Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამგორის რაიონში დანიშნული მაჟორიტარული არჩევნების ზოგიერთი დეტალი


2 ივნისი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღე, ორმაგად დატვირთული იქნება თბილისის სამგორის რაიონში, სადაც, თვითმმართველობასთან ერთად,

ამომრჩეველმა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატიც უნდა აირჩიოს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრაციაში გატარებული 7 კანდიდატიდან ერთ-ერთი, საქართველოს პენსიონერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო თედორაძე, აცხადებს, რომ არჩევნებში მას ერთდროულად უპირისპირდებიან როგორც კონკურენტი კანდიდატები, ისე სამგორის რაიონის გამგეობა და პოლიცია.

სამგორის რაიონის მაჟორიტარული არჩევნების დეპუტატობის კანდიდატთაგან ამომრჩევლისათვის, ალბათ, ყველაზე ნაცნობი გვარი მიხეილ მაჭავარიანია. რაც შეეხება ნინო თედორაძეს, მისი პოპულარობა რაიონში დიდად იქნება დამოკიდებული ჰუმანიტარული ტვირთების განაწილების პროცესთან, რომელიც, რაღა თქმა უნდა, საარჩევნო კამპანიის ძალზე მომგებიან ნაწილად უნდა მივიჩნიოთ, მიუხედავად იმისა, რომ თავად ქალბატონი კანდიდატი, თავის რწმუნებულ ტყუპისცალ დასთან ერთად აცხადებს, რომ წინასაარჩევნო კამპანია ჯერ არ დაუწყია. სამაგიეროდ, საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო ზემოთ ხსენებულმა მიხეილ მაჭავარიანმა, რომელმაც, როგორც ნინო თედორაძე ირწმუნება, ამომრჩევლების შესაკრებად კონკურენტი ქალბატონის ავტორიტეტით ისარგებლა ანუ
[ქეთევან თედორაძის ხმა]“ჩვენს ოფისზე აგვიკრეს, რომ ნინო თედორაძეს მოსახლეობასთან აქვს შეხვედრა,რომ მისულიყვნენ მოსახლეობა. ასეთ რაღაცეებს აკეთებდნენ: შემოვარდნენ ოფისში, გაწევრიანების პერიოდში კანდიდატების სურათები დაიტაცეს, დახიეს და ბუნკერთან დამცინავად დაყარეს.”[სტილი დაცულია]
აქ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნინო თედორაძის რწმუნებული, მისი ტყუპისცალი და ქეთევან თედორაძე, გულისხმობს სამგორის რაიონის პენსიონერთა გაწევრიანებას პენსიონერთა სოციალური დახმარების პროგრამაში, რომელსაც, მისი თქმით, მსოფლიო ჰუმანიტარული ფონდი აფინანსებს და რომლის ფარგლებში პენსიონერები, ძირითადად, მედიკამენტებსა და ტანსაცმელს მიიღებენ. სხვათა შორის, როგორც გაირკვა, პროგრამაში მონაწილეობაზე რეგისტრაციისათვის პენსიონერებს ფოტოსურათებსა და თითო ლარს სთხოვენ, რაც, უკვე გახდა არასასიამოვნო მითქმა-მოთქმის საბაბი, მიუხედავად იმისა, რომ ნინო თედორაძეს კონტრარგუმენტი, რასაკვირველია, აქვს.
მიმდინარე წლის 9 აპრილს ამ ჰუმანიტარული ტვირთის ნაწილი, დეპუტატობის კანდიდატი ქალბატონის განცხადებით, პოლიციის პენსიონერთა და ინვალიდთა კავშირმა “აბჯარმა” მიიტაცა, რაზეც თბილისის ისანი-სამგორის სასამართლოში საქართველოს პენსიონერთა ასოციაციამ სარჩელი აღძრა. ამავე ორგანიზაციის სახელით, პროკურატურაში საქმე, კორუფციის ბრალდებით, მიხეილ მაჭავარიანის წინააღმდეგაც აღიძრა.
თბილისის სამგორის რაიონის მაჟორიტარობის მაძიებელი ნინო თედორაძე წინასაარჩევნო კამპანიაში მის წინააღმდეგ აკრძალული მეთოდებით მებრძოლთაგან ასახელებს კიდევ ერთ კანდიდატს - ყოფილ დეპუტატს, თამაზ აქუბარდიას, რომლის ძმა დათო აქუბარდია, ტელეკომპანია “კავკასიის” წარმომადგენლებთან ერთად, 6 მაისს შევიდა, ანუ შეიჭრა, ასოციაციის ოფისში. ნინო თედორაძის თქმით, თამაზ აქუბარდიასთან ერთად იმყოფებოდნენ დანარჩენი კანდიდატებიც - ანუ სამგორის რაიონში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისათვის მებრძოლი შვიდი კანდიდატიდან ექვსი ერთს, თანაც ქალბატონს, გაერთიანებული ძალებით ებრძვის. ძნელი დასაჯერებელია, რომ დეპუტატობის კანდიდატი ნინო თედორაძე გადაჭარბებით არ აფასებდეს თავის შესაძლებლობებს.
XS
SM
MD
LG