Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამოქალაქო სექტორი წინასაარჩევნო ძალადობას საზოგადოების ძალას უპირისპირებს


პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების მეთოდები და მიმართულება ექსპერტების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

ამ შეშფოთების საფუძველი ის აგრესიაა, რომელიც პარტიების ლიდერებისგან მომდინარეობს და, საარჩევნო პროგრამების ირგვლივ კამათის ნაცვლად, პიროვნულ კონფლიქტს ემსგავსება. 30 მაისს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ამ ტენდენციის წინააღმდეგ განცხადება გააკეთეს.

გაუთავებელ ტელედებატებსა თუ საგაზეთო პუბლიკაციებში მოწინააღმდეგეთა დასამცირებლად უამრავი გამოგონილი, თითქოს მაკომპრომეტირებელი, ფაქტები სახელდება, რაც პიროვნული შეურაცხყოფისა და ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირებას იწვევს.

კობა დავითაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოთქმული ერთ-ერთი ასეთი უარგუმენტო ბრალდების საპასუხოდ, საქართველოს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიამ „ჯი-ვი-ესმა“ 30 მაისს პრესკონფერენცია გამართა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები კონკურენტი პოლიტიკური ძალის - ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარეს ლევან გაჩეჩილაძეს, რომელიც ღვინის კომპანიის ერთ-ერთი აქციონერიცაა, ბიუჯეტის მიმართ მილიონნახევრიან დავალიანებასა და სახელმწიფო ქონების იაფად პრივატიზებას აბრალებდნენ. „ჯი-ვი-ესმა“ ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ინფორმაცია გამოაქვეყნა და ამით უპასუხა პოლიტიკურ ოპონენტებს. კომპანიის მენეჯერ ლევან კობერიძის განცხადებით:

[კობერიძის ხმა] „ჩვენ არ გვინდა მათთან პოლიტიკურ ინტრიგებში შესვლა, ჩვენ, პირიქით, გვინდა დავაფიქსიროთ, რომ კორექტული უნდა იყოს ეს ორი მიმართულება - ბიზნესი პოლიტიკის შესახებ და, პირიქით, ანუ ეს უნდა იყოს გაყოფილი და გამიჯნული. არ უნდა ხდებოდეს პოლიტიკური ტერორის ხარჯზე პოლიტიკური ოპონენტებისათვის ნიშნის მოგება.“[სტილი დაცულია]

ბოლოდროინდელ არჩევნებზე პოლიტიკური ტერორი არჩევნების მოგების მთავარ ბერკეტად იქცა და ბრძოლის ამ არაცივილიზებულ მეთოდს სულ უფრო მეტი პოლიტიკური ორგანიზაცია მიმართავს. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შიშობენ, რომ ეს ძირითადი კონკურენტი პარტიების მხარდამჭერთა ფიზიკურ დაპირისპირებაში შეიძლება გადაიზარდოს. სწორედ ამიტომ 30 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ავტორიტეტული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ლიდერებმა - გია ნოდიამ, ირაკლი მელაშვილმა, გოჩა ცქიტიშვილმა, დავით ყიფიანმა, რამაზ საყვარელიძემ და სხვებმა -არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური ძალის ლიდერებს მოსთხოვეს, საჯაროდ გამოაცხადონ პასუხისმგებლობა არჩვნების მშვიდობიანად ჩატარებაზე და თავიანთ ამომრჩევლებსაც ანალოგიური მოთხოვნით მიმართონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტილოგ რამაზ საყვარელიძის თქმით:
[საყვარელიძის ხმა] „თუ ეს ინტერესები – ის, რომ ვიყოთ ნორმალური საზოგადოება, შებღალული იქნა, მაშინ თვითონ სამოქალაქო სექტორიც გამოიყენებს იმ ძალას, რაც მას გააჩნია. სამოქალაქო სექტორს, მედიასთან და საზოგადოებასთან ერთად, ის ძალა გააჩნია, რომლის საფუძველზეც პოლიტიკოსები ტივტივებენ მაღლა. ისე რომ, ძალიან ჰუმანიური არაა ჩვენი მოწოდება, ცოტა ძალისმიერია.“[სტილი დაცულია]

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები სამოქალაქო დაპირისპირების ინიციატორებს, განურჩევლად მტყუან-მართლისა, მხილებით ემუქრებიან. ასეთი რადიკალური ნაბიჯი არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმ მიზნით გადადგეს, რომ თავიდან იქნეს აცილებული გაცილებით მძაფრი დაპირისპირება, ადგილობრივ არჩევნებზე უფრო მნიშვნელოვანი, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების დროს.
XS
SM
MD
LG