Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი ქართული ფილმი ძველი პრობლემებით


29-30 მაისს თბილისის კინოს სახლში ახალი ქართული მხატვრული ფილმის პრემიერა გაიმართა. სურათის ავტორს, გიორგი გერსამიას, კინემატოგრაფიული საზოგადოება თითქმის არ იცნობს. შესაძლოა,

ამიტომაც არ ესწრებოდნენ ჩვენი კინორეჟისორები გერსამიას სრულმეტრაჟიან ფილმ "ქაღალდის ნავის" პირველ ჩვენებას. მათგან განსხვავებით, ახალი ქართული ფილმი ნახა ჩვენმა თბილისელმა თანამშრომელმა გიორგი გვახარიამ, რომელიც თავის შთაბეჭდილებებს გაგვიზიარებს.

"ქაღალდის ნავის" პრემიერაზე კინემატოგრაფისტებს იმიტომაც ვერ ნახავდით, რომ სურათის რეჟისორ გიორგი გერსამიას - მიუხედავად იმისა, რომ მან სცენარიც დაწერა ფილმისთვის და ერთ-ერთი მთავარი როლიც ითამაშა - კინემატოგრაფიული განათლება არა აქვს. ქართველი კინორეჟისორების უმრავლესობა კი, მოგეხსენებათ, ან მხოლოდ საკუთარ სურათებს ნახულობს, ან მეგობრების ფილმების პრემიერებს ესწრება. თუმცა ახალი ქართული ფილმის პრემიერა კინოს სახლში დიდი ხანია არ გამართულა. ჩვენი კინემატოგრაფისტები ისევ სახელმწიფოსგან ელიან ფულს... და როგორც აღმოჩნდა, მაინც არიან ადამიანები, რომლებიც თავად, ფაქტობრივად, ცარიელი ენთუზიაზმით, ცდილობენ ქართული კინოს გადარჩენას. ძალიან სიმბოლურია, რომ ეს ადამიანები - "ქაღალდის ნავის" თითქმის მთელი გადამღები ჯგუფი - არაპროფესიონალები არიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველი კინორეჟისორები ან პროდიუსერებთან ურთიერთობას არ სწავლობენ, ან შემოქმედებითი კრიზისის დაძლევა უჭირთ და უმოქმედობას მხოლოდ უფულობით ხსნიან. სწორედ ამ დროს კინოში მოდიან ახალგაზრდები, რომლებიც გროშებად, მოყვარულთა კამერით ახერხებენ სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებას - ასე თუ ისე, გამართული დრამატურგიით, მოფიქრებული რეჟისურით, მსახიობ ლაშა-გიორგი პაპუაშვილის მშვენიერი ნამუშევრით და, რაც ყველაზე მთავარია, ალბათ - გულწრფელობით. რაღა თქმა უნდა, ამბავი ხუთ მეგობარზე, ბიჭებზე, რომლებმაც ქუჩასა და ნარკოტიკებს შესწირეს თავიანთი ახალგაზრდობა, კინემატოგრაფიული ენის თვალსაზრისით, უაღერსად ბანალურადაა გამოხატული. "ქაღალდის ნავი" ის ფილმი არაა, რომელიც ქართული კინოს გადარჩენის შანსზე გვალაპარაკებს, მაგრამ კინემატოგრაფიულმა საზოგადოებამ სურათი თუნდაც იმიტომ უნდა ნახოს, რომ დარწმუნდეს - არაპროფესიონალები დღეს ადვილად აკეთებენ იმას, რაც კვლავ ქართული პროფესიული კინოს უდიდეს მიღწევად ითვლება: ყოველგვარი პათეტიკისა და მორალიზმის გარეშე, გვიამბობენ, ეგრეთ წოდებულ, "დაკარგულ თაობაზე", თანაც ზოგიერთ პროფესიონალზე უკეთაც. გარდა ამისა, ასეთ კინოს აუცილებლად ეყოლება მაყურებელი, რომელიც "ქაღალდის ნავის" სანახავად თუნდაც იმიტომ წავა, რომ ეკრანიდან ქართული საუბარი მოისმინოს და კინოში ჩვენი რეალობა იხილოს. და თუ გიორგი გერსამიას სხვა მოყვარულებმაც მიჰბაძეს, შესაძლოა, საზოგადოებამ საერთოდ დაივიწყოს ჩვენი სახელმოხვეჭილი კინორეჟისორები. თუ ქართული კინო მკვდრეთით აღდგება, აღარ ექნება მნიშვნელობა, ვინ გადაიღებს ფილმებს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG