Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვისა და ვაშინგტონის თანამშრმლობის ახალი ეპოქა


რუსეთში გრძელდება აშშ-რუსეთის სამიტი.

24 მაისი ნაყოფიერი დღე გამოდგა. ჩამოგითვლით იმ საკითხებს, რომელთაც ჯორჯ ბუშმა და ვლადიმირ პუტინმა შეთანხმება თუ განცხადება მიუძღვნეს. სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემცირების შესახებ ხელშეკრულების გარდა, პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის ახალი სტრატეგიული ურთიერთობის შესახებ დეკლარაციას. ასევე გაფორმდა ახალი ეკონომიკური ურთიერთობის, ახალი ენერგეტიკული დიალოგის, ადამიანებს შორის კავშირების, ანტიტერორიზმის სფეროში თანამშრომლობის და ახლო აღმოსავლეთის სიტუაციის შესახებ ერთობლივი განცხადებები.

ყველაზე სერიოზული და სამომავლო მნიშვნელობა ალბათ სტრატეგიული ბირთვული იარაღის პოტენციალის შემცირების თაობაზე ხელშეკრულებას უნდა მიენიჭოს. კონკრეტულად ეს ბირთვული ქობინების 6000-სიდან 1700-2200-მდე შემცირებას ნიშნავს. დოკუმენტების გაფორმების შემდგომ პრესკონფერენციაზე, პრეზიდეტებმა აღნიშნეს, რომ მათ შემცირებული იარაღის ბედის შესახებ სხვადასხვა წარმოდგენა აქვთ, პუტინი სრული ლიკვიდაციის, ბუში კი, მხოლოდ მათი შენახვის მომხრეა.

ახალი სტრატეგიული ურთიერთობა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის გულისხმობს მასობრივი განადგურების იარაღის სხვადასხვა სახეობის გაუვრცელებლობის შეთანხმების დაცვასა და განმტკიცებას. ორივე მხარე შეთანხმდა ასევე ანტისარაკეტო თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე.

რაც შეეხება ანტიტერორიზმის სფეროში თანამშრომლობას, ჯორჯ ბუში და პუტინი თანამოაზრენი არიან. ეს ამერიკის პრეზიდენტმა გამოხატა სიტყვებით, ვლადიმირ პუტინს ტერორიზმის მუქარა ესმის და ამიტომ ერთად ვიმუშავებთო. ამ კონტექსტში საქართველოც იქნა მოხსენიებული. პრეზიდენტებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტების ყოფნას ბოლო მოეღება. ორივე მხარე, ერთობლივი განცხადების თანახმად, მომავალშიც აპირებს საქართველოს მთავრობასთან მუშაობის გაგრძელებას ტერორიზთან ბრძოლის საკითხებში. პუტინი სიამოვნებით ისმენდა ბუშის სიტყვებს, რომ თქვენმა ქვეყანამ ისევე განიცადა ტერორიზმისგან ტანჯვა როგორც ჩვენმაო. პუტინი, ცხადია, ამაში ჩეჩნეთში რუსეთის არმიის ქმედების გამართლებას ხედავს.

ეკონომიკური თანამშრომლობაც ახლებურად იქნება წარმართული რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის. პარასკევს, მოსკოვში, რუსეთ-ამერიკის ერთობლივი “საქმიანი დიალოგის” სახელით ცნობილ გაერთიანების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა შედგა. პუტინმა შეხვედრაზე თქვა, რომ ეკონომიკური ურთიერთობა ორ ქვეყანას შორს პოლიტიკის მძევალი იყო და ახლაც ვგრძნობთ ამ ინერციასო. ბუშმა შეაქო პუტინის, როგორც ლიდერის უნარი, რაც რუსეთში მეწარმეობის გაფართოებაში გამოიხატება. ამერიკის პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი გააფართოებს თავის მონაწილეობას მსოფლიო ეკონომიკაში და შევა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში.

გაფართოვდება ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა. სულ მალე, გადაწყდა მოსკოვში, რუსეთიდან შეერთებულ შტატეში გაიზრდება ნავთობისა და სხვა პროდუქტის მიწოდება.

ბუშის და პუტინის შეხვედრის კიდევ ერთი ნაყოფია მათი ერთობლივი განცხადება ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის შესახებ. თეთრი სახლის და კრემლის მმართველები შეთანხმდნენ, რომ მშვიდობა თვითონ არ მოვა ისრაელსა და პალესტინელებს შორის. ამიტომ საჭიროა მოქმედება. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენს ხელშიაო, ნათქვამია განცხადებაში. აქედან გამომდინარე, შეერთებული შტატები და რუსეთი აპირებენ მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინონ კონფლიქტის ორ სახელმწიფოს ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკების გზით მოგვარების მხრივ.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG