Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასება


ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიამ, რომლის მფლობელ კომპანიათა შორის წამყვანი პოზიცია უკავია „ბრითიშ პეტროლიუმს“, გამოაქვეყნა მილსადენის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე

ზემოქმედების შეფასება საჯარო განხილვისთვის. მასზე მსჯელობა მიმდინარეობს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოების დაინტერესებულ ჯგუფებში. 1 თვის შემდეგ შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით მომზადებული ანგარიში პროფესიონალებსა და ექსპერტებს გადაეცემათ. მათ მიერ საბოლოოდ გადამუშავებული მილსადენის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი სექტემბერის ბოლოს დამტკიცდება.

არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭო, რომელიც 100-ზე მეტ საზოგადოებრივ ჯგუფს აერთიანებს, აქტიურად მონაწილეობს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვაში. ამ საბჭოს წარმომადგენელი სანდრო თვალჭრელიძე მონაწილეობას იღებს მეცნიერებათა აკადემიის კომისიებშიც, რომლებმაც ნავთობსადენის სოციალურ გარემოზე ზეგავლენის შეფასების მიმართ თავიანთი შენიშვნები გამოთქვეს. სანდრო თვალჭრელიძის თქმით, შენიშვნები, ძირითადად, ეხება არასწორ ეკონომეტრიკას, მოსახლეობაზე ზემოქმედების არასწორ შეფასებასა და ამ ზეგავლენის საზღვრების გეოგრაფიას.

[თვალჭრელიძის ხმა] „მათ მიაჩნიათ, რომ ზეგავლენა იქნება იმ რაიონებზე, სადაც გადის მილსადენი. ეს ასე არ არის. უზარმაზარი ზემოქმედება ექნება თვითონ მხარეებზე და თვით საქართველოზეც. შემიძლია გითხრათ, რომ ზრდა მთლიანი შიდა პროდუქტისა მხოლოდ ბაქო-ჯეიჰანის ამოქმედებით 10 პროცენტიანი იქნება და ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, რომ ეს პროექტი იქნება ტრანსფარანტული, ანუ თანდათანობით ქართული მცირე და საშუალო ბიზნესი ჩრდილიდან გადავა მზეზე.“

სატრანსპორტო გადაზიდვებს, საამშენებლო სამუშაოებს ქართული კერძო საწარმოები შეასრულებენ, მშენებლობის მომსახურების ინფრასტრუქტურა ათასობით ადგილობრივ მაცხოვრებელს დაასაქმებს და იმ გლეხებს, რომელთა მიწაზეც ნავთობსადენი გაივლის, სერიოზული კაპიტალი გაუჩნდებათ ფერმერული მეურნეობის წამოსაწყებად. არის სხვა უამრავი წვრილი თუ მსხვილი სარგებელიც, რასაც ნავთობსადენი საქართველოს გაღარიბებულ რეგიონებს მოუტანს.

მაგრამ, ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, არის საშიშროება, რომელიც ნავთობსადენის მშენებლობასა და ექსპლოატაციას თან ახლავს. მილსადენი საქართველოს ულამაზეს და ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ მხარეებს გადაკვეთს. მაგალითად, ბორჯომის ხეობაში ნავთობის მცირეოდენი დაღვრაც კი ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს და ბორჯომის მინერალურ წყლებს ფასს დაუკარგავს.

სანდრო თვალჭრელიძის განცხადებით, მილსადენის პროექტი ისეა შედგენილი, რომ მისი რეალიზაციის შემდეგ ნავთობსადენის დაზიანება სტიქიური ან სხვა რაიმე ბუნებრივი, ანდაც ხელოვნური, ზემოქმედებით შეუძლებელია, გარდა აფეთქებისა. გათვლების მიხედვით, აფეთქების ალბათობა 1%-ია და, ის თუ მაინც მოხდა, მილსადენის მესაკუთრე კომპანია ვალდებულებას იღებს აღადგინოს დარღვეული ეკოლოგიური ფონი.

პროექტის მიხედვით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მდინარეების კვეთის უსაფრთხოებას. მდინარეების ადიდებისაგან დასაცავად ნავთობსადენი ჩაეფლობა მდინარის ღრმა ფსკერის მყარ ქანებში, რომელთა ფორმირება ჯერ კიდევ 10 ათასი წლის წინ მოხდა. სანდრო თვალჭრელიძის თქმით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქართველები შეცდომებზე სწავლობენ. ბაქო-სუფსის მილსადენის მშენებლობისას უსაფრთხოების ასეთი ზომები მიღებული არ ყოფილა, ამიტომ მდინარემ ერთხელ უკვე შეძლო ნავთობსადენის დაზიანება.

ეკოლოგიური უსაფრთხოების მაღალ დონეზე უზრუნველყოფის მიუხედავად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს, გარემოსდაცვითი პრობლემების მომიზეზებით, მოწინააღმდეგენი მაინც გამოუჩნდებიან.

[თვალჭრელიძის ხმა] „11 სექტემბრის შემდეგ მთლიანად შეიცვალა გეოპოლიტიკური სიტუაცია. ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთი გავიდა რუსეთის საზღვარზე. ამიტომ, რასაკვირველია, ყველაფერს გააკეთებენ ამ მილსადენების წინააღმდეგ, გამოიყენებენ ზუსტად გარემოზე ზემოქმედების უარყოფით მხარეებს. უკვე არის ეს განგაში და მერწმუნეთ, რომ ეს არის რუსული და რუსეთის მეშვეობით სომხეთის რაღაც გამოხმაურებები.“

რუსეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს, პოლიტიკურთან ერთად, ეკონომიკური შეხედულებების გამოც უპირისპირდება, რადგან 2005 წლის შემდეგ ამ მილსადენით გადატანილი ნავთობი მსოფლიო ბაზარზე გაცილებით იაფი იქნება, ვიდრე რუსული პროდუქცია. დასავლეთი რუსეთის, მტრად კი არა ,პარტნიორად ქცევას და მისი ინტერესების დაკმაყოფილებას ცდილობს, ამიტომ ის მოსკოვს სთავაზობს ნოვოროსიისკის ნავთობტერმინალის მიერთებას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენთან, საქართველოს გავლით. ეს საქართველოს ინტერესებსაც შეესაბამება, რადგან ამ პროექტის განხორციელება აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტის წინაპირობებს ქმნის.
XS
SM
MD
LG