Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობოები და ჟურნალისტები ხელისუფლებას ჯარისკაცთა უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ


მიმდინარე წელი საქართველოს სამხედრო ძალებისთვის ბევრი თვალსაზრისით იქნება გადამწყვეტი. "წვრთნისა და აღჭურვის" ამერიკულ-ქართული პროგრამის პარალელურად,

საქართველოს ხელისუფლებამ ძირფესვიანად უნდა შეცვალოს არმიის დაკომპლექტების წესი და, საზოგადოების ფართო მონაწილეობით, სათანადოდ უნდა უზრუნველყოს მოქალაქეების უფლებების დაცვა გაწვევისა და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის "კანონის უზენაესობის" ფარგლებში, ამ საკითხზე მსჯელობდნენ სამხედრო ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები 28 მაისს "თავისუფლების ინსტიტუტში" გამართულ სემინარზე, რომელზეც, სამწუხაროდ, არც ერთი პასუხისმგებელი სამხედრო პირი არ გამოცხადდა.

წვევამდელთა უფლებების დაცვაზე, მათი გაწვევისა და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში, ერთბაშად რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და სახალხო დამცველის ოფისი ზრუნავს. თუმცა მათ სახელზე მოსული უამრავი წერილი და საჩივარი ადასტურებს, რომ, სამხედრო ნაწილებში ჯარისკაცების უფლებების დაცვის თვალსაზრისით, მდგომარეობა კვლავაც საგანგაშო რჩება.

თელავში მცხოვრები ეკატერინე სოღროევას განცხადებით, თელავის კომისარიატის წარმომადგენელმა ავთო შაკიაშვილმა მისი შვილი ვანო სოღროევი, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა და უწყების გაგზავნის გარეშე, პირდაპირ სახლიდან წაიყვანა. დედის განცხადებით, იმ დროისთვის ვანო სოღროევი კუჭ-ნაწლავის დაავადებით იყო ავად. გარდა ამისა, ფიზიკური მონაცემებითაც (151 სანტიმეტრი სიმაღლე 43 კილოგრამი წონისას), წვევამდელი არ ექვემდებარებოდა სამხედრო სამსახურში გაწვევას. თუმცა, რაოდენ მოულოდნელიც არ უნდა იყოს, სამედიცინო კომისიამ სოღროევი ვარგისად ცნო და იგი სამხედრო სამსახურში იძულებით გაიწვიეს.

კიდევ უფრო დაუჯერებლად გამოიყურება საქმე მოქალაქე მამუკა ღარიბაშვილისა, რომელიც 1995 წლის მაისში სამხედრო სამსახურში მისი ძმის მალხაზ ღარიბაშვილის მაგივრად მოხვდა.

ვინაიდან მოქალაქეთა უფლებები ყველაზე ხშირად სამხედრო გაწვევის პერიოდში კომისარიატის მუშაკების მხრიდან ირღვევა, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს ანტიკორუფციულმა ბიურომ შეიმუშავა შესაბამისი რეკომენდაცია, რომელიც, ანტიკორუფციული საბჭოს სამხედრო ექსპერტის ანდრო გოცირიძის განცხადებით, 2003 წლის 1 იანვრამდე რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიების გატარებას და, მათ შორის, გაწვევის სისტემის საჯაროობას ითვალისწინებს.

[ანდრო გოცირიძის ხმა] "სამხედრო კომისარიატები, რომლებიც უკვე ადგილობრივი მართვის ორგანოების განმგებლობაში იქნებიან, ვალდებულნი ხდებიან, გამოაკრან სამხედრო ვალდებულთა სიები. ამ კონტექსტში გათვალისწინებული იქნება, ასევე, ადამიანის პირადი ინფორმაციის დაცვის აუცილებლობა, რათა არ მოხდეს ადამიანის უფლებათა დარღვევა, მათი პირადი ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით"

ირაკლი სესიაშვილი - ერთ-ერთი ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა "სამართალი და თავისუფლება" - მიიჩნევს, რომ გასაწვევ უბნებზე და, ასევე, სამხედრო სამსახურის გავლის პროცესში მომხდარი მსგავსი სამართალდარღვევები მოქალაქეებში სამხედრო უწყებისადმი ნდობას კიდევ უფრო ასუსტებს. ამიტომ ჯარისკაცთა და წვევამდელთა უფლებების დაცვით დაკავებული არასამთავრობო ორგანიზაციები ეძებენ თანამშრომლობის გზებს, რათა პრობლემის მოგვარება ცივილიზებული ფორმით - სამხედრო ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით -მოხდეს.

[ირაკლი სესიაშვილის ხმა] "ვინაიდან ჯარის პირველი დანიშნულება არის ქვეყნის დაცვა, მოქალაქეთა კეთილდღეობა და ა.შ., თუკი ჩვენ ერთად შევაჯერებთ და გადავწყვეტთ, რომ ასეა საჭირო, ანუ ამ მიმართულებით არის საჭირო მოქმედება, მაშინ ჩვენ მივიღებთ სრულყოფილ და ძლიერ ჯარს. თუკი მხოლოდ სამხედროები გადაწყვეტენ, რომ აქ საჭიროა დისციპლინა და არავითარი ადამიანის უფლებათა დაცვა არ უნდა არსებობდეს, ასე ჩვენ ჯარს ვერ ავაშენებთ."

თუმცა, როგორც ირკვევა, სამხედრო ხელმძღვანელები უფრო ხშირად ადამიანის უფლებათა დაცვის პრობლემების მიმართ სწორედ ვიწრო უწყებრივ მიდგომას ამჟღავნებენ და ამ საკითხებზე მესამე სექტორის წარმომადგენლებთან კონტაქტებს კვლავაც გაურბიან. ამის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი გახლდათ, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის ფარგლებში, 28 მაისს გამართული სემინარი, რომელსაც, მოუცლელეობის გამო, არც ერთი სამხედრო პირი არ დაესწრო.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG