Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ურჩევს პენტაგონი შევარდნაძეს, შექმნას კრიზისის მართვის სისტემა?


ამერიკული დახმარების მრავალსაფეხურიანი პროგრამა,

სახელწოდებით "წვრთნა და აღჭურვა", ამოუწურავი თემა აღმოჩნდა ქართველი ჟურნალისტებისა და ექსპერტებისათვის. დროთა განმავლობაში ცნობილი ხდება, რომ, ამერიკული მთავრობისგან უპრეცედენტო სამხედრო დახმარების სანაცვლოდ, საქართველოს ხელისუფლებამ საკმაოდ სერიოზული ვალდებულებები იტვირთა. გასულ კვირას საქართველოში მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის თანაშემწემ, პოლკოვნიკმა ოთარ შალიკაშვილმა განაცხადა, რომ, პენტაგონის რჩევით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააძლიეროს სამხედრო ქონების კონტროლი და, აგრეთვე, შექმნას კრიზისების მართვის ცენტრი ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრუქტურაში.

დიდი ხნის მითქმა-მოთქმის შემდეგ გასულ კვირას საბოლოოდ დადგინდა საქართველოში ამერიკელი ინსტრუქტორების ძირითადი ჯგუფის ჩამოსვლის თარიღი და გაირკვა სწავლების ყველა არსებითი დეტალი, რის შესახებაც ქართული მხარე, უპირატესად, უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომებზე საუბრობდა.

ვინაიდან საგულდაგულოდ შედგენილი მრავალგანზომილებიანი სამხედრო დახმარების პროგრამა საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცებას ისახავს მიზნად, ამიტომ ამერიკელი ინსტრუქტორების ჩამოსვლა სწორედ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღესასწაულისთვის იგეგმება. ამერიკული მხარე სწავლების დასაწყებად ყველაფრით მზად არის: აქვს ფული, იარაღი, საკომუნიკაციო აპარატურა და ჰყავს მაღალკვალიფიციური სამხედრო სპეციალისტები, რომლებიც მრავალი ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფების გაწვრთნაში ღებულობდნენ მონაწილეობას აქტიური ანტიტერორისტული სწავლების მეთოდით.

თუმცა ამერიკელები არ მალავენ, რომ საქართველოში წვრთნის ჩატარება სპეციფიკურ სიძნელეებთან იქნება დაკავშირებული.
ამერიკის თავდაცვის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, პოლკოვნიკ ოთარ შალიკაშვილის აზრით, მთავარ სირთულეს საქართველოს არმიის სუსტი ორგანიზაცია და, ფაქტობრივად, ცარიელი ყაზარმები წარმოადგენს, რის თაობაზეც თბილისში ყოფნის დროს მან მრავალმნიშვნელოვანი განცხადებაც გააკეთა.

[ოთარ შალიკაშვილის ხმა] "რბილად რომ ვთქვათ, საქართველოს ჯარის მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა. მასპინძლები გვეუბნებიან, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 20-25 ათასი ჯარისკაცია. ჩვენ ამ განცხადებას ეჭვქვეშ არ ვაყენებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ხალხის ეს რაოდენობა ჩვენ ადგილზე ვერ აღმოვაჩინეთ ყველასთვის ცნობილი მიზეზების გამო".

შეფასების პროცესში უამრავი ხარვეზი აღმოჩნდა სამხედრო ნაწილებში, სამხედრო ქონების, საბრძოლო მასალებისა და იარაღის შენახვის, კონტროლისა და მართვის თვალსაზრისით. ამერიკული მხარე კი გადაჭრით მოითხოვს, რომ ის ცეცხლსასროლი იარაღი და აღჭურვილობა, რომლითაც სწავლების დასკვნით ეტაპზე ოთხი ბატალიონის პირადი შემადგენლობა დაკომპლექტდება, სათითაოდ აღირიცხოს, რათა არაფერი დაიკარგოს ან არ მოხდეს მათი უკანონოდ გასხვისება. "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის ფარგლებში, ქართველი საშტაბო ოფიცრები გარკვეულ გამოცდილებას, რა თქმა უნდა, ამ კუთხითაც მიიღებენ, მაგრამ ეფექტური კონტროლის სისტემის ჩამოყალიბება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და მასზე თავად საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს,ისევე როგორც თავად საქართველოს ხელისუფლების შინაგანი მოთხოვნილება უნდა იყოს სამხედრო ძალებზე დემოკრატიული- სამოქალაქო კონტროლის გაძლიერება და სამხედრო ძალების ცალკეულ სეგმენტებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება, რასაც არა იმდენად ტექნიკური საშუალებების უქონლობა აფერხებს, რამდენადაც ე.წ. ძალოვანი სამინისტროების ხელმძღვანელთა რეაქტიულობა და შეუთანხმებელი მოქმედება კრიზისულ ვითარებაში.

ის, რაც განვლილ კვირას მოხდა საქართველოში, - მხედველობაში გვაქვს დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარისა და თავდაცვის მინისტრის ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები კოდორის ხეობაზე აფხაზთა მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ, - საქართველოს უსაფრთხოების სისტემის სახიფათო შინაგანი კრიზისის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია.

[ოთარ შალიკაშვილის ხმა] "ჩვენი ძირითადი ყურადღება საქართველოს სამხედრო შესაძლებლობათა გაზრდაზეა გადატანილი. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ არსებობდეს კონტროლის მწყობრი სისტემა. ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს, შექმნას ისეთი სტრუქტურა, რასაც ამერიკაში "თეთრი სახლის" სტრუქტურას, ანუ კრიზისის მართვის ცენტრს ვეძახით და რაც თქვენთან შეიძლება შეიქმნას ეროვნული უშიშროების საბჭოს სისტემაში. ეს იქნება ერთგვარი მექანიზმი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ძალოვან სტრუქტურებს კოორდინირებულად იმოქმედონ კრიზისულ სიტუაციებში. რაც ჩვენ შევთავაზეთ საქართველოს და რაზედაც საქართველო დაგვეთანხმა, არის ის, რომ ჩამოყალიბდეს კონტროლისა და მართვის სტრუქტურა, რომელშიც წარმოდგენილი იქნება უსაფრთხოების სისტემის ყველა შემადგენელი სეგმენტი, რათა საჭიროების დროს მათ უკეთ მოახერხონ კოორდინირებებული მოქმედება."

აღსანიშნავია, რომ ამერიკა უბრალო რჩევებით არც ამ შემთხვევაში შემოიფარგლება. კოორდინაციის გასაძლიერებლად, ამერიკის თავდაცვის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თქმით, საქართველო დახმარების სახით მიიღებს კომპიუტერულ ტექნიკას, რადიო-კავშირის საშუალებებსა და სხვა აუცილებელ მოწყობილობას.

მაგრამ თუ ოპერატიული ურთიერთშეთანხმება , პირველ ყოვლისა, მართვის მაღალ ეშელონებში არ იქნა მიღწეული, ტერორისტული თუ სხვაგვარი საფრთხის გრძელვადიანი განეიტრალება, თუნდაც ყველზე კარგად გაწვრთნილი და აღჭურვილი რამდენიმე ქვედანაყოფის არსებობის შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG