Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურამ შარაძის მომხრეები იეჰოველებისა და “თავისუფლების ინსტიტუტის” წინააღმდეგ


„ნაციონალური მოძრაობა - ჩვენი საქართველოს“ ლიდერი, პარლამენტარი გურამ შარაძე და „თავისუფლების ინსტიტუტი“ დიდი ხნის ოპონენტები არიან.

მათი ურთიერთობა ბოლო დროს განსაკუთრებით დაიძაბა იეჰოველთა და სხვა რელიგიურ უმცირესობათა უფლებების შესახებ აზრთა სხვადასხვაობის გამო. მათმა დაპირისპირებამ თავის კულმინაციას ტელეარხ „რუსთავი 2-ის“ გადაცემაში მიაღწია.

“თავისუფლების ინსტიტუტის” დირექტორ ლევან რამიშვილის მიერ ტელეგადაცემაში გამოთქმულმა მოსაზრებამ გურამ შარაძემ პატივისა და ღირსების შელახვად მიიჩნია. აი რა განაცხადა თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორმა ლევან რამიშვილმა“

[რამიშვილის ხმა] „ბატონ შარაძეს შევთავაზე აეხსნა როგორ ახერხებდა საბჭოთა დროს, როდესაც ბუზი ვერ გაფრინდებოდა „კაგებეს“ თანხმობის გარეშე საზღვარგარე რომ არათუ ხშირათ ევლო უცხოეთში, არამედ იქ შეხვედროდა ქართულ ემიგრაციას, საბჭოთა ხელისუფლების მტრებს და შემდეგ საქართველოში დაბრუნებულ არანაირი პრობლემები არ შექმნოდა. როგორ ახერხებდა ამ ყველაფერს თუკი არ ჰქონდა თანამშრომლობა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტთან.“

4 ივლისს საქართველოს პარლამენტის სხდომაზე გურამ შარაძემ, ლევან რამიშვილთან საუბრისას წარმოქმნილი სადავო საკითხების გარკვევამდე, პარლამენტარის მანდატი დატოვა. მან განაცხადა, რომ, თუ ლევან რამიშვილის ნათქვამი მართალია, მაშინ მიუღებელი უნდა იყოს მის მიერ სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელება.

[შარაძის ხმა] „თუ ის მართალი არ არის, მაშინ ეს ჩემი პრობლემა არ არის, იმან აგოს პასუხი, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს. და სანამ ეს გაირკვევა თუ არ გაირკვევა, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, დღეს მე კატეგორიულად ვაცხადებს და გთხოვთ მხარი დამიჭიროთ, მე ვტოვებ საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პარლამენტის მანდატს, საქართველოს პარლამენტის ერთი რიგითი წევრის ღირსების და პატივის შელახვისათვის.“
[სტილი დაცულია]

დეპუტატებმა ამ განცხადების ავტორის მიმართ მხარდაჭერა იმით გამოხატეს, რომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას დაავალეს შეისწავლოს გურამ შარაძისა და ლევან რამიშვილის კამათის საკითხი.

როდესაც „ნაციონალური მოძრაობა - ჩვენი საქართველოს“ ლიდერი გურამ შარაძე თავის მანდატს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს გადასცემდა, ამ დროს „რუსთავი 2-ის“ შენობასთან შარაძის 50-მდე მომხრე შეიკრიბა. ისინი 2 საათის მანძილზე ელოდნენ შარაძის გამოჩენას, მანამდე კი ჟურნალისტებთან აქტიურად გამოთქვამდნენ თავიანთ მოსაზრებებს ტელეგადაცემისა და ლევან რამიშვილის შესახებ.

[აქციის მონაწილის ხმა] „უნდა ავიდე ეკასთან, იმიტომ რომ მან ალაპარაკა და მისცა ნიადაგი ამას და იმის ლანძღვას შეუწყო ხელი, არა ღირს მაგი იმათ, რომ შარაძე ახსენოს იმან, ვაი ქართველმა, ეგრეთ წოდებულმა. წუხელ რომ მცოდნოდა, დავგლეჯავდი. იცი, რა დღეშია სამაჩაბლოს ხალხი? აღელვებულები, ახლა თოხნები მიმდინარეობს იქ, ჩამოვლენ ისინი აქ, თავის ადგილზე.“ [სტილი დაცულია]

სამაჩაბლოდან დევნილი ეს ქალბატონი, სხვების მსგავსად, იეჰოვას სექტასთან ერთად, „თავისუფლების ინსტიტუტის“გაუქმებას მოითხოვდა. აქციის მონაწილეებს ოდნავ მოგვიანებით “ნაციონალური მოძრაობის” ლოზუნგები მოუტანეს, რომლებზეც “თავისუფლების ინსტიტუტის” ლუსტრაციასა და იეჰოველთა ორგანიზაციების გაუქმებას მოითხოვდნენ. მოგვიანებით მიტინგს გურამ შარაძეც შეუერთდა.
XS
SM
MD
LG