Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

''ნაციონალური მოძრაობის'' ყველაზე რთული წინასაარჩევნო გამოცდა


16 მაისს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ამომრჩევლებთან შესახვედრად რუსთავს ესტუმრნენ, სადაც მათ ყველაზე რთული წინასაარჩევნო ბრძოლა ელოდებათ.

რუსთავში "ნაციონალურ მოძრაობის" მთავარი ოპონენტი ქვემო ქართლში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული ლევან მამალაძეა, რომელმაც საჯარო გამოსვლებში მიხეილ სააკაშვილს კრიმინალი და ფსიქიკურად შეშლილი ადამიანი უწოდა. ინტრიგას აძლიერებს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ოთხშაბათს წამოყენებული სენსაციური დევიზი - "რუსთავი - მამალაძის გარეშე", რითაც სააკაშვილის თანამებრძოლები რუსთავის საკრებულოს არჩევნების მოსაგებად იბრძოლებენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გამარჯვების მიღწევას"ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული ფრონტის" წევრები აგრესიული წინასაარჩევნო კამპანიით აპირებენ და ამ ბრძოლაში მათ, ამომრჩევლების გარდა, თავად ხელისუფლების შეცდომების იმედიც აქვთ. სამეგრელოსა და გურიაში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს "ნაციონალური მოძრაობის" წევრების წინააღმდეგ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებამ სააკაშვილის მომხრეთა რეიტინგზე საკმაოდ კარგად იმუშავა. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ხელისუფლებამ ტაქტიკა შეცვალა. ყოველ შემთხვევაში, ორი დღის წინ იმერეთის მხარეში "ნაციონალური მოძრაობის" წევრების წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაციამ ექსცესების გარეშე, მშვიდ ვითარებაში ჩაირა.

თუმცა თავად მიხეილ სააკაშვილის მომხრეები ამ სიმშვიდეს იმერულ ტრადიციულ თავაზიანობას მიაწერენ და მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება მათ წინააღმდეგ ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. პროვოკაციის მოლოდინში ჩავიდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამომრჩევლებთან შესახვედრად 16 მაისს რუსთავში, სადაც მათ გუბერნატორ ლევან მამალაძის ბევრი მომხრე ელოდა. ვითარება განსაკუთრებით გაამწვავა მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა დევიზმა "რუსთავი - მამალაძის გარეშე", რითაც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები რუსთავის საკრებულოში უმრავლესობის მოპოვებას გეგმავენ.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "მე საერთოდ არ მესმის რა ხდება. ჩვენ ვატარებდით შეხვედრას. ჩვენმა ადგილობრივმა ორგანიზაციამ წამოაყენა გუბერნატორის ინსტიტუტის გაუქმების საკითხი და იქ ისინი აწყობენ ექსცესებს პირდაპირ მთავრობის დაკვეთით."

რუსთავის კინოთეატრის ირგვლივ, წესრიგის დაცვის მიზნით, მართლაც, დილიდანვე იყვნენ მობილიზებულნი ადგილობრივი პოლიციის გაძლიერებული რაზმები. საბედნიეროდ, "საშიშ სიახლოვეში" ერთმანეთის პირისპირ დარჩენილი სააკაშვილისა და მამალაძის მომხრეები მხოლოდ მცირე შეხლა-შემოხლით შემოიფარგლნენ. შეიძლება იმიტომ, რომ მთავარი გამაღიზიანებელი, მიხეილ საკაშვილი, მთელი დღის განმავლობაში რუსთავში არ გამოჩენილა. "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული ფრონტის" ლიდერი აზერბაიჯანული ეროვნების ამომრჩევლებს თბილისის ერთ-ერთ უბანში აზერბაიჯანულად მიმართავდა და მათი უფლებების დაცვას ჰპირდებოდა.
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] (ისმის სააკაშვილის მეტყველება აზერბაიჯანულ ენაზე) "მე გპირდებით, რომ ყოველთვის ვიქნები თქვენი დამცველი და ეს უნდა იცოდეთ."

აღსანიშნავია, რომ ზემო ვეძისში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა მიხეილ სააკაშვილს მხარი ორჯერ დაუჭირეს საპარლამენტო არჩევნებში და, როგორც მოლა ალი ალიევმა ჩვენთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, მათი სიმპათიები არც ამჯერად შეცვლილა.
[ალი ალიევის ხმა] "ძალიან მარგი კაცია, მაგას ხმას იმიტომ ვაძლევთ, რომ ჩვენსკენაა, ხალხისკენაა. წმინდა კაცია, სუფთა კაცია. იმიტომ ჩვენ მას ვუყვარვართ, იმიტომ მაგას ხმას ვაძლევთ და მივცემთ კიდევაც."(სტილი დაცულია)

ასეთი მხარდაჭერით ფრთაშესხმული "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ თბილისში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს გზის შეკეთებასა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას შეჰპირდნენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG