Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში სამხედრო სამსახურის გადავადების საფასური ოფიციალურად დაკანონდა


საქართველოში ოდითგანვე ასეა – ჯერ მიიღებენ გადაწყვეტილებას

და მერე ფიქრობენ, თუ როგორ განახორციელონ იგი ცხოვრებაში. დაახლოებით ასეთ სტერეოტიპთან გვაქვს საქმე "სამხედრო ბეგარის შესახებ" კანონის შემთხვევაშიც, რომელიც ივნისის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა თითქმის ერთხმად მიიღო. სამხედრო უწყების წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსთა ერთი ნაწილის გათვლებით, სამხედრო ბეგარის შემოღება ქვეყანას ორ პრობლემას მოუხსნის – შეწყდება აღებ-მიცემობა კომისარიატის სისტემაში და სამხედრო ბიუჯეტიც მნიშვნელოვნად შეივსება. თუმცა პრეზიდენტისთვის ხელმოსაწერად გასამზადებელ კანონპროექტს ბოლო მომენტში დაუპირისპირდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სამხედრო ბეგარის შესახებ კანონი დისკრიმინაციულია.


საქართველოს ხელისუფლების 10-წლიანი წარუმატებელი ექსპერიმენტი სახელწოდებით "არმიის მშენებლობა", ახალი უპრეცედენტო ექსპერიმენტის საფუძველი ხდება. კვირის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ხელი მოაწერა, პარლამენტის მიერ მოწონებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც, თუ ყველაფერს თავის სახელს ვუწოდებთ, ოფიციალურად აკანონებს იმ მანკიერებას, რასაც დღემდე ქრთამის საშუალებით სამხედრო სამსახურის გადავადება ერქვა. განსხვავება იმაშია, რომ ავადსახსენებელი სიტყვა "ქრთამი" კეთილხმოვანი "მოსაკრებლით" შეიცვალა. თანაც ფინანსური ტერმინის ქვეშ ნაგულისხმევი თანხა, რომელიც ერთწლიანი გადავადების შემთხვევაში 200, ხოლო ერთჯერადად გადავადებისას – 2000 ლარს უტოლდება, არა კომისარიატის მუშაკის, არამედ სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე ჩაირიცხება და ისევ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას მოხმარდება. ხოლო იმისთვის, რომ მოსახლეობას გაუქრეს სამხედრო კომისარიატის მუშაკების მიმართ არსებული შიში და წყენა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის, პოლკოვნიკ დიმიტრი ლეჟავას განცხადებით, ამიერიდან წვევამდელებს საქმის დაჭერა მუნიციპალურ სამოქალაქო სტრუქტურებთან მოუწევთ.

[დიმიტრი ლეჟავას ხმა] "ბეგარის გადახდის ორგანიზება მოხდება შემდეგნაირად. ოფიციალური განცხადება გამოიკვრება, ანგარიშის ნომრით, რომლითაცც უნდა გადაიხადონ ეს თანხა. შემდეგ წვევამდელები აიღებენ ამ ქვითარს და მიიტანენ სამხედრო განყოფილებაში, რომლებიც გამგეობებთან იქნება. ქვითარი ჩაიკვრება წვევამდელის პირად საქმეში და ეს იქნება საფუძველი გადავადებისა და არა განთავისუფლებისა/სამხედრო საქმისგან/.ხოლო ის პირები, რომლებიც გადავადებას მიიღებენ, 27 წლის ასაკში მაინც გაივლიან 6-თვიან შეკრებას და შემდეგ ჩაირიცხებიან რეზერვში". /სტილი დაცულია/

პრობლემის ასეთი სამართლიანი გადაწყვეტით, საქართველოს ხელისუფლება აღტაცებულია. ზოგიერთი მაღალჩინოსანი კი ჩუმ-ჩუმად იმასაც ამბობს, რომ, თუ ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც ჩაფიქრებულია, მაშინ არათუ ქართული ჯარის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საქმე წავა წინ, არამედ ისტორიას ჩაბარდება გაჭირვების თანამდევი ყველს სენი, მათ შორის"დეზერტირების" პრობლემა და კადრების დენადობა. ხოლო ერთ მშვენიერ დღეს, შესაძლოა, აღმოჩნდეს, რომ პატარა საქართველომ თავდაცვის ბიუჯეტის თითქმის ორჯერ გაზრდის ყველაზე უმტკივნეულო მეთოდს მიაგნო, რაც ყველაზე განვითარებული ქვეყნის შემთხვევაშიც კი ძნელად წარმოსადგენია.

თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსი, პოლკოვნიკი დიმიტრი ლეჟავა მიიჩნევს, რომ ყველაზე მოკრძალებული გათვლებით, მოსაკრებლის შედეგად შემოსულმა თანხამ, მხოლოდ პირველ წელს, დაახლოებით 10-15 მილიონი ლარი უნდა შეადგინოს. დამატებითი შემოსავლის ძირითადი დონორები კი, ახალი კანონმდებლობით, საქართველოს კომერციული და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების ის 30 ათასამდე სტუდენტი იქნება, რომლებიც უკვე ვეღარ ისარგებლებენ სწავლის პერიოდში სახელმწიფოს მიერ დაწესებული გადავადების შეღავათით. კანონის მომხრეთა თქმით, მოსაკრებლის პოტენციურ გადამხდელთა რაოდენობა გაცილებით მეტი იქნებოდა, პარლამენტი დათმობაზე რომ არ წასულიყო და შეღავათები ზოგიერთი კატეგორიის, მათ შორის დედისერთებისა და 20 კვირის ფეხმძიმე ცოლიანი წვევამდელებისთვისაც რომ გაეუქმებინა. თუმცა სამხედრო წრეებში დარწმუნებით აცხადებენ, რომ უახლოეს სესიაზე პარლამენტი შეღავათების საკითხს კიდევე ერთხელ გადახედავს.

როგორც ჩანს, დამატებითი თანხის მიღების სურვილი იმდენად ძლიერია, რომ ხელისუფლება ვეღარ ამჩნევს, თუ როგორ გროვდება "საავდრო ღრუბლები" მის თავზე.

დედისერთების უფლებების დასაცავად უკვე აღიმაღლა ხმა ჯარისკაცთა უფლებებსა და ეროვნული უსაფრთხოების პრობლემებზე მომუშავე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომლებმაც ივნისის ბოლოს სათათბირო ორგანო "ალიანსი" დააფუძნეს. "ალიანსის"ერთ-ერთი წარმომადგენლის, ასოციაცია "სამართალი და თავისუფლების" დირექტორის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, "თუ სხვა შემთხვევებში გადავადების სისტემა სერიოზულ ცვლილებას მოითხოვს, დედისერთებთან დაკავშირებით მისი არსებობა იმით არის გამართლებული, რომ იცავს გვარის ერთადერთ გამაგრძელებელს იმ პოტენციური საფრთხისგან, რომელიც ადამიანს სამხედრო სამსახურში საბრძოლო ამოცანის შესრულებისას შეიძლება დაემუქროს." უფრო შორს მიდის სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობის ექსპერტი დავით დარჩიაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ დისკრიმინაციულია არა მხოლოდ ამ მუხლის გაუქმება, არამედ თავად მოსაკრებლის კანონის შემოღება, რომელიც ოფიციალურად აკანონებს სახელმწიფოსთვის ქრთამის გადახდის შესაძლებლობას. და თუ ეს ტენდენცია საზოგადოებაში ფეხმოკიდებულ სხვა მავნე პრობლემაზეც გავრცელდა, მაშინ ერთ მშვენიერ დღეს საქართველოს ხელისუფლებამ შესაძლოა "სისხლის აღების" ადათის ან მოაქალაქის ლინჩის წესით დასჯის დაკანონებასაც დაუჭიროს მხარი.

მაგრამ მოსაკრებელთან დაკავშირებული გაუგებრობები მხოლოდ ამით არ ამოიწურება. კანონის თაობაზე უკმაყოფილება შეიმჩნევა სხვა სამხედრო სტრუქტურებში, რომლებიც მიიჩნევენ, რომ შემოსული თანხიდან, თავდაცვის სამინისტროს გარდა, გარკვეული წილი მათაც ერგებათ. ასე რომ, მოსაკრებლის კანონს წინ ჯერ კიდევ ბევრი საინტერესო თავგადასავლები ელის.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG