Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალი რალსტონი ''წვრთნისა და აღჭურვის'' პროგრამის მიმდინარეობას ამოწმებს


მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამა მხოლოდ ერთი კვირის დაწყებულია,

ამერიკულ-ქართული ერთობლივი სწავლების მიმდინარეობის შესამოწმებლად საქართველოს აშშ-სა და ნატოს გაერთიანებული ევროპული ძალების მთავარსარდალი ესტუმრა. 4 ივნისს თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში გამართულ იმპროვიზირებულ პრესკონფერენციაზე ოთხვარსკვლავიანმა ამერიკელმა გენერალმა ჯოზეფ რალსტონმა საქართველოს ხელისუფლებას მონდომება შეუქო და განაცხადა, რომ ყველაფერი კარგად მიდის. თუმცა თავდაცვის მინისტრ დავით თევზაძის ორაზროვანმა კომენტარმა სულ სხვა შთაბეჭდილება დატოვა.

ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია საქართველოს შეიარაღებული ძალების "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამას გლობალური ანტიტერორიზმის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ჩანაფიქრის წარმატებით განხორციელებას არამხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებისთვის ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა.

ეკონომიკურად სუსტ და ტერორიზმის საშიში ვირუსით დაავადებულ ქვეყანაში ოთხი ბატალიონისგან შემდგარი 1500 კაციანი ქვედანაყოფის მომზადებით ამერიკამ უნდა შექმნას ახალი მიმზიდველი პრეცედენტი პოსტსაბჭოთა სივრცეზე, ხოლო საქართველომ უნდა დაუმტკიცოს ყველას, რომ იგი არ შემცდარა, როცა პანკისის ხეობაში წარმოქმნილი პრობლემების გამო ამერიკას შეუამხანაგდა და ფაქტობრივად დაშლის პირას მდგარი არმიის სწრაფ რეფორმირებას დასთანხმდა.

სასწორზე, მართლაც, ბევრი რამ დევს და სწორედ ამიტომ არის, რომ, საქართველოს შეიარაღებული ძალების "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის მოსამზადებელი პერიოდიდან მოყოლებული, ჩვენს ქვეყანას პენტაგონისა და ნატოს არაერთი სამხედრო დელეგაცია ესტუმრა.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის ოფიციალური გახსნიდან ზუსტად ერთი კვირის შემდეგ წვრთნის მიმდინარეობა აშშ-სა და ნატოს გაერთიანებული ევროპული ძალების მთავარსარდალმა, ოთხვარსკვლავიანმა გენერალმა ჯოზეფ რალსტონმაც შეამოწმა. 4 ივნისს იგი ჯერ საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს პირისპირ ესაუბრა, შემდგომ კი ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ოფიცერთა მომზადების პროცესს დაესწრო.

[გენერალ ჯოზეფ რალსტონის ხმა] "მე ჩამოვედი, რათა ჩემი თვალით მენახა, არსებობდა თუ არა რაიმე მოუგვარებელი პრობლემა ან გადაუჭრელი საკითხი. მაგრამ მე ვესაუბრე სამხედრო პროგრამაში მონაწილე ჩვენს სპეციალისტებს, საქართველოს პრეზიდენტს და თავდაცვის მინისტრს, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით ეკიდებიან საქმეს და დავრწმუნდი, რომ ყველაფერი შესანიშნავად მიმდინარეობს."

მიუხედავად იმისა, რომ გენერალ რალსტონის განცხადებაში ძალიან ძნელია ეჭვის შეტანა, დღემდე არ კარგავს აქტუალობას უკვე ბანალურად ქცეული შეკითხვა: არსებობს თუ არა აბსოლუტური გარანტია, რომ პროგრამა არ შეწყდება? ამ შეკითხვას ძალზე მკაფიო ქვეტექსტი აქვს და გარანტიაში, პირველ ყოვლისა, საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა იგულისხმება. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ზოგადი ხასიათის განცხადებას, დღემდე უცნობია, გადაწყდა თუ არა ბიუჯეტიდან იმ 4,5 მილიონი დოლარის გამოყოფა, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებამ წვრთნაში მონაწილე ქართველი სამხედროების მოტივაცია უნდა აამაღლოს.
მეტიც, საუბარია რაღაც გაუგებრობაზე, რაც აღმასრულებელი ხელისუფლების შიგნით ამ თანხების გამოყოფასთან დაკავშირებით არსებობს. და ამ ეჭვის საფუძვლიანობა სამშაბათს საქართველოს თავადაცვის მინისტრის ორაზროვანმა განცხადებამაც დაადასტურა.
[დავით თევზაძის ხმა] "მე არავისთან გაუგებრობა არა მაქვს. ახლა, სხვებს თუ აქვთ, მაგათი პრობლემაა."

სანამ საქართველოს ხელისუფლების წევრები ერთმანეთში ურთიერთობას არკვევენ, 4 ივნისს ქართველმა სამხედროებმა თურქეთის მთავრობის 1,5 მილიონიანი გრანტით აშენებული რამდენიმე ახალი ობიექტი - სასადილო, ლაზარეთი და აბანო-სამრეცხაო - ჩაიბარეს ვაზიანში, სადაც 17 ივნისიდან ნატოს მრავალეროვნული სწავლება "ბესტ ეფორტ 2002" აიღებს სტარტს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG