Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში „ნატოს“ სამხედრო სწავლება მიმდინარეობს


ვაზიანის სამხედრო ბაზის ხანგრძლივი შესწავლისა და რემონტის შემდეგ იქ 17 ივნისს, „ნატოს“ პროგრამა “პარტნიორობა მშვიდობისათვის” ფარგლებში, სამხედრო სწავლება „ბესტ ეფორტ - 2002“ გაიხსნა.

ცერემონიალზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ იმედი გამოთქვა, რომ მეგობრების ამდაგვარი დახმარებით საქართველოს სულ მალე ისეთივე ძლიერი და ბრძოლისუნარიანი არმია ეყოლება, როგორსაც ნატოს სტანდარტები ითვალისწინებს. სწავლების პროგრამა ნატოს ყაიდის საჯარისო ნაწილების მომზადებაში, საქართველოს გარდა, კიდევ 14 ქვეყანას ეხმარება.

18 ივნისს „ნატოს“ პროგრამა „ბესტ ეფორტ 2002-ის“ სამხედრო სწავლების პროცესი დაიწყო. წვრთნაში 800 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. მათ სწავლების პირველ დღეს უნდა დაამუშაონ ოცეულებად და ათეულებად გადაადგილების ტაქტიკა და ამ პროცესში დახვეწონ ურთიერთკოორდინაცია. ეს განსაკუთრებით მაშინაა მნიშვნელოვანი, როდესაც ერთმანეთთან თანამშრომლობა წლების მანძილზე დაპირისპირებულ მხარეებს უწევთ. ვაზიანში მიმდინარე სწავლებაში მონაწილეობას ღებულობენ აზერბაიჯანისა და სომხეთის საჯარისო ნაწილები. პროგრამის გახსნის ცერემონიალზე მათ შორის ავსტრიის ოცეული იდგა. სამხედრო წვრთნის დროს კი სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს საერთო ენის გამონახვა აუცილებლად მოუწევთ. სწავლების სცენარით ხომ ნატომ, გაეროს დავალებით, კონფლიქტის ზონაში ჯარები უნდა შეიყვანოს და მშვიდობა აღადგინოს.

თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სტრატეგიული დაგეგმვისა და შეიარაღების კონტროლის მთავარი სამმართველოს უფროსის კახა კაციტაძის აზრით, ეს ერთმნიშვნელოვნად იმას არ ნიშნავს, რომ სწავლება საქართველოში ან კავკასიაში არსებული კონფლიქტების მოგვარებაში ჩარევისათვის მზადებაა.

[კაციტაძის ხმა] „სამშვიდობო ოპერაცია სპეციფიკური ოპერაციაა. აქ მთავარია მობილურობა, მცირე ჯგუფებად მოქმედების უნარი, კონტრჩასაფრება და ასე შემდეგ. ეს არის სხვა ტიპის სამხედრო მოქმედებები, რომელთა გამოცდილება დასავლეთის ქვეყნებს ჩვენზე მეტი აქვთ. მაგრამ ლაპარაკი არის იმაზე, რომ მათაც კი საბოლოო სტრატეგია ამ ტიპის კონფლიქტებისა ცალსახად განსაზღვრული არა აქვთ. ამაზე სამხედრო თეორეტიკოსები დღესაც დაობენ, რა სახის მოქმედებები შეიძლება იყოს ოპტიმალური ამ ტიპის ოპერაციებში.“

ამ სწავლების პრაქტიკული შედეგი რომ სამშვიდობო ოპერაციების თეორიას შეავსებს, ამაზე ის დაინტერესებაც მეტყველებს, რასაც წვრთნის მიმართ ნატოს მაღალი რანგის სამხედრო მოხელეები იჩენენ. უნდა აღინიშნოს, რომ „ბესტ ეფორტ - 2002-ს“ ნატოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ძალების დაჯგუფების სარდალი, ოთხვარსკვლავიანი თურქი გენერალი ოქტან ატამანი ხელმძღვანელობს.

ნატოელი გენერლები საქართველოს შეიარაღებული ძალების დახმარების თვალსაზრისითაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მიმდინარე სწავლებას. მათ მიაჩნიათ, რომ ქართულ არმიას აქვს შანსი ახლო მომავალში რეგიონში ერთ-ერთ ძლიერ და ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდეს.

სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების 320 ჯარისკაცი მონაწილეობს და მათ მიერ მიღებული ცოდნა საქართველოს არმიის მშენებლობას მნიშვნელოვნად წაადგება.
გარდა ამისა, საქართველომ, წვრთნისთვის მზადების შედეგად, მიიღო დასავლეთის სტანდარტების შესაბამისი ვაზიანის სამხედრო ბაზა, რომელიც ერთი წლის წინ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა განადგურებული დატოვეს.

კახა კაციტაძის აზრით, საქართველოსთვის „ბესტ ეფორტ 2002-ის“ მიმდინარეობას სამხედრო-პოლიტიკური შედეგის მოტანა შეუძლია.

[კაციტაძის ხმა] „წმინდა პოლიტიკური შედეგი იქნება ის, რომ კიდევ ერთი პრეცედენტი შეიქმნა იმისა, რომ ნატოს ეგიდით ტარდება მრავალეროვნული სწავლება. და ასეთი პოლიტიკური პრეცედენტები, საბოლოო ჯამში, ხელის შემწყობი გახდება ნატოსა და საქართველოს ურთიერთინტეგრაციის პროცესისა. ჩვენ ნელ-ნელა ვეჩვევით ამ მანევრების დაგეგმვას, ჩატარებას, ორგანიზებას და ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებების ორგანიზება სამხედრო-პოლიტიკურ წარმატებას წარმოადგენს საქართველოში.“[სტილი დაცულია]

ნატოს სამხედრო სწავლება „ბესტ ეფორტ 2002-ი“ 28 ივნისს საზეიმო ვითარებაში დაიხურება.
XS
SM
MD
LG