Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ენერგეტიკა კვლავ წარმოადგენს ქვეყნის სტაბილურობის ერთერთ მთავარ საფრთხეს


მოახლოებული ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების წინ გამძაფრებულ პოლიტიკურ დაპირისპირებას თან სდევს ენერგეტიკული პრობლემების მომრავლება.

მათი სიმწვავე კლიმატური პირობების წყალობით ნაკლებად საგრძნობია, თუმცა ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტიურობის ხარისხზე და პოლიტიკურ სიმპატიებზე სერიოზულ გავლენას მაინც ახდენს. უკვე მერამდენედ თუ რა მიზეზების გამო იქმნება ენერგეტიკული კრიზისი ამ კითხვაზე პასუხის გაცემას კახა მჭედლიძე თავის რეპორტაჟში შეეცდება.

თბილისისათვის ბუნებრივი აირის მოწოდების შეწყვეტა თან დაერთო განსაკუთრებით გამწვავებულ შიდაპოლიტიკურ ბრძოლას. შესაბამისად პოლიტიკოსთა და საზოგადოების ნაწილს გაუჩნდა ეჭვი, რომ ეს რუსეთიდან საქართველოს შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე გავლენის მოხდენის მორიგი მცდელობაა. საქართველოში რუსეთიდან გაზის ექსკლუზიური იმპორტიორი კომპანია „იტერა" ქართველ პოლიტიკოსებს არაერთხელ დაუდანაშაულებიათ იმაში, რომ მოსკოვი მას თბილისზე ზეწოლის ბერკეტად იყენებს. თუმცა ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს. ქართველი პოლიტიკოსები თუ ჩინოვნიკები თავად იყენებენ იტერას საკუთრი ეკონომიკური თუ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, თან ისე ოსტატურად, რომ ეს ყველაფერი იტერასგან დამოუკიდებლად ხდება.

თუ ამჟამად არსებულ ვითარებას განვიხილავთ, ნათელია, რომ გაზის შეწყვეტა კომერციული მოსაზრებების გამო მოხდა. თბილგაზი თვეების მანძილზე ვერ ფარავს იტერასაგან მიღებული ბუნებრივი აირის საფასურს. ამჟამად მას მარტის თვის თანხა 3 მილიონ 749 ათასი ლარიც კი არ აქვს სრულყოფილად გადახდილი. მის გასტუმრებას 580 ათასი აკლდა, დანარჩენის მობილიზება წინა თვეებში საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე მოხდა. 2002 წლის მანძილზე „თბილგაზის" ბუნებრივი აირის საფასურის თითქმის 90 პროცენტს საქართველოს ბიუჯეტი აფინანსებდა და ეს რომ უსასრულოდ არ გაგრძელდებოდა ყველამ კარგად იცოდა, თუმცა თბილგაზში არაფერი შეცვლილა მოხმარებული გაზის თანხების ამოღების მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად. მოსახლეობის დიდი ნაწილი ბუნებრივი აირის საფას იხდის, მაგრამ ეს თანხა სად მიდის ჯერ არავის გაურკვევია.

თბილისის საკრებულოს წევრის ჯონდი ბაღათურიას განცხადებით თბილგაზს ხელოვნურად აკოტრებენ.

[ბაღათურიას ხმა] „ეს თანხები ხელოვნურად არ იქნა გადახდილი თბილისის ხელმძღვანელობის მიერ რათა ასეთ მდგომარებაში ჩავარდნილიყავით და გუშინ და გუშინწინ ბევრმა ჩინოვნიკმა დაიწყო თბილგაზის პრივატიზების აუცილებლობაზე საუბარი."

ვალებით დამძიმებული თბილგაზის პრივატიზება კი სულაც, უფასოდაცაა შესაძლებელი, თან ტარიფის გაზრდის გარანტიით. ჯერჯერობით კი თბილგაზი დედაქალაქის მერიის საკუთრებაა და ვალების დაფარვაზეც სწორედ მერიას უნდა ეზრუნა. ამ დღეებში იტერას ვალის გასასტუმრებლად დედაქალაქის გაზგამანაწილებელმა კომპანიამ მერიის გარანტიით 1 მილიონ 600 ათასი ლარის საბანკო კრედიტის აღება მოახერხა და ნაკლებად სავარაუდოა 20 მაისამდე იგი „იტერას" საბანკო ანგარიშებზე მოხვდეს. ამ თანხის მოსკოვამდე ჩაღწევის შემდეგაც კი ძნელი სათქმელია, რომ თბილისს გაზის მიწოდება აღუდგება, რადგან თბილგაზსს კიდევ რჩება დაუფარავი აპრილის თვის დავალაიანება 3 მილიონ 200 ათასი ლარი. აი მისი გასტუმრება კი როგორ მოხდება არავინ იცის. ბოლოდროინდელი პოლიტიკური და სამთავრობო ცვლილებების პირობებში არავის ეცალა ბიუჯეტის შემოსავლებზე საზრუნავად, შედეგად პირველი 4 თვის ბიუჯეტი მხოლოდ 60 პროცენტით შესრულდა და მას ნამდვილად არ აქვს ბუნებრივი აირის სუბსიდირების კიდევ გაგრძელების საშუალება.

გაზის შეწყვეტასთან ერთად იზრდება ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელი, ბუნებრივი რესურსების წყალობით ამ სფეროში კრიზისი ჯერ არ შეიმჩნევა, თუმცა თბილისში ელექტროგამანაწილებელი კომპანიის „ეი-ი-ეს თელასისა" და მომხმარებელთა სამართლებრივი ურთიერთობა სერიოზულ პოლიტიკურ და სოციალურ პრობლემებს ქმნის.

კერძოდ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის მოთხოვნით „ეი-ი-ეს თელასი" კიდევ ერთხელ ცდილობს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლას და საქართველოდან წასვლით იმუქრება. პარალელურად მოსახლეობიდან იმ ვალების ამოღებას ახორციელებს, რომლებიც სპეციალური კანონით გაყინულად ითვლება, ასევე მარეგულირებელი კომისიის ვალდებულებასაც არ ასრულებს, რომელიც თელასის მხრიდან მომხმარებლებთან ხელშეკრულების გაფორმებასა და 24 საათიანი ელექტრომომარაგების გარანტიის გაცემას ითვალისწინებს. ჯონდი ბაღათურიმ, რომელიც აღორძინების კავშირს წარმოადგენს, 17 მაისს „ეი-ი-ეს" თელასთან პირველ გამარჯვებას მიაღწია და 6000 თბილისელთან ერთად სასამართლო პროცესი მოიგო.

[ბაღათურიას ხმა] „ჩვენ საკმაოდ მძლავრი საპროტესტო აქციების ზეწოლით მოვახდინეთ და არ მივეცით საშუალება ხელისუფლებას და AES თელასს მოემატებია ფასები ელექტროენერგიაზე. ეს პირდაპირ კავშირშია წასვლის შესახებ განცხადებებთან. ტარიფის ყველა ზრდის წინ იწყება პოლიტიკური საცირკო სანახაობის მოწყობა და საცირკო სანახაობები რომ თელასი წავა საქართველოდან."

ეს მოვლენები ცხადყოფს, რომ ენერგეტიკა ჩინოვნიკების კორუფციული და პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილების ასპარეზს წარმოადგენს და იქ შექმნილი ვითარების გამწვავება სულაც არ საჭიროებს რუსეთის ან ნებისმიერი დაინტერესებული ძალის სერიოზულ ჩარევას. ზურგში არსებული ასეთი ვითარება საგარეო პოლიტიკური შემოტევის მოგერიებას კიდევ შეუძლებელს ხდის.
XS
SM
MD
LG