Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას შეცვლის და რას ვერ შეცლის პარლამენტართა ვნებათაღელვა, რომელიც 2 ივნიის არჩევნების გაყალბებას დაუკავშირდა


როგორც ჩანს, 2 ივნისის ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული ვნებათაღელვა დიდხანს გასტანს. პარლამენტის 7 ივნისის დადგენილებით,

ამ - და არამარტო ამ - არჩევნების ბნელი მხარეები პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს, შედეგები კი 3 თვეში წარმოადგინოს. პარლამენტის 7 ივნისის დადგენილებით, საგამოძიებო კომისიას, 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული, ყევლა არჩევნების შესწავლა ევალება, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კი -- 2 ივნისის ადგილობრივი არჩევნების შედეგების შემოწმება. პარლამენტის დადგენილება უზენაესია, როგორც ეს პარლამენტში გამოსვლისას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ჯუმბერ ლომინაძემ აღნიშნა, მაგრამ ბუნდოვანია, თუ რა ფორმით დაემორჩილება ცენტრალური საარჩევნო კომისია პარლამენტს, როდის გამოაქვეყნებს არჩევნების საბოლოო შედეგებს. შედეგების დადგენის ვადა 12 ივნისს იწურება და, თუმცა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აქვს კანონით მინიჭებული უფლება, გადასწიოს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების ვადა მანამდე, სანამ ბიულეტენებისა და საარჩევნო დოკუმენტაციის შემოწმება დასრულდება, საეჭვოა, ის ამ გადაწყვეტილების მიღებაზე წავიდეს.
ასეთ ეჭვს ჯუმბერ ლომინაძის მინიშნებაც აღრმავებს. მან უკვე განმარტა, რომ 2 ივნისის არჩევნების შედეგების შემოწმებას სერიოზული მუშაობა, დრო დასჭირდება და არ შეიძლება ამ დროის მანძილზე ქვეყანა ადგილობრივი ორგანოების გარეშე დარჩეს. შეგახსენებთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებს, რომლის საბოლოო შედეგების დადგენამდე ამერიკელებს პრეზიდენტი კარგა ხანს არ ჰყავდათ. მაგრამ მათი რეალობისგან ჩვენ ძალიან შორს ვართ. აქ მიაჩნიათ, რომ არაფრის გამკეთებელი ადგილობრივი ორგანოების გარეშე ქვეყანა ერთ-ორ თვესაც ვერ გაძლებს. დიდია შანსი, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სწორედ ამ შეხედულების მიხედვით იმოქმედოს. მაშინ ადგილობრივი არჩევნების შედეგები შემოწმდება, ხმები ხელახლა დაითვლება, მაგრამ ამით არაფერი შეიცვლება. თბილისის 90 უბნის ოქმშია აღნიშნული, რომ იქ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ამ არჩევნების შედეგები ბათილად მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს, თუ საქმეში საკონსტიტუციო სასამართლო ჩაერევა და შესაბამის გადაწყვეტილებას გამოიტანს.

მიანც ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომლის წევრებმაც ამ ორიოდე დღის წინ დაადასტურეს, რომ გაყალბებული არჩევნების შედეგების შემოწმება არ სურთ. ამ გაყალბებებსა და 2 ივნისის არჩევნებთან დაკავშირებით ჩადენილ დანაშაულებს კი გენერალური პროკურატურაც სწავლობს.
7 ივნისს პარლამენტში მისულმა ნუგზარ გაბრიჩიძემ პირობა დადო, რომ 2 ივნისს მომხდარი ფაქტების გამოძიება უსათუოდ ბოლომდე მივა. ეს ფაქტები კი უამრავია, დაწყებული რუსთავსა და ზუგდიდში არჩევნების ჩაშლით, სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში გამოვლენილი ძალადობებით და დამთავრებული ბოლნისში გამგებლის მიერ ჟურნალისტების ცემით და ასე შემდეგ. ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. ასეთი იყო ამასწინანდელი არჩევნები. ერთ-ერთმა დეპუტატმა ის შეაფასა როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის სულში ჩაფურთხება, მაგრამ საზოგადოება ასეთ შეურაცხყოფას, ასეთ არჩევნებს შეჩვეულია.
იმას, რაც 2 ივნისს მოხდა, საზოგადოების წარმომადგენლების ღია, მკვეთრი პროტესტი არ მოჰყოლია. სამოქალაქო საზოგადოების ჩანასახს, ამ მხრივ, აქტიურობა არ გამოუჩენია. და რადგან ასეა, ის მომავალშიც ისეთსავე არჩევნებს უნდა ელოდეს, როგორიც 2 ივნისს შედგა.
XS
SM
MD
LG