Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ბუშმა ბიზნესის სფეროში კორუფციის წინააღმდეგ გაილაშქრა


ანდრო ეული, პრაღა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ კანონის მთელი სიმკაცრით დასჯის იმ კომპანიათა მესვეურებს, რომლებიც საბუღალტრო ანგარიშსწორებისას,

დოკუმენტაციის გაყალბებას არ ერიდებიან. სამშაბათს, ნიუ-იორკში სიტყვით გამოსვლისას, ბუშმა წამოაყენა წინადადება, რომ ათ წლამდე, ანუ ორჯერ გაიზარდოს პატიმრობის მაქსიმალური ვადა ბიზნესის სფეროში ჩადენილი დანაშაულისთვის.


უკანასკნელ დროს, შეერთებულ შტატებში რამდენიმე მსხვილი კომპანია ამხილეს საბუღალტრო ანგარიშსწორებათა გაყალბებაში, რამაც მკვეთრად დასცა ბირჟაზე აქციების ფასი. პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ თავისუფალი მეწარმეობის სისტემას რაიმე არსებითი ნაკლი არ გააჩნია, და რომ უმრავლესობა მსხვილ კომპანიათა ხელმძღვანელებისა პატიოსანი ხალხია. ”ძალზე ბევრ კომპანიას დაავიწყდა, როგორც ჩანს, ჩვენი ქვეყნის მორალური ფასეულობები და მათმა ნამოქმედარმა მრავალ კარგსა და პატიოსან კომპანიას შეულახა ავტორიტეტი” – განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

ორშაბათს უდიდესი სატელეკომუნიკაციო კომპანიის ”უორლდკომის” ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორებმა თავიანთი კონსტიტუციური უფლებები მოიშველიეს, რათა პასუხი არ გაეცათ კონგრესმენების შეკითხვებზე იმასთან დაკავშირებით, რომ ხსენებული კომპანიის საბუღალტრო ანგარიშსწორებაში 4 მილიარდამდე დოლარის შეუსაბამობაა. ”უორლდკომი” სიდიდით მეორე სატელეფონო კომპანიაა შეერთებულ შტატებში. ფედერალურმა უწყებამ, უშიშროებისა და გაცვლის კომისიამ, რომელიც მსხვილი კომპანიებისა და საფონდო ბირჟის საქმიანობას უწევს ზედამხედველობას, თაღლითობაში დაადანაშაულა ”უორლდკომი” და განაცხადა, რომ 2001 წლიდან მოყოლებული ეს კომპანია გრძელვადიან კაპიტალდაბანდებად აფორმებდა თავის ყოველდღიურ ხარჯებს, და ამ გზით, მილიარდ 200 მილიონი დოლარის ზარალი დამალა.

სამშაბათს, ნიუ-იორკში სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ შეიქმნა ახალი სტრუქტურა, რომელმაც ბიზნესის სფეროში კორუფციას უნდა მოუღოს ბოლო. ახალ კომისიას, რომელიც ფედერალური გამომძიებლებით დაკომპლექტდება, იუსტიციის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირი უხელმძღვანელებს.

შარშან, დეკემბერში, ტეხასში დაფუძნებული მსხვილი კომპანია ”ენრონი” გაკოტრდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მისმა მესვეურებმა, საბუღალტრო ანგარიშსწორებისას, ყალბი დოკუმენტაცია წარმოადგინეს, რითაც ხელოვნურად გაზარდეს საფონდო ბირჟაზე ამ კომპანიის აქციების ფასი. საბუღალტრო ფირმა ”არტურ ანდერსენი”, რომელიც ”ენრონის” ფინანსების ხარჯთაღრიცხვას აწარმოებდა, სასამართლომ დამნაშავედ სცნო კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში ყალბი დოკუმენტაციის განადგურებისთვის.

ამასობაში, მრავალი ამერიკელი აღშფოთებას არ მალავს ბიზნესის სფეროში გამოაშკარავებულ დანაშაულებრივ ქმედებათა გამო. ”ეს სრულიად გამაოგნებელია. შეურაცხყოფილი და გაკვირვებული ვარო” – განაცხადა ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში ვირჯინიაში დაფუძნებული სატრანსპორტო კომპანია CSX-ის პრეზიდენტმა ჯონ სნოუმ. ხოლო დემოკრატმა კონგრესმენმა კალიფორნიის შტატიდან მაქსინ უოლტერსმა დასძინა, ამ კოვბოურ კაპიტალიზმს ბოლო უნდა მოეღოსო.
XS
SM
MD
LG