Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ბაქო-ჯეიჰანის პროექტში მონაწილეობას აპირებს


კასპიის ნავთობის ექსპორტის საკითხში ბოლო დროს ერთი საგულისხმო ცვლილება გამოიკვეთა: რუსეთის ხელმძღვანელობა გასული წლების პოზიციებს გამოეთხოვა და გადაწყვიტა,

მონაწილეობა მიიღოს ბაქო-ჯეიჰანის პროექტში, ან, ყოველ შემთხვევაში, ისარგებლოს მაინც ამ პროექტით. ეს გადაწყვეტილება ცნობილი გახდა მაისის მიწურულს, როცა რუსეთისა და საქართველოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გამოაცხადეს ერთობლივი გეგმის შესახებ: გაიყვანონ მილსადენი, რომელიც ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენს რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკთან დააკავშირებს. ამ გეგმას ეძღვნება ჩვენი რადიოს თანამშრომლის, მაიკლ ლელიველდის ანალიტიკური სტატია, რომელსაც ქვემოთ გაგაცნობთ.

მაიკლ ლელიველდის აზრით, ცვლილება რუსეთის პოზიციაში – აქამდე მოსკოვი, როგორც ცნობილია, ბაქო-ჯეიჰანის პროექტის წინააღმდეგი იყო, - შესაძლოა მისი და ვაშინგტონის მიზნების დაახლოებაზე მიუთითებდეს. თუ ბაქო-ჯეიჰანის მარშრუტი (აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით) აზერბაიჯანს ნავთობის დასავლეთში საექსპორტო პირველ გზას გაუხსნის, რუსეთის მარშრუტი (ჩრდილოეთ-სამხრეთის ღერძი) მას თბილ რეგიონში მდებარე ნავსადგურთან: სუფსასთან დააკავშირებს. საქართველო კი ორივე პროექტით მოგებული რჩებაო, აღნიშნავს ლელიველდი. ამასთან, სტატიის ავტორი მეტისმეტად ოპტიმისტურად მიიჩნევს საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის დირექტორის, გიორგი ჭანტურიას განცხადებას, თითქოს მის კომპანიასა და რუსეთის სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ”როზნეფტეგაზსტროის” შორის შეთანხმება ნოვოროსიისკ-სუფსის მილსადენის გაყვანის შესახებ ”ყველა მხარისათვის მომგებიანი იყოს”. ლელიველდის აზრით, მოსკოვს, უბრალოდ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა: მან დაინახა, რომ ბაქო-ჯეიჰანის პროექტს წინ ვერ აღუდგებოდა. არადა, პროექტის თაობაზე ინვესტორების საბოლოო გადაწყვეტილება (სავარაუდოდ, დადებითი გადაწყვეტილება!) მიმდინარე თვეშია მოსალოდნელი, რის შემდეგაც, რამდენიმე თვეში ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა უნდა დაიწყოს.

თუ ახლა ისევ მოსკოვისა და თბილისის ახალ გეგმას დავუბრუნდებით, აღსანიშნავია სტატიის ავტორის მოსაზრება, რომ ნათელი არ არის, რას უპირებს რუსეთი ნოვოროსიისკიდან სუფსაში გადაქაჩულ ნავთობ. ზოგი ვარაუდით, მოსკოვს იმედი აქვს, რომ თბილისსა და სუფსას შორის ნავთობის დინების მიმართულება შეიცვლება. ანუ, თუ კასპიის ადრეული ნავთობი ამჟამად თბილისის გავლით სუფსაში ჩადის, ბაქო-ჯეიჰანის მარშრუტის ამოქმედების შემდეგ, ანუ 2004 წლის ბოლოს, თბილისი-სუფსის მონაკვეთი დღევანდელ როლს დაკარგავს და ნოვოროსიისკიდან გადაქაჩული ნავთობისთვის გათავისუფლდება. (გამოდის, რომ ნავთობი ნოვოროსიისკიდან სუფსის გავლით ჯერ თბილისში, იქიდან კი ჯეიჰანში ჩავა, რითაც გვერდი აევლება გადატვირთულ ბოსფორის სრუტეს.)

მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია. აი, დანამდვილებით კი იმის თქმა შეიძლება, რომ ნოვოროსიისკ-სუფსის მილსადენი, თუ ის, რასაკვირველია გაიყვანეს, რასაც სავარაუდოდ 2,5 წელი და 450 მილიონი დოლარი დასჭირდება, აფხაზეთზე გაივლის. ოღონდ, როგორც მაიკლ ლელიველდი შეგვახსენებს, კვლავინდებურად უპასხოდ რჩება შეკითხვა: აფხაზეთში მშვიდობას მოჰყვება ნავთობსადენი თუ პირიქით - ნავთობსადენი მოუტანს მშვიდობას საქართველოს ამ კუთხეს?
XS
SM
MD
LG