Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ანტიტერორისტული სამხედრო დახმარების პროგრამა ოფიციალურად ამოქმედდა


27 მაისს საზეიმო ვითარებაში გახსნილად გამოცხადდა ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო პროგრამა, სახელწოდებით "წვრთნა და ეკიპირება", რითაც, ოფიციალური თბილისის განცხადებით,

საქართველოში პროფესიული არმიის ჩამოყალიბება და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება.
შეგახსენებთ, რომ ამ პროგრამის ფარგლებში, რომლის დასაფინანსებლად ამერიკის მთავრობამ 64 მილიონი დოლარი გამოყო, მომზადებას 2000-ზე მეტი ქართველი სამხედრო მოსამსახურე გაივლის.

სიმბოლურია, რომ ქართულ-ამერიკული ერთობლივი წვრთნის ოფიციალური პრეზენტაცია, ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თარიღებს დაემთხვა - 27 მაისს ამერიკელი ხალხი ხსოვნის დღეს აღნიშნავს, 26 მაისი კი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაულია. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ორშაბათს თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში ამ პროგრამის გახსნის ოფიციალური ცერემონია მომენტის შესაფერისი საზეიმო გამოსვლებით აღინიშნა.

ამასთან, ტრიბუნასთან მისული თითქმის ყველა ორატორი ხაზს უსვამდა წვრთნების მნიშვნელობას როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის, რომლისთვისაც 11 სექტემბრის შემდეგ გლობალური ტერორიზმი მთავარ საფრთხედ იქცა.

[რიჩარდ მაილსის ხმა] "ეს ერთობლივი პროგრამა საქართველოს ყველა მოქალაქის უსაფრთხოებისთვის არის განკუთვნილი, რათა ერთად ვიცხოვროთ და ერთად ვეცადოთ ბრძოლას გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ. იგი იძლევა საშუალებას და შესაძლებლობას იმისათვის, რომ შეიქმნას ჯარი, რომელიც პროფესიულ და მაღალ დონეზე მომზადებული იქნება."

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რიჩარდ მაილსის ეს პათოსი სრულიად გაიზიარა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავიტ თევზაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ ამ დღეზე ცივ სანგრებში მყოფი მისი თანამებრძოლები ათი წლის წინ ოცნებობდნენ.
[დავით თევზაძის ხმა] "ვინც იმ ბრძოლიდან ცოცხლები გამოვედით, ვალდებულნი ვიყავით ეს დღე მოგვეტანა ისე, როგორც მრავალ სხვა დღეს მოვიტანთ. და ამიტომა არის ეს მოსალოცი დღე."

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავდაცვისუნარიანობისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი სწავლების გახსნის ცერემონიას არ დასწრებია საქართველოს პრეზიდენტი. ედურად შევარდნაძე 27 მაისს არც ტრადიციულ ბრიფინგზე გამოჩენილა. შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის სახელით ერთობლივი წვრთნის მონაწილეებს მიესალმა სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე, რომელმაც კვლავ საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებაზე გაამახვილა ყურადღება.

[ავთანდილ ჯორბენაძის ხმა] "ამ შეხვედრამ ბევრად განსაზღვრა ჩვენი სამშობლოს მომავალი განვითარება. ახლა ქართველებზეა, საქართველოზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შევძლებთ დავაჩქაროთ განვითარების პროცესები ამ ქვეყანაში.

როგორც ცნობილია, პროგრამის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ რეალური სამართლებრივი და ფინანსური გარანტიები უნდა შეუქმნას იმ ორი ათასამდე სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც ერთობლივ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევიან. ფინანსურ საკითხებში თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გენერალ-მაიორ ნუგზარ ქევხიშვილის განცხადებით, საქართველოს სამხედრო უწყებამ ყველაფერი მისხალ-მისხალ დაიანგარიშა და ახლა სიტყვა მხოლოდ უმაღლეს ხელისუფლებაზეა.

[ნუგზარ ქევხიშვილის ხმა] "თავიდან ბოლომდე ყველა ხარჯს იღებს ამერიკის მხარე, მხოლოდ სახელფასო დანამატებს მისცემს ქართული მხარე - ბატალიონის მეთაურიდან დაწყებული რიგითამდე. შესაბამისად, ექვსასი ლარიდან სამას ლარამდე დანამატის სახით ამ ხელფასზე, ამ წლის განმავლობაში ფინანსთა სამინისტროსგან ვითხოვთ 4 მილიონ 200 ათას ლარამდე." [სტილი დაცულია] '

27 მაისს, საზეიმო ღონისძიების დამთავრების შემდეგ, სწავლებაში მონაწილე ქართველ სამხედროებს ამერიკელმა ინსტრუქტორებმა აკადემიის სააქტო დარბაზში წვრთნის პროგრამით გათვალისწინებული პირველი ლექცია- გაკვეთილი ჩაუტარეს. სამშაბათიდან კი ჯგუფებად დაყოფილი 70 ქართველი საშტაბო ოფიცერი ორთვიანი მომზადების სრული კურსის გავლას დაიწყებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG