Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ შეიძინა განსაკუთრებული მნიშვნელობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდი დიდი ხმაურით და აჟიოტაჟით მიმდინარეობს, განსაკუთრებით, თბილისში. ამ პოლიტიკური მოვლენის უჩვეულო და საგანგებო რეზონანსი,

პირველ რიგში, პოლიტიკოსების და, არანაკლებ, ჟურნალისტების დამსახურებაა. რიგითი ამომრჩეველი კი ხშირად სვამს ერთსა და იმავე შეკითხვას: განა მხოლოდ თბილისის საკრებულოს არ ვირჩევთ? რა საჭიროა ასეთი ხმაური?

მართლაც, რატომ შეიძინა განსაკუთრებული მნიშვნელობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა?

გაზეთ "ჯორჯიან თაიმსის" მთავარმა რედაქტორმა გიორგი იაკობაშვილმა მარტივი და საინტერესო პასუხი გასცა შეკითხვას, თუ რატომ მიენიჭა საგანგებო მნიშვნელობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. მისი პასუხი ასე ჟღერდა: იმიტომ, რომ ახლა სხვა არჩევნები არ ტარდება. მართლაც, ახლა სხვა არჩევნები არ ტარდება, არადა, წინა არჩევნებთან შედარებით, პოლიტიკური ვითარება ძირფესვიანად არის შეცვლილი.

როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აქამდე გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორს წარმოადგენდა ორი "ორთქლმავალი" პარტია: მოქალაქეთა კავშირი და აღორძინების კავშირი. უმრავლესობის პულტებს სწორედ ეს ორი პარტია ფლობდა - ხან ერთად, ხან კი ცალ-ცალკე: კერძოდ, პარლამენტში - მოქალაქეთა კავშირი, თბილისის საკრებულოში - აღორძინების კავშირი და მისი თანამოაზრე პარტიები. ასე რომ, მეტ-ნაკლები წარმატების მოსაპოვებლად, ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფი თუ პარტია იძულებით მკვიდრდებოდა ან შევარდნაძის, ან აბაშიძის ორბიტაზე, შემდეგ კი ეს ორი ორბიტა დაუნდობლად ეჯახებოდა ერთმანეთს.

განსხვავებული ვითარება იყო მხოლოდ 1992 წლის საპარლამენტო არჩევნებში. მაშინ სპეციალურად შეირჩა ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელმაც პარლამენტში თავი მოუყარა 26 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლობას. თამაშის ამგვარი წესი ედუარდ შევარდნაძეს იმისათვის დასჭირდა, რომ პირველი დემოკრატიული კანონმდებლობა და, განსაკუთრებით, ახალი კონსტიტუცია, ქვეყანას საყოველთაო კონსენსუსის პირობებში მიეღო.

იმის გამო, რომ 1992 წელს საარჩევნო კანონი თავად უზრუნველყოფდა პარტიების მოხვედრას პარლამენტში, წინასაარჩევნო კამპანიის ფუნქცია, მეტწილად, სწორედ კანონმა იტვირთა. მომდევნო წლებში კი ასეთი საგანგებო კამპანიის დრამატურგიას ორად ორი "ორთქლმავალი" პარტიის ურთიერთობა ქმნიდა. მოქალაქეთა კავშირი "შავ ძალას" უწოდებდა აღორძინების კავშირს და მოსახლეობას შთააგონებდა, რომ არჩევნებზე წასულიყო, როგორც დემოკრატიის გადასარჩენად გამართულ რეფერენდუმზე. აბაშიძის პარტია კი შევარდნაძის პარტიას ქვეყნის დანგრევაში ადანაშაულებდა და მოსახლეობას ხელისუფლების შეცვლისკენ მოუწოდებდა.

დანარჩენი პარტიების წინასაარჩევნო კამპანია მთლიანად ჩაიკარგა ორი დიდი პარტიის ჭიდილში. ის ფაქტი, რომ გოგი თოფაძემ, თავის თანამოაზრეებთან ერთად, შვიდპროცენტიანი ბარიერი გადალახა, ერთგვარ შემთხვევითობად, უფრო კი - პარტიის მთავარი ლოზუნგის წარმატებად უნდა მივიჩნიოთ. "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს!" - სწორედ ამ მოწოდებამ მიიზიდა ელექტორატი უმუშევრებით დახუნძლულ ქვეყანაში.

დღევანდელი პოლიტიკური ვითარების მთავარი დაღი და სიახლე ის არის, რომ დაიშალა მოქალაქეთა კავშირი და, ფაქტობრივად, დაიშალა საარჩევნო ბლოკი "საქართველოს აღორძინება". კარსმომდგარ არჩევნებში მონაწილეობს რამდენიმე ახალი და რამდენიმე ძველი ენერგიული პოლიტიკური პარტია, რომლებიც წარმატებას თუ წარუმატებლობას მხოლოდ საკუთარ რესურსს და უნარებს უკავშირებენ.

დღემდე არც ერთ არჩევნებში ქართული პოლიტიკური სპექტრი ამდენად ფართოდ და თანაბარი ძალის პარტიებით წარმოდგენილი არ ყოფილა. ეს საზოგადოებისთვის არა მხოლოდ სერიოზული პასუხისმგებლობაა, - ერთგვარი გამოცდაც არის. ამომრჩეველს საშუალება აქვს, თავისი ქალაქის კეთილდღეობა იმ პოლიტიკურ ჯგუფს ანდოს, რომელიც მის გემოვნებას ზედმიწევნით შეესაბამება. სპექტრი გაიშალა და არჩევანიც დაზუსტდა.

პოლიტიკური პარტიები ცდილობენ, ამ ახალ რეალობაში მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და ამომრჩეველს თავი სხვებზე მეტად დაამახსოვრონ. ამიტომ წინასაარჩევნო კამპანია საგანგებო და მრავალფეროვანი "ილეთებით" შეივსო: მოსახლეობასთან დადებული ხელშეკრულებებით, ძვირადღირებული ქველმოქმედებით, მოგებული სასამართლო პროცესებით და საკუთარი სისხლის გაღებითაც კი. პარტიები თავს არ ზოგავენ და უაღრესად ენერგიულ წინასაარჩევნო კამპანიას ატარებენ. შეიძლება ითქვას, რომ, პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში, საარჩევნო კამპანია გამძვინვარებული პლურალიზმის პირობებში მიმდინარეობს. ამიტომაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ არჩევნებს განსაკუთრებული აჟიოტაჟი ახლავს. კიდევ უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს არჩევნების შედეგები: ეს იქნება პირველი რეალური ტესტი, პირველი არჩევნები, რომელშიც საზოგადოების სამსჯავროზე მეტ-ნაკლებად თანაბარი კონკურენციის პირობებში წარდგება ათამდე პოლიტიკური პარტია.
XS
SM
MD
LG