Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


თბილისში უჩვეულოდ მშვიდად ჩაიარა საერთაშორისო კონფერენციამ

თემაზე “რელიგია კავკასიაში. თანამშრომლობა მშვიდობისათვის”, რომელიც ედუარდ შევარდნაძის პატრონაჟით გაიმართა. მშვიდად ჩაიარა თავად შეხვედრამ, თორემ ამ კონფერენციის რეალური ფონი მშვიდი ნამდვილად არ ყოფილა.

იმ დროს, როცა რელიგიური ლიდერების შეხვედრაზე “რელიგიურ თანაარსებობაზე” საუბრობდნენ, სამართალდამცავმა ორგანოებმა “თავისუფლების ინსტიტუტის” დარბევისთვის “მართლმადიდებლურ საზოგადოებად” ცნობილი ორგანიზაციის, “ჯვრის” წევრები დააკავეს. “რუსთავი 2”-ის “ღამის კურიერში” კი ამ დროს ერთმა ქალბატონმა დარეკა და სანდომიანი ხმით გვაუწყა, “სულხან-საბა ორბელიანი თავის დროზე წვერით ათრიეს იმის გამო, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიას განუდგა და რა მოხდა ასეთი, იეღოველების დამცველებს თუ გავუსწორდითო”. ამ მაყურებლის ზარი, შესაძლოა, არც აღვიქვათ, როგორც “ხმა ერისა”, მაგრამ საზოგადოების დიდი ჯგუფის ხმად ნამდვილად უნდა აღვიქვათ. ასეთი ზარების, ასეთი “ხმების”, ასეთი დარბევებისა და რელიგიური შეუწყნარებლობის ფონზე, ღიმილის მომგვრელი ხდება საერთაშორისო კონფერენციის პირველ დღეს წარმოთქმული ედუარდ შევარდნაძის ეს სიტყვები: “ამდენად, სრული უფლება გვაქვს, ვისაუბროთ რელიგიური თანაარსებობის მოდელზე, რომელიც საქართველოში შეიქმნა და, ვფიქრობ, უძვირფასესი შენაძენია არა მარტო ჩვენი რეგიონისათვის, არამედ, გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, მთელი მსოფლიოსათვის”; ან ეს ფრაზა: “დიდი ისტორიული ტრადიცია უფლებას მაძლევს გამოვთქვა რწმენა, რომ საქართველოში სულ მალე ჩამოყალიბდება 21-ე საუკუნის მოთხოვნათა შესაბამისი სარწმუნოებრივი ჰარმონიის ახალი მოდელი.”

საქართველოს პრეზიდენტს რეალობის გრძნობა, ცხადია, არ დაუკარგავს; ედუარდ შევარდნაძემ მშვენივრად იცის, თუ როგორ მომძლავრდა ქსენოფობია ქართულ კულტურულ სივრცეში. ზოგიერთი ამას სოციალურ სიდუხჭირეს აბრალებს, ზოგი სამართალდამცავ ორგანოებს, ზოგი კი – თავად ედუარდ შევარდნაძეს. კონფერენცია, რომელიც თბილისში შევარდნაძის მონაწილეობით მოეწყო, შესაძლოა, იმიტომაც ჩატარდა, რომ პრეზიდენტს რელიგიური ბაკჰანალიისგან განდგომის სურვილი გაუჩნდა, თანაც ამის გამოხატვა საჯაროდ სცადა, მთელი მსოფლიოს დასანახად.

“როდესაც ამ სიტყვებს ვამბობ – აღნიშნა ედუარდ შევარდნაძემ თავის გამოსვლაში – სულაც არ მავიწყდება ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში რელიგიურ დაპირისპირებათა ის ცალკეული შემთხვევები, რომელთა ამსახველმა კადრებმა ასევე მოიარეს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ტელეარხები... ვითარებას ართულებს ის გარემოებაც, რომ სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც ათეისტურ გარემოში ჩამოყალიბდნენ და ეს მენტალიტეტი კვლავ ცოცხლობს ჩვენში, ყოველთვის ადეკვატურად ვერ რეაგირებენ მათთვის თვისებრივად ახალ, უჩვეულო პრობლემებზე.”

ეს მენტალიტეტი კვლავ ცოცხლობს ჩვენშიო – ამბობს ედუარდ შევარდნაძე, თუმცა, ძნელი გასარკვევია, რას გულისხმობს იგი ამ ნაცვალსახელში – “ჩვენში”, ანუ საქართველოში, თუ “ჩვენში”, ე.ი. ხელისუფლებაში, რომელსაც სათავეში უდგანან ათეისტურ გარემოში აღზრდილი ადამიანები, მათ შორის თავად ედუარდ შევარდნაძეც.

სხვათა შორის, “ათეისტური მსოფლხედველობის განდევნას” ისახავდა მიზნად ფოთის ეპარქიაც, რომელიც ქალაქის მუნიციპალური თეატრის მსახიობებს დაუპირისპირდა, რამაც თეატრის თანამშრომლები საპროტესტო შიმშილობამდე მიიყვანა. საღმრთო ტაძრისა და ხელოვნების ტაძრის დაპირისპირება უჩვეულოდ დაემთხვა კონფერენციას “რელიგიური თანამშრომლობის შესახებ”... საზოგადოებაში მაშინვე გაჩნდა აზრი: “როდესაც ქართველი არტისტები და ქართული ეკლესიის მრევლი უძლური ხდებიან, გამონახონ საერთო ენა, რანაირად უნდა ილაპარაკონ “ერთ ენაზე” განსხვავებული რელიგიების მიმდევრებმა? მაშინ, როცა ვერ მყარდება მშვიდობა საქართველოს ერთ ქალაქში, რანაირად უნდა დამყარდეს მშვიდობა მთელ კავკასიაში, თანაც "რელიგიის სახელით”?

აურზაური, რომელიც ვალერიან გუნიას სახელობის ფოთის მუნიციპალურ თეატრში შეიქმნა, შენობის გარშემო ატეხილმა დავამ გამოიწვია. თუმცა, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენელი თეატრალურ ხელოვნებას “მკრეხელობად” აღიქვამს... დასაშვებია, რომ პირველ რიგში სწორედ ამიტომ უწოდებს “მაჯლაჯუნებს” ფოთის თეატრის მსახიობებს იქაური მრევლი.

მაგრამ “მაჯლაჯუნების” მოთოკვა, ან დაშინება, არც ისე იოლია. ის ადამიანები, რომელთაც შემოქმედებასთან აქვთ საქმე, მათ შორის, “ათეისტურ გარემოში აღზრდილნიც”, ყველაფერს აკეთებენ, რათა ქვეყანა საბოლოოდ არ გადაეშვას შუა საუკუნეების წყვდიადში. ნიშანდობლივია, რომ ფოთის თეატრის მსახიობებს ყველაზე აქტიურად დაუჭირა მხარი თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარემ, გიგა ლორთქიფანიძემ, ანუ ქართული კულტურის იმ მუშაკმა, რომელსაც ზოგიერთი ხელოვანი “საბჭოთა ინტელიგენტად” მოიაზრებს. თუმცა, თეატრის მუშაკები აღიარებენ, რომ ფოთის კონფლიქტი ძალიან საშიშია საზოგადოებისთვის, რომელიც ამის შემდეგ, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად გაიხლიჩოს.

ძალიან საშიშია, ამ კონფლიქტმა ერთმანეთს არ დაუპირისპიროს კულტურა და ეკლესია. ჯერჯერობით ამ დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად ისევ კულტურის მოღვაწეები ირჯებიან. ისინი კვლავ გაერთიანებაზე ლაპარაკობენ. სიმბოლურია, რომ საზოგადოებაში შექმნილი დაპირისპირების ფონზე თბილისში ახალი სპექტაკლის დასადგმელად ემზადება ბერძენი რეჟისორი მიხაელ მარმარინოსი, რომელმაც ერთხელ უკვე გააოცა ქართველი თეატრალები მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობის თეატრში დადგმული სპექტაკლით “მედეა, მასალა”. ზაფხულში მარმარინოსმა ახალ წარმოდგენაზე დაიწყო მუშაობა. როგორც გაირკვა, ეს იქნება ქართული ვარიანტი მისი სპექტაკლისა “ნაციონალური ჰიმნი”. ამ წარმოდგენის ბერძნული ვერსია თბილისელებმა გაზაფხულზე იხილეს. ახლა ჯერი საქართველოზეა. როგორც მარმარინოსმა აგვიხსნა,
[მიხაელ მარმარინოსის ხმა]: “სახელწოდება გახლავთ “ნაციონალური ჰიმნი”, რომელსაც ქვესათაურიც აქვს “გაერთიანების თეორემა”. მე ვსაუბრობ იმ გრძნობაზე, რომელიც დაკარგულია ევროპაში... და ის წარმოდგენა, რომელიც პირველად დავდგით საბერძნეთში, სწორედ ამ საკითხს ეძღვნებოდა... როდესაც აქ ვმუშაობდი სპექტაკლზე “მედეა, მასალა”, მე გავიაზრე ის, რაც დაკარგულია დღეს ევროპაში, მე მინდოდა გამეზიარებინა “დაკარგვის” ეს გრძნობა ჩემი ქვეყნის ხალხისათვის, სასიამოვნო იყო იმის გააზრება, რომ მათაც აწუხებთ ეს პრობლემა, ოღონდ ინდივიდუალურად, ცალკ-ცალკე. მაგრამ სპექტაკლის საშუალებით ჩვენ შევძელით, ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა ეს გრძნობა, რაც უკვე წინგადადგმული ნაბიჯია. ეს ჰგავს იმას, რომ ვისხდეთ ერთად, ვსვათ ერთად, ვიცეკვოთ ერთად.”

მიხაელ მარმარინოსის ახალ სპექტაკლში როლებს მხოლოდ კინომსახიობის თეატრის მსახიობები ასრულებენ, მათ შორის გიორგი ნაკაშიძე, რომელმაც წარმატებით ითამაშა “მედეა, მასალაში”. თუმანიშვილის სახელობის თეატრს კი ამგვარი პერფორმანსების დადგმის კარგი ტრადიცია აქვს. კოლექტივს კარგად იცნობენ საზღვარგარეთ და ბუნებრივია, რომ სწორედ კინომსახიობის თეატრი შეირჩა საერთაშორისო პროექტისთვის, რომელსაც, მარმარინოსის თქმით, დიდი პერსპექტივა აქვს.

[მიხაელ მარმარინოსის ხმა]: “ქეთი დოლიძემ მკითხა, ხომ არ გსურს რამე მსგავსი გააკეთო საქართველოშიო. და არა მარტო საქართველოში, ევროპის კიდევ ოთხ ქვეყანაში მთხოვეს ამ პროექტის განხორციელება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაც გვაკლია, მაგრამ არა გვაქვს საშუალება, ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი წუხილი. ამას ეხება ეს სპექტაკლი... არსებობს ასეთი პერსპექტივა, რომ ხუთი განსხვავებული ნაციონალური ჰიმნი გაერთიანდება 2004 წელს და “დაიდგმება” ათენში, ოლიმპიური თამაშების დროს.”

სპექტაკლის პრემიერა თბილისში სექტემბერში შედგება. თუ გავითვალისწინებთ, რომ თავის დროზე ბერძენი რეჟისორის წარმოდგენა “მედეა, მასალა” არაერთგვაროვნად აღიქვეს თეატრის მსახიობებმა, თუმანიშვილის ზოგიერთი მოწაფე კი, უბრალოდ, წარმოდგენის აკრძალვასაც შეეცადა, არ არის გამორიცხული, რომ “საქართველოს ჰიმნის” თეატრალურ ინტერპრეტაციას, თანაც არაქართველი რეჟისორის მიერ, ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილის აგრესია მოჰყვეს. მაგრამ ისიც სავარაუდოა, რომ “ტრადიციების დამცველებმა” საერთოდ არ მიაქციონ ყურადღება ეროვნული ჰიმნის ქართულ-ბერძნულ თეატრალურ ვერსიას. საქართველოში ხომ ყველას არ ერევა ცრემლი ეროვნული ჰიმნის გაგონებაზე. თანაც, მარმარინოსი იმ ქვეყნიდანაა, რომელიც ხშირად მაგალითად მოჰყავთ ქართველ ქსენოფობებს, როგორც სახელმწიფო, რომელიც ადვილად გაუსწორდა “სექტანტებს”. ამიტომ, საეჭვოა, თუმანიშვილელთა მომავალ წარმოდგენაში, მათ “მაჯლაჯუნების” მორიგი ხრიკი ამოიკითხონ. ღმერთმა ქნას, ასე იყოს...
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG