Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო გუდაუთის ბაზის ინსპექტირებას იწყებს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 15 ივნისს საქართველოში ეუთოს მისიის 4 სამხედრო ექსპერტი აფხაზეთში გაემგზავრა გუდაუთის რუსეთის სამხედრო ბაზის ინსპექტირების მიზნით.

ინსპექტირება ოფიციალური თბილისის მოთხოვნით ტარდება, ვინაიდან თბილისს ეეჭვება, რომ რუსეთის მხარემ შეასრულა ეუთოს სტამბოლის სამიტის შეთანხმება.

საქართველოს ხელისუფლება, დაახლოებით, ერთი წელია, რაც გუდაუთის რუსეთის სამხედრო ბაზის ინსპექტირებას ითხოვს, რადგან დარწმუნებული არ არის, რომ რუსეთმა აღებული ვალდებულება პირნათლად შეასრულა. როგორც გახსოვთ, ეუთოს სტამბოლის სამიტის შემდეგ რუსეთი სხვადასხვა ფორმით ცდილობდა გუდაუთის ბაზის შენარჩუნებას და ხან ამ ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზის რუსი სამშვიდობოებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრად რეორგანიზაციის იდეით გამოდიოდა, ხან უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ “ურჩი” ადგილობრივი მოსახლეობა ბაზის გზის პიკეტირებით ხელს უშლიდა აფხაზეთიდან ტექნიკის გატანას. ახლა რუსეთის მხარე აცხადებს, რომ აღებული ვალდებულება შეასრულა: გუდაუთის სამხედრო ბაზა ლიკვიდირებულია, შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა გატანილია და ყოფილი ბაზის ადგილზე მხოლოდ მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კონტინგენტია დატოვებული.
სხვათა შორის, 14 ივნისს რუსეთის ფედერაციის საბჭო დაეთანხმა რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში 30 ივნისამდე კოლექტიური ძალების შემადგენლობაში 3 ათასი რუსეთის ჯარისკაცი იქნეს გამოყენებული. რაც შეეხება ამ სამშვიდობო ძალების მანდატს, ამის შესახებ მოლაპარაკებები 18 ივნისს მინსკში დაიწყება. საქართველოს მხარე ისევ მოითხოვს მანდატის გაფართოებას, სამშვიდობოების პასუხისმგებლობის გაზრდის ხარჯზე, ხოლო გალში - საერთაშორისო დროებითი ადმინისტრაციის შექმნას, დევნილების უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, ოფიციალური თბილისი ისევ მოითხოვს დაიწყოს გაეროს გენერალური მდივნისა და მეგობარი ქვეყნების ჯგუფის მიერ მომზადებული იმ დოკუმენტის განხილვა, რომელიც თბილისისა და სოხუმის უფლებამოსილებათა განახლებას ითვალისწინებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვით. თუ სოხუმის ხელისუფლება ამაზე კატეგორიულ უარს იტყვის, – ჯერჯერობით კი სწორედ ასეა, – სავარაუდოა, რომ ივლისში გაეროს უშიშროების საბჭოს ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება მოუხდება: ის, ალბათ, მივა ან იმ დასკვნამდე, რომ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარება მშვიდობიანი გზებით შეუძლებელია, ან , რომკონფლიქტში მონაწილეთა მიმართ იძულებითი სამშვიდობო ხერხებიუნდა იქნეს გამოყენებული. ყოველ შემთხვევაში, ახლა ისევ მხოლოდ დიპლომატიურად გაწონასწორებული მორიგი რეზოლუცია აფხაზეთის კონფლიქტის თაობაზე საბოლოოდ დაასამარებს ქართული საზოგადოების ისედაც მყიფე იმედს, რომ გაეროს დახმარებით აფხაზეთის კონფლიქტი როდისმე მშვიდობიანად მოგვარდება. ეს კი კიდევ უფრო გაუძლიერებს პოზიციებს “ომის პარტიას”, რომელსაც მიაჩნია, რომ აფხაზეთის პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ საომარი მოქმედებების განახლებით შეიძლება გადაწყდეს. რა დაუჯდება ახალი ომი სხვადასხვა სახის კრიზისებით ისედაც დასუსტებულ საქართველოს, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.
XS
SM
MD
LG