Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო და რუსეთი პარტნიორები ხდებიან


დაარსებიდან ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ ჩრდილოატლანტიკურმა კავშირმა თავის ოფიციალურ პარტნიორად გამოაცხადა რუსეთი

– ქვეყანა, რომლის წინააღმდეგ სამოქმედოდ თავის დროზე თვითონ შეიქმნა. სამშაბათს, რეიკიავიკის გამართულ შეხვედრაზე, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაამტკიცეს შეთანხმება, რომელიც გზას უხსნის ნატოსა და რუსეთის ერთობლივი საბჭოს ჩამოყალიბებას.

ოფიციალურად შეთანხმება მაისის მიწურულს, ნატოს რომის სამიტზე უნდა გაფორმდეს. დოკუმენტის ამოქმედების შემდეგ რუსეთი, ფაქტობრივად, პირველად გახდება ნატოს წევრთა თანასწორუფლებიანი პარტნიორი არაერთი საკითხის განხილვისას – ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობით დაწყებული და სამოქალაქო თავდაცვით დამთავრებული.

მაგრამ ნატოს წევრები მომავალშიც შეინარჩუნებენ სრულ კონტროლს როგორც ალიანსის შემადგენლობის საკითხებზე, ისე უმნიშვნელოვანეს სამხედრო გადაწყვეტილებებზე, როგორიც არის, მაგალითად, ნატოს ჯარების გამოყენება მისი ამა თუ იმ წევრის დასაცავად. გარდა ამისა, ალიანსი უფლებას იტოვებს, ნატო-რუსეთის საბჭოს ამა თუ იმ საკითხის განხილვა საერთოდ აუკრძალოს.

აქედან გამომდინარე, აშკარა ხდება, რომ ახალი შეთანხმება რუსეთისთვის ნატოში გაწევრიანების ტოლფასად ვერ ჩაითვლება. და მაინც, მოსკოვს პირველად მიეცემა საშუალება, ნატოს წევრ სახელმწიფოთა კომპანიაში თავისი პოზიცია გამოხატოს არა როგორც დაპირისპირებულმა მხარემ, არამედ, როგორც პარტნიორმა.

ალბათ, სწორედ ამიტომ იყო, რომ 14 მაისის შეთანხმებას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ “ცივი ომის დასაფლავება” უწოდა. ხოლო ნატოს გენერალურმა მდივანმა ჯორჯ რობერტსონმა პრესკონფერენციაზე განმარტა:

[ჯორჯ რობერტსონის ხმა] “ჩვენ მალე დავასრულებთ მუშაობას შეთანხმებაზე ნატოსა და რუსეთს შორის, რათა ორ კვირაში, რომში, შევქმნათ ახალი საბჭო, რომელშიც ნატოს წევრი ქვეყნები და რუსეთი 20 თანასწორ სუბიექტად შევლენ და იმსჯელებენ და გადაწყვეტილებებს მიიღებენ იმ საკითხებზე, რომლებიც საერთო ინტერესის საგანს წარმოადგენს.”

რობერტსონმა შეთანხმება “ისტორიულ მოვლენად” შეაფასა:

[ჯორჯ რობერტსონის ხმა] “ეს ინიციატივა ისტორიულია, მეტიც: იგი რევოლუციურია. თანამშრომლობა ნატოს წევრ 19 ქვეყანასა და რუსეთს შორის სიმბოლურად გვიჩვენებს, რამდენად წინ წავიწიეთ წარსულის უთანხმოებების გადალახვის გზაზე.”

ცხადია, გულუბრყვილობა იქნებოდა იმის დაჯერება, რომ წარსულის ყველა უთანხმოება მართლაც გადალახულია. მაგალითად, რუსეთი კვლავინდებურად ჯიუტად ეწინააღმდეგება ნატოში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების შესვლას. რასაც რეიკიავიკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იგორ ივანოვის ეს განცხადებაც ადასტურებს:

[იგორ ივანოვის ხმა]
“ჩვენი აზრით, ნატოს მექანიკური გაფართოება არ უპასუხებს არც თვით ნატოს უსაფრთხოების ინტერესებს, და არც იმ ქვეყნებისა, რომლებიც მასში გაწევრიანებას მოისურვებენ. ჩვენ ახლებურად, თანამედროვე რეალიების შესაბამისად უნდა ვიაზროვნოთ და ერთად ვეძებოთ პასუხები იმ გამოწვევებსა და საფრთხეებზე, მსოფლიოს წინაშე რომ დგას.”

მსმენელისა არ ვიცი და ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რას გულისხმობს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი “მექანიკურ გაფართოებაში”.
XS
SM
MD
LG