Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ და ვისი მიზეზით ჩაიშალა თვითმმართველობის არჩევნები ზუგდიდში


ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით, არჩევნების გაყალბებისა და ბიულეტენების დატაცების გამო, რუსთავისა და ხაშურის გარდა,

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 16 ივნისს ზუგდიდშიც ხელმეორედ ჩატარდება. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ განმეორებითი არჩევნები ზუგდიდში კიდევ უფრო არაორგანიზებული იქნება და საქმე, შესაძლოა, შეიარაღებულ დაპირისპირებამდეც მივიდეს. ეს ვარაუდი გამოთქვეს 6 ივნისს გამართულ პრეს-კონფერენციაზე სტუდენტურ-ახალგაზრდული პოლიტიკური მოძრაობა "თანხმობის" წევრებმა, რომლებმაც ზუგდიდში არჩევნების ჩაშლის მთავარი ინიციატორები და მათ უკან მდგარი პოლიტიკური პარტიები დაასახელეს.

ქალაქი ზუგდიდი საქართველოს ყველაზე მგრძნობიარე ადმინისტრაციული ერთეულია. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს და შემდეგაც, როდესაც გროზნოდან დაბრუნებულმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ კანონიერი ხელისუფლების აღდგენის პროცესი სამეგრელოდან წამოიწყო, წინააღმდეგობის მთავარ კერად ქცეული ზუგდიდი ყველაზე მეტად დაზარალდა. მაშინ კოლხეთის დაბლობზე გაშლილი ერთ-ერთი მდიდარი და მჭიდროდ დასახლებული ქალაქის მოსახლეობის მარადიორებისგან დასაცავად და წესრიგის უზრუნველსაყოფად, ზვიად გამსახურდიამ ზუგდიდის კომენდანტად ბადრი ზარანდია დანიშნა.

ეს სწორედ ის ბადრი ზარანდია გახლავთ, რომელმაც გასული წლის შემოდგომაზე ალიანსი გააფორმა თავის ყოფილ მთავარ მოწინააღმდეგესთან, "მხედრიონის" ლიდერ ჯაბა იოსელიანთან. 2 ივნისის არჩევნებში კი ბადრი ზარანდია ზუგდიდის გამგებლობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო და, ახალგაზრდა პოლიტიკური მოძრაობა "თანხმობის" წევრების თქმით, სხვებთან ერთად მასაც მიუძღვის წვლილი იმ განუკითხაობაში, რაც საარჩევნო უბნებზე ხდებოდა. დამოუკიდებელ კანდიდატ რამაზ ტაბაღუას თქმით, იმის გამო, რომ ბეჭედი დაულუქავი იყო, ბადრი ზარანდიამ ზუგდიდის მე-15 სკოლაში საარჩევნო უბანი საკუთარი გადაწყვეტილებით დახურა.

თუმცა "თანხმობის" წევრები ამტკიცებენ, რომ ეს საქციელი მოგონილია იმ თავაშვებულობასთან, რაც 2 ივნისის არჩევნების დროს ზუგდიდში ჩაიდინეს ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრებმა, რომელთა მიზეზით, პრესკონფერენციის ორგანიზატორთა თქმით, ხმის მიცემა 13 საარჩევნო უბანში ჩაიშალა.
[რამაზ ტაბაღუას ხმა] "აქტიურად პირადად ის ხალხი მონაწილეობდა, ჟვანიას გუნდი მონაწილეობდა ამ არჩევნების ჩაშლაზე. იმიტომ, რომ მე ვარ პირადად მოწმე იმისა, რომ თვითონ დაუფარავად განაცხადეს, რომ ეს არჩევნები უნდა ჩაიშალოს. მეც იქ ვიდექი და ხალხს მოუწოდეს აქციებისკენ". [სტილი დაცულია]

სტუდენტურ-ახალგაზრდული პოლიტიკური მოძრაობის წევრები, რომლებმაც საზოგადოებრივ ასპარეზზე თვითდამკვიდრების პროცესი საგანძურის გატანის წინააღმდეგ მოწყობილი აქციებით დაიწყეს, ასეთივე დამაჯერებელი არგუმენტებით ამტკიცებენ, რომ ზუგდიდში არჩევნების ჩაშლა სახელმწიფო კანცელარიის კაბინეტებიდან იმართებოდა. ხოლო ამომრჩევლის იარაღით დაშინებისა და ფულით მოსყიდვის გარდა, აქტიურად გამოიყენებოდა ნარკოტიკული ნივთიერებები, რომელთა შემოტანა, ასევე, ცენტრალიზებული წესით ხდებოდა.
საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი, "თანხმობის" თავმჯდომარე დიმიტრი ონანაძის თქმით, ერთ მიზანს - სამეგრელოში ახალი სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებას ემსახურება.

[დიმიტრი ონანაძის ხმა] "შევარდნაძე თავიდან ბოლომდე არის პროვოკატორი, პროვოკაციების მომწყობი ქვეყანაში. კრიმინალებზე დაყრდნობით მოვიდა ხელისუფლებაში და იმ კრიმინალებით კიდევ ცდილობს თავისი სკამის გახანგრძლივებას." [სტილი დაცულია]

ერთი სიტყვით, როგორც "თანხმობის" წევრები აღწერენ, განმეორებითი არჩევნების წინ ვითარება ზუგდიდში ასე გამოიყურება: გამგებლის პოსტისთვის ბრძოლას რეალურად ორი კანდიდატი - ტარიელ ქანთარია და ვახტანგ ცხადაია განაგრძობენ. მათზე მუშაობენ გავლენიანი პოლიტიკური ძალები, პარტიზანები, კრიმინალური ავტორიტეტები. ადგილობრივი ხელისუფლება, ფაქტობრივად, პარალიზებულია, ამომრჩეველი კი - დაბნეული და იმედგაცრუებული ყოველივე იმის გამო, რაც ჩვენ გარშემო ხდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG