Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აფასებენ კორესპონდენტები პრეზიდენტ ბუშის ერთკვირიან მოგზაურობას ევროპაში


ანდრო ეული, პრაღა ევროპაში ერთკვირიანი მოგზაურობის შემდეგ, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში სამშაბათს სამშობლოში დაბრუნდა.

როგორ შეფასებას აძლევენ თეთრ სახლში აკრედიტებული უცხოელი ჟურნალისტები ჯორჯ ბუშის ამ ერთკვირიან სტუმრობას ევროპაში?

ევროპის დედაქალაქებში სტუმრობისას პრეზიდენტი ბუში შეეცადა დაერწმუნებინა სკეპტიკოსი მოკავშირეები იმაში, რომ მის მიერ დაწყებული ომი ტერორიზმის წინააღმდეგ - გამართლებულია და თანადგომა ესაჭიროება, ხოლო ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკური კურსი, აგრეთვე მისი პოზიცია ვაჭრობისა და გარემოს დაცვის საკითხებში სულაც არაა იზოლაციონისტური.

მართალია, მის ჩასვლასთან დაკავშირებით ბერლინში 20,000-კაციანი საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა და მაინც, ჯორჯ ბუშის გამოსვლა გერმანიის პარლამენტში 23 მაისს ერთობ შთამბეჭდავი იყო.

მიმართა რა გერმანელ კანონმდებლებს, ბუშმა პარალელი გაავლო მოკავშირეთა ძალისხმევას -ნაცისტთა ოკუპაციისა და საბჭოთა კავშირისაგან დაეცვათ დასავლეთი ევროპა, და ამჟამად მიმდინარე ომს შორის, რომელიც საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგაა მიმართული: [ჯორჯ ბუშის ხმა] "იმათთვის, ვინც რაკეტებისა და გამანადგურებელი იარაღის შეძენას ესწრაფვის ევროპის რუქაცაა ცნობილი. უწინდელი მუქარების მსგავსად, დაუშვებელია დღევანდელი მუქარის უპასუხოდ დატოვება თუ უგულვებელყოფა. მოთმინებით, რუდუნებითა და მიზანმიმართულებით ჩვენ დავამარცხებთ თავისუფლების მტრებს".

ბუშის ამ გამოსვლას მთლიანობაში ქებით შეხვდა ტრადიციისამებრ თავშეკავებული გერმანიის პრესა. "ვფიქრობ ბუშის გამოსვლა გერმანიის პარლამენტში დამაჯერებელი, სათანადოდ დასაბუთებული და კარგად მოფიქრებული იყო"-განაცხადა "ბიბისის" ვაშინგტონელმა კორესპონდენტმა ნიკ ბრაიანტმა, რომელიც ჯორჯ ბუშს ახლდა თან ევროპაში მოგზაურობის დროს. თუმცა ბრაიანტს, ისევე, როგორც თეთრ სახლში აკრედიტებულ სხვა ევროპელ კორესპონდენტებს მიაჩნია, რომ ბუშის გამოსვლა ევროპის დანარჩენ დედაქალაქებში სულაც არ ყოფილა შთამბეჭდავი.

იმის შესახებ, თუ რა აზრისა არიან ევროპელები შეერთებული შტატების პრეზიდენტის შესახებ, ნიკ ბარიანტმა, ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში განაცხადა: [ნიკ ბრაიანტის ხმა] "მე მგონი, ევროპელების აზრით ბუში არაა საკმაოდ ჭკვიანი და თანაც უჭირს საკუთარი აზრის გამოთქმა. ვფიქრობ, ისინი მასში ხედავენ ადამიანს, რომელსაც თავისი ვიწრო შეხედულებები გააჩნია და ვერ აცნობიერებს ევროპელ მოკავშირეთა ინტერესებს".

გაზეთ "ფიგაროს" ვაშინგტონელმა კორესპონდენტმა ჟან-ჟაკ მეველმა, ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში თქვა, რომ საფრანგეთში გავრცელებული აზრის თანახმად, ჯორჯ ბუშს ნაკლებად აინტერესებს სხვა ხალხების კულტურა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტს მომხრეებიც ჰყავს ევროპაში. იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ, რომელიც თავის ბრიტანელ კოლეგასთან, ტონი ბლერთან ერთად ყველაზე პრო-ამერიკელ ლიდერად ითვლება ევროპაში, სამშაბათს რომში განაცხადა, რომ იტალია შეერთებულ შტატებს მიემხრობა ომში ერაყის წინააღმდეგ, თუ ოფიციალურად დადასტურდება იმ ფაქტი, რომ ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი მასობრივი განადგურების იარაღის შეძენას ესწრაფვის.
XS
SM
MD
LG