Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის კვლევას ცდილობენ


საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში დემოკრატიას აშენებს. თუ რისი მიღწევა შეძლო ამ ხნის მანძილზე საქართველომ, ანუ რა აშენდა, ხეირიანად არავის გაუანალიზებია.

საფუძვლიანი კვლევის გარეშეც ადვილად შესამჩნევია ის, რასაც თითოეული ქართველი საკუთარ კანზე გრძნობს. ეს სახელმწიფო მართვის სისტემის არადემოკრატიულობა და, შესაბამისად, ხელისუფლების განხორციელებაში საზოგადოების აქტიურობის დაბალი დონეა. ქართული დემოკრატიის უფრო საფუძვლიან ანალიზს საერთაშორისო ინსტიტუტი „იდეა“ ცდილობს.

8-9 ივნისს თბილისში მოეწყო საერთაშორისო ორგანიზაცია „იდეას“ კონფერენცია. მასში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა. კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა „იდეას“ მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტის პირველი ეტაპის შედეგების შეჯამება.

„იდეა“ საქართველოში 2001 წლიდან მოღვაწეობს და, 17 ადგილობრივი ექსპერტის დახმარებით, ცდილობს გამოიკვლიოს საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხარისხი. საქართველო ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში პირველია, სადაც ამ ორგანიზაციის პროექტის განხორციელება დაიწყო.

თითოეული მოქალაქე თავისებურად ხსნის დემოკრატიას და განსხვავებულ შედეგს მოელის მისგან. “იდეას” პროექტში მონაწილე ექსპერტები ცდილობენ, საზოგადოების აქტიურ ნაწილთან დისკუსიებით დაადგინონ, თუ რა წარმატებებს მივაღწიეთ და რა არის გასაკეთებელი. თუ რა წარმოადგენს კვლევის საბოლოო მიზანს, ეს „იდეას“ წარმომადგენელმა არმინ არაკელიანმა 10 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ასე ახსნა:

[არმინ არაკელიანის ხმა] „საბოლოო შედეგი იქნება ის, რომ სექტემბრისთვის ან ოქტომბრისთვის, ექსპერტების მუშაობის საფუძველზე, შედგება დიდი ანგარიში. ჩვენ, საერთაშორისო „იდეას“ წარმომადგენლები, შევეცდებით საერთაშორისო საზოგადოებაში მონაწილე სახელმწიფოებთან ლობირება და დახმარება გავუწიოთ მოხსენებაში ასახულ რეკომენდაციებსა და იდეებს. ეს ყველაფერი გამიზნულია იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ყურადღება მიაქციოს იმ პრიორიტეტებსა და პრობლემებს, რომელთა მოგვარება ქართველებისათვის ყველაზე აქტუალურია.“

აქამდე მრავალი საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია და ფონდი უამრავ პროექტს ახორციელებდა საქართველოში დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიზნით, თუმცა დღემდე კომპლექსურად არავის გაუანალიზებია, რამდენად შედეგიანი აღმოჩნდა ეს დახმარება და სწორი მიმართულებით ხორციელდება თუ არა მომავალი დაფინანსება.

ექსპერტთა 17 კაციანი ჯგუფის მიერ მომზადებული ანგარიში საქართველოში დემოკრატიის სისტემატიზებულ სურათს შექმნის და გახსნის დისკუსიას, რომელშიც ფართო საზოგადოება მიიღებს მონაწილეობას. ანგარიშის საერთაშორისო ორგანიზაციებში ლობირება კი იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო დახმარება ქართველთა მოთხოვნისა და საჭიროებისამებრ წარიმართება.

[ნოდიას ხმა] „ეს არის მცდელობა იმისა, რომ სწორედ ქართველმა ექსპერტებმა, საქართველოში შექმნილი საზოგადოებრივი აზრისა და აქ მიმდინარე დისკუსიის საფუძველზე, მოახდინონ დემოკრატიის შეფასება და შემდეგ დემოკრატიის დამხმარე საერთაშორისო ფონდები დაეყრდნონ თავიანთ საქმიანობაში სწორედ ქართველი ექსპერტებისა და მთლიანად ქართული საზოგადოების შეფასებას.“[სტილი დაცულია]


ამჟამად საქართველოში დემოკრატიის განვითარების შედეგებს ექსპერტთა ჯგუფის წევრის გია ნოდიას მიერ გაკეთებული განცხადება ასახავს:

[ნოდიას ხმა] „ამ 10 წლის განმავლობაში რაღაცას მივაღწიეთ. მაგრამ ბოლო 2-3 წლის მანძილზე ან ადგილს ვტკეპნით ან უკან მივდივართ, ბოლო 2-3 წლის მანძილზე შემაშფოთებელი ტენდენციები სჭარბობს ისეთ მოვლენებს, რაც გაგვიხარდებოდა. მე ვერ ვიტყვი, რომ ამას 17 ექსპერტის სახელით ვამბობ, იმიტომ რომ ჩვენ არ შევთანხმებულვართ, რომ ეს ვთქვათ, მაგრამ, მე მგონი, მაინც სწორად ავსახავ ზოგად განწყობას, რომელიც ამ კონფერენციაზე გამოიხატა.“

ექსპერტთა კვლევის ძირითად ობიექტს წარმოადგენს ხელისუფლების ყველა შტოს მუშაობის პროცესი და საზოგადოების აქტივობის ყველა მიმართულება. ამ სფეროთა ექსპერტული ანალიზი ასახვას პოვებს მოხსენებაში, რომელსაც რეკომენდაციებიც თან დაერთვება. ამ გზით საერთაშორისო „იდეა“ ცდილობს ფართო საზოგადოება ჩააბას ქართული დემოკრატიის მშენებლობის პროცესში და მას ისეთი მიმართულება მისცეს, როგორიც თავად ქართველებისთვისაა მისაღები.
XS
SM
MD
LG