Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ადგილობრივი არჩევნების წინ


ადგილობრივ არჩევნებამდე დარჩენილ დღეებს პოლიტიკოსები ხალხთან ერთად ატარებენ. თბილისის მოსახლეობასთან მათი შეხვედრები კი ტრადიციული წინასაარჩევნო მოსმენებითა და დაპირებებით შემოიფარგლება.

დედაქალაქის საკრებულოსთვის მებრძოლები მოსახლეობას ბევრს ჰპირდებიან, მათ შორის, უმაღლეს ხელისუფლებაში მოსვლას და ამით ყველა პრობლემის ერთბაშად გადაჭრასაც. ადგილობრივი არჩევნებისთვის ბრძოლა ცხარე პოლიტიკური დებატების ფონზე მიმდინარეობს და უკვე ფინალს უახლოვდება.

საქართველოში გაცხარებული საარჩევნო სამზადისია. პოლიტიკოსები ამომრჩევლებს ხვდებიან და, შესაძლებელთან ერთად, შეუძლებელსაც ჰპირდებიან. არჩევნები, რომელიც რეალური თვითმმართველობის მომასწავებელი არაა, ხელისუფლებისთვის გადამწყვეტ ბრძოლას გაუტოლდა. ასე იყო 98 წლის ადგილობრივი არჩევნების წინაც, თუმცა 98 წელს არჩეული საკრებულოების მიერ გაკეთებული საქმე ცოტას თუ უნახავს. მოკლედ, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალები წარსულს ივიწყებენ და ძველ დაპირებებს აცოცხლებენ:იმედს იძლევიან, რომ საქმეს მომავალში მაინც შემოგვთავაზებენ.
ისინი 29 მაისსაც მოსახლეობასთან შეხვედრებით იყვნენ დაკავებულნი. ამ დღეს “ახალმა მემარჯვენეებმა” საკუთარი შესაძლებლობები მოსწავლე-ახალგაზრდობას გააცნეს და მათვე პოლიტიკური ოპონენტების ნაკლოვანებებზე ესაუბრნენ. ახალგაზრდობასთან შეხვედრებით იყო დაკავებული “აღორძინების” წარმომადგენელი გიორგი თარგამაძეც. ჩატარდა რამდენიმე წინასაარჩევნო პრესკონფერენცია. ჯონდი ბაღათურიამ კორუფციაში თბილისის მერი ამხილა. მწვანეთა პარტიის ლიდერმა კი მწვანეებისთვის სატელვიზიო-საეთერო დროის შეზღუდვა გააპროტესტა.

არჩევნების თემას შეეხნენ მთავრობის სხდომაზეც. პრეზიდენტმა არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ გაილაშქრა და თქვა, რომ საქართველოზე როგორც დემოკრატიულ ქვეყანაზე საუბარი შეუძლებელი იქნება, თუკი დადგება თვითმმართველობის არჩევნების გაყალბების პრობლემა.

ასეა, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ 2 ივნისის არჩევნები გაუყალბებლად ჩატარდება. საქართველო არის ქვეყანა, რომლის მთავრობასაც საარჩევნო პროცესში კანონიერი ქურდების ჩარევის საკითხზე მსჯელობა უწევს. თემურ შაშიაშვილის 29 მაისის განცხადებით, ქუთაისში საარჩევნო პროცესს სწორედ კანონიერი ქურდები აკონტროლებენ. როგორც ჩანს, საქართველოში ყველაფერი ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა წინ არჩევნებია. ამიტომ გასაკვირად არც “ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის” ლიდერის ირაკლი წერთლის განცხადება გამოიყურება. მისი მტკიცებით, თბილისში 18752 პირს აქვს დარიგებული 10 – დან 20 –მდე სხვადასხვა გვარზე დაწერილი ყალბი პირადობის მოწმობა.

რეალურია თუ არა ეს ინფორმაცია, ფაქტია, რომ ახლო წარსულში ჩატარებულ არჩევნებზე ყალბი პირადობის მოწმობები საკმაოდ ეფექტიანად გამოიყენებოდა - განსაკუთრებით, მოქალაქეთა რეგისტრაციის მოწმობები, რომლებსაც დამცავი მექანიზმები არ გააჩნია. და კიდევ:
98 წლის ადგილობრივი არჩევნებისგან განსხვავებით, 2 ივნისის არჩევნებში მონაწილეობას დევნილებიც იღებენ. ამდენად, ახლა უკვე ლტოლვილთა მოწმობების მეშვეობით არჩევნების გაყალბების შანსიც გაჩნდა.

ვნახოთ, რას შეჰმატებს ან რას დააკლებს საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის, იმიჯს 2 ივნისის არჩევნები. წინ ბრძოლის გადამწყვეტი ეტაპია. შინაგან საქმეთა მინისტრი კი ირწმუნება, რომ 2 ივნისს დაპირისპირებები დასაშვებ ფარგლებს არ გასცდება და დესტაბილიზაცია არ შედგება.
XS
SM
MD
LG