Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს, თამაზ წივწივაძეს, სოკოს ბიზნესს უხსენებენ


მართალია, კონტროლის პალატამ დაასკვნა, რომ საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარისა და გაზეთ “ლიტერატურული საქართველოს” რედაქტორის თამაზ წივწივაძის სოკოს აფერასთან დაკავშირება მტკნარი სიცრუეა,

პარლამენტის საგამოძიებო კომისია სოკოს ბიზნესისთვის სახელმწიფო გარანტიით მიღებული მილიონების გაფლანგვის საქმის შესწავლას აგრძელებს. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე ირწმუნება, რომ მიხეილ ოსაძის კომისიაში უკვე არსებობს არაერთი უტყუარი მონაცემი იმ ჯგუფის წინააღმდეგ, რომელშიც თამაზ წივწივაძეც ფიგურირებს. “ეს მონაცემები სავსებით საკმარისია წივწივაძის და სოკოს აფერაში გარეული სხვა პირების დასაპატიმრებლად,”- აცხადებს რომან გოცირიძე. მაინც რა ბრალდება მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს და არამარტო მას?

“მეტისმეტია, ბატონებო! – არ შეიძლება ეროვნულ ბიბლიოთეკას ეჭვმიტანილი დირექტორი ჰყავდეს! აქედან გამომდინარე, დაბეჯითებით მოვითხოვთ: შეუცვალეთ ამ კაცს თანამდებობა! ეს მთელი ქართველი მწერლობის აზრია და არა მარტო ჩემი! გულნატკენი მწერლების ძალა ახლანდელ პარლამენტს ჯერ არ გამოუცდია და, ვისურვებდი, არ გამოეცადოს!”- ამ სიტყვებით სრულდება ღია წერილი, რომლითაც მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტს ამ ცოტა ხნის წინ მიმართა. მიმართვას პასუხად ლევან ბერძენიშვილისთვის თანამდებობის შეცვლა არ მოჰყოლია. ამდენად, პარლამენტს აქვს შანსი გულნატკენი მწერლების ძალა იგრძნოს, მით უფრო, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისია, მიხეილ ოსაძის ხელმძღვანელობით, მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მიმართ არსებულ ეჭვებს სწავლობს. თავისთავად, არც მწერალთა კავშირს შეიძლება ჰყავდეს ეჭვმიტანილი თავმჯდომარე.

სოკოს ბიზნესთან თამაზ წივწივაძის კავშირზე საუბარი მსმენელს არ უნდა ეუცხოოს. ეს სკანდალური ისტორია, თავის დროზე, დიდი ხმაურით წამოტივტივდა. მოგვიანებით კი საქმეში კონტროლის პალატა ჩაერია და დაასკვნა, რომ სოკოს ბიზნესში თამაზ წივწივაძის მონაწილეობა არ დასტურდება, რომ გახმაურებული ინფორმაცია საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარის სოკოს ბიზნესთან კავშირის შესახებ სრული სიცრუეა. ასეა თუ ისე, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე სიცრუეს კონტროლის პალატის დასკვნაში ხედავს და არა გავრცელებულ ინფორმაციაში. აი, როგორ ახასიათებს ის საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს:

[რომან გოცირიძის ხმა] “ ეს იყო დიდი პროექტის “სოკო- ვარდები-მანქანები”-ს ორგანიზატორი, ლობისტი, რეკომენდატორი. ეს უამრავ დოკუმენტში და, მათ შორის, პრეზიდენტის რეზოლუციებში იკვეთება. იკვეთება მისი კავშირი სხვა დანაშაულთანაც. ასე რომ, თუ ისეთი დოკუმენტები არ შეიქმნება, როგორიც კონტროლის პალატამ შექმნა, იმ დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც საბიუჯეტო ოფისში საექსპერტო ანალიზისთვის არსებობს, თავისუფლად შეიძლება წივწივაძის და ეგრისელაშვილის დაპატიმრება”.

რომან გიცირიძის განმარტებით, თავის დროზე, სწორედ ეგრისელაშვილის ფირმა “ეგრისი”-ს არარსებული ქონება ჩაიდო გირაოდ, რომლის საფუძველზეც ეროვნულმა ბანკმა სახელმწიფო გარანტია გასცა. ეს გარანტია კი, თავის მხრივ, იმ კრედიტის მიღების საფუძველი გახდა, რომელიც თამაზ წივწივაძის მიერ ლობირებულ ერთ სამნაწილიან პროექტს უნდა მოხმარებოდა.

“სოკო-ვარდების და მანქანების იმპორტის პროექტი” - ასე მოიხსენიებს ამ პროექტს რომან გოცირიძე და ამბობს, რომ პროექტის ერთ მხარეს თამაზ წივწივაძე, მისი ჯგუფი და წარსულში ფინანსური აფერისთვის დაკავებული ეგრისელაშვილი იდგნენ, მეორე მხარეს - ჰოლანდიური ბანკი და სადაზღვეო კომპანია, შუაში კი -საქართველოს პრეზიდენტი, რადგან სწორედ მან აუნთო მწვანე შუქი საქმეს, რომლისგანაც საქმის ნაცვლად აფერა მივიღეთ.

“ეს იყო ფულის მოხსნის კლასიკური მაგალითი. 6 მილიონიანი კრედიტი რეალურად ბიზნესს არ მოხმარებია. შემოტანილ იქნა არასრული ტექნოლოგია, რომლის გაყიდვის შემთხვევაში ვალის მცირე ნაწილი თუ დაიფარება. შეჭმული კრედიტის დიდი ნაწილი, 5,8 მილიონი ლარი, ეროვნულმა ბანკმა უკვე გადაიხადა, დანარჩენი წლიური ოთხპროცენტიანი დანამატით უნდა გადაიხადოს. “- რომან გოცორიძის ამ განცხადების მიხედვით, ეროვნული ბანკის მიერ გაცემული სახელმწიფო გარანტიით სახელმწიფო ზარალობს. ზარალის მიზეზებს და კონკრეტული ადამიანების დანაშაულს პარლამენტის საგამოძიებო კომისია სწავლობს. აღნიშნავენ, რომ პარლამენტის კომისიას აქვს ინფორმაცია სოკოს ბიზნესთან კავშირში მყოფი პირების სხვა დანაშაულებთან კავშირის შესახებაც. ესენია: თავდაცვის სამინისტროსთვის მიწოდებული ხორბლითა და შაბიამნის შემოტანით მიღებულ ზარალთან დაკავშირებული საქმეები. როგორი იქნება მთელი ამ პროცესის ფინალი, ვერაფერს გეტყვით. რომან გოცირიძეს კი მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ვალია ზუსტი ჩვენება მისცეს.

[რომან გოცირიძის ხმა] “კანონით და კონსტიტუციით, პრეზიდენტი ვალდებულია მისცეს ჩვენება სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით. ვისი და რა ჯგუფის ლობირებით ხდებოდა სოკოს, ვარდებისა და მანქანების შემოყვანის ბიზნესი, ამაზე ზუსტ პასუხს სასამართლოს პრეზიდენტი ეტყვის. ვიმეორებ, რომ სისხლის სამართლის დანაშაულზე პრეზიდენტი ვალდებულია მისცეს ჩვენება.”

ვნახოთ, მივა თუ არა საქმე სასამართლომდე.
XS
SM
MD
LG