრობლემა ამით მაინც ვერ გადაწყდა. ამის მიზეზებიც საყოველთაოდ ცნობილია: დასავლეთის პრესტიჟულ სასწავლებელში განათლებამიღებულთა უმრავლესობა ან უარს აცხადებდა სამსახურის გაგრძელებაზე საბრძოლო ნაწილებში, სადაც ყველაზე დიდი მოთხოვნილებაა სამეთაურო კადრებზე, ანდა,საერთოდ, სხვა უწყების სასარგებლოდ აკეთებდა არჩევანს.

ვითარების გამოსწორებას სამხედრო უწყება აკადემიაში ახალი ექსპერიმენტით შეეცადა: 2000 წელს, დავით თევზაძის ბრძანებით, გაუქმდა აბიტურიენტთა მიღება ოთხწლიანი სწავლების კურსებზე და სამხედრო აკადემიაში კონკურსი ერთწლიანი სწავლების პროგრამაზე გამოცხადდა. პროგრამა დიდ ბრიტანეთში აპრობირებული მეთოდოლოგიის ანალოგიით იყო შექმნილი და მას ბრიტანეთის სამეფო კოლეჯის კურსდამთავრებული, კაპიტანი ლაშა გრიგოლია ჩაუდგა სათავეში. მაგრამ, როგორც ჩანს, ქართული მხარე მალე განიხიბლა არჩევანით, რადგან ინგლისურ მოდელზე გადასვლას ფინანსურად მხარი არ დაუჭირა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ.

ამიტომ რამდენიმე თვის წინ საქართველოს სამხედრო განათლების სფეროში, ახალი პარტნიორი გამოუჩნდა, თურქეთის სახით, რომელიც ვალდებულებას კისრულობს, დაახლოებით, ათი მილიონი დოლარის ფარგლებში დააფინასოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის ნატოს საგანმანათლებლო სისტემაზე გადასვლის პროცესი.

მაგრამ თურქეთის სამხედრო ხელმძღვანელობა გადაჭრით აყენებს საკითხს, რომ ქართველი ოფიცრების გაწვრთნა და სწავლება ხდებოდეს თურქეთის სამხედრო აკადემიაში აპრობირებული ხუთწლიანი პროგრამის შესაბამისად.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ქართველი ოფიცრისთვის ფსიქოლოგიურად ძნელი შესაგუებელია რუსული სამხედრო წესებიდან თურქულზე გადასვლა, საქართველოს ხელმძღვანელობა თურქული მხარის პირობებს დასთანხმდა და თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში აბიტურიენტების პირველი მიღებაც გამოაცხადა.

საკონკურსო კომისიიის განცხადების თანახმად, მისაღებ გამოცდებზე დაიშვებიან 17-დამ 21 წლის ასაკის საშუალო განათლების მქონე წვევამდელები, რომელთა პროფესიული შერჩევა ადგილობრივ კომისარიატებში მოხდება, ხოლო მისაღები გამოცდების შემდეგ, რაც ტრადიციულად ქართული ენის ცოდნის, ფიზიკური მომზადებისა და ზოგადი განათლების დონის დასადგენად ჩატარდება, კურსანტები ხუთი წელი ისწავლიან წინასწარ შერჩეული სამხედრო სპეციალობის დასაუფლებლად. თუ არ ჩავთვლით მეხუთე კურსზე სწავლას სპეციალიზაციის განხრით, განცხადებაში კონკრეტულად არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რაში მდგომარეობს "ჩრდილო-ატლანტიკური სამხედრო პოლიტიკური ბლოკის სტანდარტების მიხედვით" სწავლება. ასევე არაფერია ნათქვამი თურქეთის როლზე მთელ ამ პროცესში. შეიძლება იმიტომ, რომ ეს ყველაფერი, უბრალოდ, ახალი ხილია და კიდევ იმის გამო, რომ ჯერ ბევრ ოპტიმისტ ოფიცერსაც არ სჯერა, რომ ასეთი იდეის განხორციელება საქართველოში მართლა შესაძლებელია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG