Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორუმპირებულთა და პატიოსანთა “ცხელი ათეული”


ჟურნალისტთა ანტიკორუფციული საგამოძიებო ჯგუფის მიერ 30 ივლისს დაგეგმილ ცერემონიას, რომელზეც კორუმპირებულებს შორის ყველაზე კორუმპირებულთა და ყველაზე პატიოსანთა ათეული უნდა გაემჟღავნებინათ,

დიდი რეკლამა გაუკეთა გაზეთმა “ალიამ”, რომელმაც აღნიშნული ორგანიზაცია გამომძალველობასა და რეიტინგით “ვაჭრობაში” დაადანაშაულა. კორუმპირებულთა და, მათთან ერთად, პატიოსანთა “ცხელი ათეული” ბევრ მსმენელში ხალისს გამოიწვევს. გასაკვირი ის არის, რომ ამ ათეულის გარშემო ასეთი ხმაური ატყდა. როგორც ჩანს, კორუფციის მორევს საქართველოში ფსკერი მაინც ჰქონია.

ჟურნალისტთა ანტიკორუფციული საგამოძიებო ორგანიზაციის თავმჯდომარის კობა კაპანაძის განცხადებით, საქართველოში სახელმწიფო მოხელეთა კორუმპირებულობის რეიტინგის შედგენისათვის გამიზნული გამოკითხვა ქუჩაში ბიულეტენების შევსების გზით ჩატარდა და მასში მონაწილეობა 15 ათასმა ადამიანმა მიიღო.

კაპანაძემ, ბუნებრივია, ხაზი გაუსვა თავისი ორგანიზაციის საქმიანობის აქტუალობას და აღნიშნა, რომ აღნიშნული გამოკითხვის წინააღმდეგი იყო არაერთი სახელმწიფო მოხელე, რომელთა გვარები მას არ დაუსახელებია. მანვე განაცხადა, რომ მას და მის კოლეგებს საქართველოში არსებული თითქმის ყველა გავლენიანი ჯგუფის ინტერესების სამსახურს მიაწერენ. ცერემონიის დაწყებამდე კაპანაძემ, აგრეთვე, “გაგვაფრთხილა”:

[კობა კაპანაძის ხმა]
“მე მაქვს სერიოზული ინფორმაცია, რომ სექტემბრიდან იწყება აქტიური “პი არი” – შავი “პი არი” ჩვენს წინააღმდეგ. არ ვიცი, რატომ გაეჩხირა ზოგიერთ სახელმწიფო მოხელეს, მაპატიეთ... ყელში, რატომ გაეჩხირა ყელში ჩვენი გამოსვლები, მაგრამ ფაქტია, რომ აი, ამ ხალხს რაღაცის ეშინია. ეშინია და საკმაოდ სერიოზული შიშიც გააჩნია. არავინ არ გაიგოს ისე, რომ ჩვენ ვიღაცას თითის დაქნევას ვაპირებთ, ან გალანძღვას ვაპირებთ. ჩვენ ვამბობდით და ყოველთვის ვიტყვით სიმართლეს.”[სტილი დაცულია]

კაპანაძე, როგორც კორუფციის სფეროში მომუშავე ჟურნალისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ძალიან ოპტიმისტურ სურათს ხატავს, როცა ამბობს, რომ საქართველოში კორუმპირებულ ჩინოვნიკებს “სერიოზული შიში” აქვთ და როცა მათ შესაშინებლად შემდეგ გზას მიმართავს.

[კობა კაპანაძის ხმა]
“მე უკვე ამ ჩვენს მიერ განხორციელებულ და დაწყებულ, უფრო სწორად, შავ “პი არ”-თან დაკავშირებით მზად მაქვს უკვე ტექსტი, რომელსაც დღეს საღამოს უკვე გავუგზავნი პრეზიდენტს, გავუგზავნი შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ აი, იმ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენს წინააღმდეგ იყენებს ესა თუ ის ოლიგარქი თუ ესა თუ ის ფინანსური კლანი, დაიწყოს ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება.”[სტილი დაცულია]

სანამ ათეულის კორუმპირებულ და პატიოსან ჩინოვნიკებს გაგაცნობდეთ, მოგახსენებთ, რომ გამოკითხვის ბიულეტენში მოცემულ ჩინოვნიკთა სიაში არ ყოფილან პრეზიდენტი და ძალოვანი მინისტრები. ეს უკანასკნელნი იმიტომ, რომ ძალოვანებზე გამოკითხვა ცალკე ჩატარდება. რაც შეეხება პრეზიდენტს, კაპანაძეს მიაჩნია, რომ:

[კობა კაპანაძის ხმა]
“პრეზიდენტი არ შედიოდა ამ ნუსხაში იმიტომ, რომ ჩვენ, გარკვეულწილად, სირცხვილად მიგვაჩნია, რომ ქვეყნის პრეზიდენტი... ქვეყნის პრეზიდენტი არის სახელმწიფოებრიობის სიმბოლო. მიხვიდე და შენს მოქალაქეს კითხო, არის თუ არა პრეზიდენტი შენი კორუმპირებული, ეს უკვე, თავისთავად, სირცხვილია ქვეყნისთვის.”[სტილი დაცულია]

ახლა კი ჟურნალისტთა ანტიკორუფციული საგამოძიებო ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების შესახებ, რამაც ასეთი ვნებათაღელვა გამოიწვია. არაკორუმპირებულ ჩინოვნიკთა ათეული ასეთი გახლავთ: ლადო ჭანტურია, მირიან გოგიაშვილი, ნანა დევდარიანი, ირაკლი მენაღარიშვილი, სესილი გოგიბერიძე, ზურაბ ჟვანია, ავთანდილ ჯორბენაძე, თეიმურაზ შაშიაშვილი, აკაკი ჩხაიძე, ლევან გაჩეჩილაძე. კორუმპირებულთა ათეული მეათედან პირველ ადგილამდე კი ჟურნალისტთა ანტიკორუფციულმა ჯგუფმა ასე წარმოგვიდგინა: ალეკო კარტოზია, ბადრი ბიწაძე, ფრიდონ ინჯია, ლევან პირველი, ზაზა სიორიძე, ასლან აბაშიძე, ნიკო ლეკიშვილი, თეიმურაზ ბასილია, დავით მირცხულავა, ლევან მამალაძე.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG