Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

28 მაისს ოფიციალურად დაიწყებს მოქმედებას ნატო-რუსეთის ახალი საბჭო


სამშაბათს, 28 მაისს, რომის მახლობლად მდებარე სამხედრო-საჰაერო ბაზაზე ოფიციალურად გაფორმდება მოსკოვსა და ჩრდილოატლანტიკურ კავშირს შორის ამ ორიოდე კვირის წინათ მიღწეული შეთანხმება ერთობლივი საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ.



როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, დოკუმენტის ამოქმედების შემდეგ რუსეთი პირველად გახდება ნატოს წევრთა თანასწორუფლებიანი პარტნიორი არაერთი საკითხის განხილვისას – ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობით დაწყებული და სამოქალაქო თავდაცვით დამთავრებული.

თუმცა, ნატოს წევრები მომავალშიც შეინარჩუნებენ სრულ კონტროლს როგორც ალიანსის შემადგენლობის საკითხებზე, ისე უმნიშვნელოვანეს სამხედრო გადაწყვეტილებებზე.

ნატოს რომის სამიტზე, ალიანსის წევრი 19 ქვეყნის ლიდერებთან ერთად, მიწვეულია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც. ბუნებრივია, რომ იტალიის ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანოები უშიშროების განსაკუთრებულ ზომებს ხმარობენ. საკმარისია ითქვას, რომ იტალიის ყველა ავიაკომპანიამ სამშაბათისთვის, 10-დან 15 საათამდე მონაკვეთში, რომში მიმავალი ყველა რეისი გააუქმა, რათა თავიდან აიცილოს თვითმფრინავების გატაცების საშიშროება.

ნატო-რუსეთის ახალი შეთანხმება ჩრდილოატლანტიკური კავშირის გენერალურმა მდივანმა ჯორჯ რობერტსონმა “ისტორიულ მოვლენად” შეაფასა. მისი თქმით, თანამშრომლობა ნატოს წევრ 19 ქვეყანასა და რუსეთს შორის აშკარად გვიჩვენებს, წარსული უთანხმოებების გადალახვის გზაზე ბევრი რამ გაკეთდა.

ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ მოსკოვს პირველად ეძლევა საშუალება, ნატოს წევრ სახელმწიფოთა კომპანიაში თავისი პოზიცია გამოხატოს არა როგორც დაპირისპირებულმა მხარემ, არამედ, როგორც პარტნიორმა. შესაბამისად იცვლება ერთმანეთისადმი დამოკიდებულებაც. ნატო, რომელიც ამ ნახევარი საუკუნის წინათ ძირითადად სწორედ რუსეთის წინააღმდეგ სამოქმედოდ დაარსდა, დღეს ამ ქვეყანას თავის მტრად აღარ მიიჩნევს. და, როგორც ჩანს, რუსეთშიც სულ უფრო მცირდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ბოროტ ძალად ესახება.

რადიო “თავისუფლების” კორესპონდენტთან, ჯეფრი დონოვანთან საუბარში, ეს მოსაზრება გაიზიარა კალიფორნიის სტენფორდის უნივერსიტეტის თანამშრომელმა, რუსეთის ექსპერტმა მაიკლ მაკფოლმა: [მაიკლ მაკფოლის ხმა] “ნატოში ბულგარეთისა და რუმინეთის შესვლა რუსეთს, ჩემი აზრით, დიდად აღარ შეაშფოთებს. ვფიქრობ, ეს საკითხი თანდათან დაკარგავს აქტუალობას.”

აქვე საინტერესოა აღინიშნოს, რომ სამშაბათის სამიტი ნატოსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის პირველი ცდა არ გახლავთ. ჯერ კიდევ 1997 წელს შეიქმნა მუდმივმოქმედი ერთობლივი საბჭო, რომელიც ძირითადად ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლას ისახავდა მიზნად. მაგრამ როგორც საერთაშორისო მშვიდობის კარნეგის ფონდის ექსპერტი, ვაშინგტონელი პოლიტოლოგი ენდრიუ კუჩინსი ამბობს, ამ საბჭომ ეფექტიანად ვერ იმუშავა, რადგან რუსეთის მხარეს საამისოდ არაფერი უღონია. თავის მხრივ, ნატომაც არ ჩააბა რუსეთი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ეს საფრთხე, კუჩინსის აზრით, ახალი ერთობლივი საბჭოს წინაშეც დგას:

[ენდრიუ კუჩინსის ხმა] “თუ ამან სისტემატური ხასიათი მიიღო, მაშინ ახალი მექანიზმი მუდმივმოქმედ ერთობლივ საბჭოს დაემსგავსება. ეს, ჯერ ერთი, ძალიან სამწუხარო, და მეორეც, დაკარგული შანსი იქნება.”
XS
SM
MD
LG