Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზულეიკა ბაჟბეუქ-მელიქოვის გამოფენა


თბილისის კულტურულ ურთიერთობათა ცენტრში, “კავკასიური სახლის” გალერეა “სოლოლაკში,” დაიხურა მხატვარ ზულეიკა ბაჟბეუქ-მელიქოვის გამოფენა.

“კავკასიური სახლის” მიერ მოწყობილ ამ გამოფენაზე თბილისური ხელოვნების სახე წარმოჩნდა.

ამ გამოფენაზე ზულეიკა ბაჟბეუქ-მელიქოვის ნამუშევრებს ათვალიერებდნენ და ავტორის მამას, შესანიშნავ კოლორისტს, ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვს იხსენებდნენ. ფერწერის მოყვარულებს მოაგონდათ ქალბატონ ზულეიკას მამის ჯადოსნურ-ფანტასტიკური ფერწერა, რომელიც თითქოს მემკვიდრეობით აისახა ქალიშვილის შემოქმედებაში. მოაგონდათ ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვის ყველაზე პოპულარული ტილო, “ზულეიკას პორტრეტი”, ფერის საოცარი პულსირებით გამორჩეული სურათი, რომელმაც, შეიძლება ითქვას, “კავკასიურ სახლში” მოწყობილი გამოფენის ავტორი წარმოგვიდგინა. მამის მიერ შექმნილი პორტრეტი დღევანდელი გამოფენის თავისებური მხატვრული სახეა. მართალია, იმ სურათში ქალბატონი ზულეიკა ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, არ არის გამორიცხული, რომ მამამ იწინასწარმეტყველა ქალიშვილის შემოქმედება ერთ სურათში, ხელწერა, რომელიც წლების განმავლობაში თითქმის არ შეცვლილა. ამიტომ, ერთი შეხედვით, “კავკასიურ სახლში” წარმოდგენილი ზულეიკა ბაჟბეუქ-მელიქოვის 30 სურათი დამთვალიერებელს, შესაძლოა, “ერთნაირადაც” მოეჩვენოს. “ერთნაირად”, მაგრამ არავითარ შემთხვევაში “ერთფეროვნად”. ამ სურათების ავტორი ხომ ჯიუტად ამკვიდრებს მრავალშრიანი ფერწერის სტილს, არ ეშინია სიჭრელის, ჟღერადი, სუფთა ფერის ხორკლიანი ფაქტურის, ზოგჯერ უდიერი მონასმის, არ ეშინია, რომ ფერმა სრულიად არ “შეჭამოს” ნახატი... ამგვარი სიჭრელე ხელოვნების ზოგიერთ მოყვარულს გააღიზიანებს კიდეც, თუმცა ვერავინ იტყვის, ალბათ, რომ ზულეიკა ბაჟბეუქ-მელიქოვს ინდივიდუალურობა აკლია. ვერც იმას იტყვიან, რომ მხატვარი ქალი არ ავითარებს იმას, რაც მემკვიდრეობით ერგო სახელოვანი მამისგან და, რაც მთავარია, ამ გამოფენის დამთვალიერებელს, ალბათ, ეჭვიც კი არ შეეპარება, რომ სერგო ფარაჯანოვის მეგობარი ზულეიკა ბაჟბეუქ-მელიქოვი წარმატებით ახერხებს, ეგრეთ წოდებული, “თბილისური სტილის” დამკვიდრებას ქართულ (და არამარტო ქართულ) ფერწერაში. ამ სურათებში ფერის “შეხება” უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე აგრესიული შეჭრა და დანგრევა, სიჭრელე, თავისუფლება – სიცოცხლის სიყვარულის სინონიმად ცხადდება. ამ სურათებში ფერწერას პრინციპულად არა აქვს “სიმყარე”, არა აქვს “ფუნდამენტი”, რადგან ასეთი მხატვარი შემოქმედებას და სიცოცხლეს – მოულოდნელობის, იმპულსურობის გარეშე, სიცოცხლედ არ აღიქვამს. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ ზულეიკა ბაჟბეუქ-მელიქოვის გამოფენა სწორედ “კავკასიურ სახლში” მოეწყო, ანუ იმ შენობაში, სადაც დიდი ხანია იღვწიან კავკასიურ კულტურათა გაერთიანებისკენ, სადაც დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ ამ ხალხს არაფერი აქვს გასაყოფი, აქ არავინ ებრძვის ერთმანეთს. ამ ხალხს, უბრალოდ, ხასიათი აქვს იმპულსური, ზუსტად ისეთი, როგორიც ზულეიკა ბაჟბეუქ-მელიქოვის ფერწერაა.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG