Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ სუუამის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი მიიღო


“19-20 ივლისს იალტაში ჩატარებულმა სამიტმა სუუამის გარდაცვალების შესახებ ეჭვები გააქარწყლა,” – ასე ფიქრობს ედუარდ შევარდნაძე და ასევე ფიქრობენ სუუამის წევრი სხვა სახელმწიფოების ლიდერებიც:

უკრაინის, მოლდოვას და აზერბაიჯანის მეთაურები. უზბეკეთის პრეზიდენტის დაუსწრებლობის მიუხედავად, იალტის სამიტი და მასზე მიღწეული შეთანხმებები სუუამის სიცოცხლისუნარიანობის დამადასტურებლად იქნა მიჩნეული. სუუამის მომავალი სამიტი თბილისში ჩატარდება, რადგან საქართველოს ამ ორგანიზაციის თავმჯდომარის სტატუსი მიენიჭა. გესაუბრებით სუუამის დღევანდელობასა და მის მომავალზე.

რას წარმოადგენს რეალურად სუუამი, სუუამს თუ სუამს, როგორც ამ ორგანიზაციას მასთან უზბეკეთის მიერთებამდე ერქვა, ჯერ კიდევ გაურკვეველია. გასულ ორშაბათს ედუარდ შევარდნაძე სუუამიდან უზბეკეთის გასვლის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და თქვა, რომ რეგიონალური ორგანიზაციიდან შესაძლო გასვლის შესახებ უზბეკეთის ხელისუფლების განცხადება საბოლოო გადაწყვეტილებას არ ნიშნავს, მაგრამ იალტის სამიტზე ისლამ კარიმოვის დაუსწრებლობა ანალიტიკოსებმა სუუამის სუამად დარჩენის მომასწავებლად აღიქვეს. ასეა თუ ისე, სუუამი ჯერ კიდევ სუუამად მოიხსენიება და, რიგი სკეპტიკოსებისგან განსხვავებით, ამ ორგანიზაციიის ლიდერები მას უფრო ოპტიმისტურად უყურებენ. აზერბაიჯანის ლიდერის ჰეიდარ ალიევის თქმით, იალტის ამასწინანდელმა სამიტმა სუუამის უპერსპექტივობისა და მისი გარდაცვალების შესახებ მითი გაფანტა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის აზრით, 19-20 ივლისს მიღწეული შეთანხმებები მნიშვნელოვანია სუუამის განვითარების გზაზე.

იალტის სამიტის შემდეგ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების დახმარების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა უილიამ ტეილორმა. მან სუუამს სერიოზული მომავალი უწინასწარმეტყველა და განმარტა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სუუამში დამკვირვებლის სტატუსით და ამ ორგანიზაციის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების მხარდაჭერით არის დაინტერესებული.
იალტის სამიტზე მიღწეულ შეთანხმებებსა და იქ ხელმოწერილ დოკუმენტებს შორის ყველაზე მნიშვნელოვნად მაინც თავისუფალი სავაჭრო ზონის ფორმირების შესახებ შეთანხმება გამოიყურება. ანალოგიური შეთანხმება კარგა ხნის წინ დაიდო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებს შორისაც, თუმცა -უშედეგოდ. თანამეგობრობის ფარგლებში თავისუფალი სავაჭრო ზონის ფორმირება იდეის დონეზე დარჩა. ედუარდ შევარდნაძეც თავისუფალი სავაჭრო ზონის პერსპექტივას უფრო სუუამში ხედავს, ვიდრე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში. იალტის სამიტზე სუუამის წევრი სახელმწიფოების მეთაურები ტერორიზმთან, ნარკოტიკების გავრცელებისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისთვის თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.ხელი მოეწერა დოკუმენტებს კულტურის, მეცნიერებისა და ტურიზმის სფეროებში თანაშრომლობის შესახებ. აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ იალტის სამიტს, საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას მეთაურებთან ერთად, კიდევ 10 ქვეყნის და 4 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აზერბაიჯანის შემდეგ სუუამის თავმჯდომარის პოსტი საქართველომ დაიკავა. სუუამში საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში ქვეყნის ვალდებულებათა შესასრულებლად და თბილისში სუუამის მომავალი სამიტის მაღალ დონეზე ჩასატარებლად შეიქმნება საგანგებო კომისია, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო მინისტრი და საგარეო მინისტრი უხელმძღვანელებენ.

მოკლედ, სუუამი ცოცხალია. ვნახოთ, როგორი იქნება საქართველოს, როგორც თავმჯდომარის, როლი ამ ორგანიზაციაში.
XS
SM
MD
LG