Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები და პოლიტიკური პასუხისმგებლობა


თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტმა საინტერესო და საკამათო პოლიტიკურ პროცესს დაუდო სათავე. ის პარტია, რომელიც ამ თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატს გაიყვანს,

სხვებზე მეტად აგებს პასუხს საკრებულოს საქმიანობაზე. კოალიციური უმრავლესობის მიერ არჩეული თავმჯდომარე კი მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერაზე. ამიტომ საკრებულოს მომავალმა თავმჯდომარემ - თუკი იგი გრძნობს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას - მეტად სანდო და მყარი პარტნიორები უნდა შეარჩიოს. დღეს კი ქართულ პოლიტიკურ ინტერიერში ყველაფერი პირიქით ხდება.

როდესაც წარმომადგენლობით ორგანოს კოალიციური უმრავლესობა მართავს, გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს ის ფაქტორი, თუ რამდენად ენდობიან ერთმანეთს პოლიტიკური პარტნიორები. თბილისის საკრებულოში არჩეული შვიდი პარტიიდან ერთმანეთის სტრატეგიულ პარტნიორებად თავიდანვე სახელდებოდნენ ნაციონალური მოძრაობა და ჟვანიას გუნდი. დანარჩენ პოლიტიკურ ძალებს შორის უნდობლობა მეტი იყო, ვიდრე ნდობა.

ამ პირობებში, არჩევნებში გამარჯვებული პარტიების ლიდერები - როგორც შალვა ნათელაშვილი, ისე მიხეილ სააკაშვილი - უარს ამბობდნენ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე. მიზეზად სახელდებოდა სწორედ პარტნიორების მიმართ უნდობლობა. ის ფაქტი, რომ თავმჯდომარის თანამდებობაზე თანხმობას აცხადებდა ახალი მემარჯვენეების ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე, პოლიტიკურ ლოგიკას არ ექვემდებარებოდა. მართალია, სააკაშვილისა და ნათელაშვილის შემდეგ პოსტი ნამდვილად გაჩეჩილაძეს ეკუთვნოდა, მაგრამ მას თავისი საარჩევნო პროგრამის განხორციელება მოუხდებოდა არა საკუთარ პარტიაზე დაყრდნობით, არამედ - ლეიბორისტების მხარდაჭერით. ლეიბორისტებს კი მემარჯვენეებისგან მეტისმეტად განსხვავებული პოლიტიკური გემოვნება აქვთ. ნათელაშვილი ნაციონალიზაციის მომხრეა, გაჩეჩილაძე - პრივატიზაციის; ნათელაშვილი სახელმწიფოს როლის გაზრდას ითხოვს ქონების მართვაში, გაჩეჩილაძე - სახელმწიფოს როლის შესუსტებას; ნათელაშვილი უფასო განათლებისთვის და სამედიცინო მომსახურებისთვის იბრძვის, გაჩეჩილაძისთვის კი ეს უტოპიური და არასწორი იდეებია. და თუ ამ პირობებში გაჩეჩილაძეც და ნათელაშვილიც მზად იყვნენ სტრატეგიული პარტნიორობისთვის, ქალაქის ბიუჯეტის ერთობლივი განკარგვისთვის, ცხადია, არც ერთი ლიდერი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა.

ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას ნათელაშვილისა და სააკაშვილის თანამშრომლობის შესახებ. მართალია, მათი წინასაარჩევნო ლოზუნგები ერთმანეთს ჰგავდა, მაგრამ ამ ლოზუნგების შინაარსი გულისხმობდა მხოლოდ შედეგს და არა შედეგისკენ მიმავალ გზას. არადა, მიხეილ სააკაშვილს ლეიბორისტების ხმები დასჭირდება არა მხოლოდ ერთი კენჭისყრისას, როდესაც მას საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩევენ, არამედ - ყველა შემდეგი კენჭისყრის დროსაც. თუკი ორი პოლიტიკური ძალა არ შეთანხმდება, სად გადის მათი პარტნიორობის ზღვარი, თავმჯდომარის პოსტის დაკავების სურვილი ისევ ეჭვის ქვეშ აყენებს პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს.

ის ფაქტი, რომ ნათელაშვილი სააკაშვილს თან ოლიგარქს უწოდებს და თან საკუთარ პარტიულ ხმებს ჰპირდება, ორგვარ მოტივს გულისხმობს. პირველი: ნათელაშვილს შინაგანად არ სურს სააკაშვილის მხარდაჭერა, მაგრამ, რაღაც ძალების ზეგავლენით, იძულებულია, მოიქცეს საკუთარი ნების საპირისპიროდ. მეორე: ნათელაშვილს არ სურს სააკაშვილის მხარდაჭერა, მაგრამ სურს მისი, როგორც კონკურენტის, პოლიტიკური გაკოტრება. ეს ორი მოტივი ერთმანეთს არ გამორიცხავს.

რა შეიძლება იყოს სააკაშვილის არგუმენტი, თუკი იგი საკრებულოს თავმჯდომარეობას დასთანხმდება ისეთი არასანდო პარტნიორის იმედად, როგორიც ნათელაშვილია? ლეიბორისტების ლიდერი არ მალავს თავის მკვეთრად უარყოფით განწყობას სააკაშვილის მიმართ და, ესეც რომ არ იყოს, ვისთვის ყოფილა ნათელაშვილი სანდო პარტნიორი? საფიქრებელია, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერის მთავარი მოტივი მისივე სამომავლო ამბიცია იყოს. თუკი სააკაშვილი რეალურად ფიქრობს ქვეყნის პრეზიდენტობაზე - და, ცხადია, ფიქრობს - იგი ვერ მოძებნიდა საკრებულოზე უკეთეს ასპარეზს პოზიტიური იმიჯის შესაქმნელად. მართალია, ეს ასპარეზი დანაღმულია; მართალია, ეს გზა რისკის გზაა, - მაგრამ სააკაშვილმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ სახიფათო ნაბიჯების გადადგმა მისი პოლიტიკური ჰობია. მით უმეტეს, რომ პრეზიდენტი ნამდვილად ვერ გახდება ის პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც საზოგადოებას - ქვეყნის შიგნით თუ გარეთ - საქმით არ დაუმტკიცებს საკუთარ შესაძლებლობებს. პრეზიდენტის პოსტზე სააკაშვილის სავარაუდო კონკურენტების მთელი წყება ასეთ პერსპექტიულ და საქმიან ასპარეზს მოკლებულია. ამიტომ სააკაშვილის გზა ბეწვის ხიდზე გადის, მაგრამ ნამდვილად უმოკლესია: ოღონდ, საით - უფსკრულისკენ თუ მწვერვალისკენ? ამ კითხვის პასუხი დღეს არავინ იცის, მათ შორის, თავად სააკაშვილმაც. პარადოქსი კი ის არის, რომ ამ გზის ვექტორი, უმეტესად, ლეიბორისტების ხმებზე გადის.
XS
SM
MD
LG