Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გლდანი-ნაძალადევის გამგეობა და პოლიცია მოქალაქეებს კანონიერ კომერციას უკრძალავს


სოზარ სუბელიანი, თბილისი 2001 წლის 20 იანვარს გამოძიებით დაუდგენელმა პირებმა თემქის დასახლების მე-9 კვარტალში მდებარე სავაჭრო პავილიონი გადაწვეს. პავილიონის მფლობელები – ჯემალ ტყავაშვილი და მარინა ნიორაძე მიიჩნევენ,

რომ მათი ქონების განადგურებაში გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობა და ამავე რაიონის პოლიცია მონაწილეობდნენ. დაზარალებულთა აზრით, ამ ვარაუდს თუნდაც ის ფაქტი ადასტურებს, რომ სამართალდამცავები მეთოდურად ცდილობენ იგნორირება გაუკეთონ საქმეში არსებულ გარემოებებს, რაიონის გამგებლის მოადგილე თემურ ჯულუხიძე კი მათ მტკიცებულებების განადგურებაში ეხმარება.

ბრალდება, რასაც დაზარალებულები გამგეობასა და პოლიციას უყენებენ, საკმაოდ მძიმეა, თუმცა, საქმეში არის მთელი რიგი მტკიცებულებები, რაც ამ ბრალდებას დამაჯერებლობას მატებს. ოღონდ, სანამ უშუალოდ საქმის გარემოებებს განვიხილავთ, მანამდე, ორი სიტყვა იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყო ეს ისტორია.

ხსენებული პავილიონი თემქაზე, გზის პირას, საცხოვრებელი კორპუსიდან 50 მეტრის მოშორებით იდგა და სურსათით ვაჭრობდა. მარინა ნიორაძე და ჯემალ ტყავაშვილი არ მალავენ, რომ პავილიონი უკანონოდ იდგა: [ჯემალ ტყავაშვილის და მარინა ნიორაძის ხმა] “ეს პავილიონი იდგა მიწის საკუთრების გარეშე, ამიტომ, ყველანაირად ვცდილობდით, რომ აღრიცხვაზე დამვდგარიყავით. ამიტომ, სასამართლოში შევიტანეთ საბუთები და გავაკეთეთ ინდმეწარმე. ჰოდა, ავედით აღრიცხვაზე საგადასახადო ინსპეცქიაში და ვიხდიდით პრეზუმფციულ გადასახადს.” [სტილი დაცულია]

თემქის ტერიტორიაზე 600-ამდე სავაჭრო ჯიხურია, რომელთაგან უმრავლესობა ზუსტად იმავე სამართლებრივ საფუძველზე მოქმედებს, მაგრამ პოლიციამ მიზანში სწორედ ხსენებული პავილიონი ამოიღო: [ჯემალ ტყავაშვილის და მარინა ნიორაძის ხმა] “2000 წლის ოქტომბრის თვიდან დაგვიკეტეს ჯიხური პოლიციის მეშვიდე განყოფილების თანამშრომლებმა, პირადად უბნის ინსპექტორი მოდიოდა. ეს არის ამირან ზანგურაშვილი. ის მეუბნებოდა, გინდა თუ არა, მაჩვენე ნახაზი, რომ მიწა დამტკიცებულია და შენია ეს პავილიონი. ჩვენ ვეუბნებოდით, რომ ვინაიდან ეს არის დროებითი ნაგებობა, ნახაზი არა გვაქვს, მაგრამ, ვართ აღრიცხვაზე, ვიხდით გადასახადს…” [სტილი დაცულია]

როგორც პავილიონის მფლობელებმა მოგვიანებით გაარკვიეს, პოლიციის აქტიურობა რაიონის გამგებლის მოადგილის, თემურ ჯულუხიძის მოთხოვნით იყო გამოწვეული. იმავე 2000 წლის 27 ოქტომბერს ბატონი ჯულუხიძე, სპეციალური წერილით, კატეგორიულად ითხოვს რაიონის პოლიციისგან, მიაღწიოს პავილიონის დაკეტვას: “გთხოვთ, მიიღოთ ზომები თვითნებობის აღსაკვეთად და სავაჭრო პავილიონის ფუნქციონირების შესაჩერებლად”.

პავილიონის მფლობელებმა პოლიციის მოქმედება სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელმაც სარჩელი დააკმაყოფილა და დაადგინა: “აღკვეთილ იქნას ქ.თბილისის ნაძალადევის რაიონის შს პოლიციის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსის, ფირცხალავასა და უბნის ინსპექტორის ზანგურაშვილის მიერ უკანონო ხელშეშლა”. სასამართლო, სანამ გადაწყვეტილებას გამოიტანდა, 4 თვე გაგრძელდა, ამასობაში კი პავილიონი დაკეტილი იყო: [ჯემალ ტყავაშვილის და მარინა ნიორაძის ხმა] “სანამ სასამართლო მიმდინარეობდა 4 თვის მანძილზე, ეს ჯიხური გატეხეს და დაარბიეს და გაიტანეს პროდუქტები. ეს იყო დეკემბერში, 8 დეკემბერს, მაგრამ, პოლიციამ ეს დანაშაული დამალა. დღესაც გაუხსნელია, აი, ორი წელი გავიდა, მაგრამ დღესაც გაუხსნელია. გაუხსნელი კი არა, საერთოდ არ აღძრეს საქმე.” [სტილი დაცულია]

თუ რამდენად გულმოდგინეთ მოეკიდა პოლიცია ამ საქმის გახსნას, ამას ერთი დოკუმენტიც ცხადყოფს. 2001 წლის 13 აპრილს პოლიციის გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის, მშვენიერაძის მიერ გაცემულ და ხელმოწერილ დოკუმენტში ნათქვამია, თითქოს აღნიშნულ ჯიხურს ღამის საათებში დაუდგენელი მარკის სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა და მთელი ინციდენტი ამით ამოიწურება.

ამის შემდეგ, 2001 წლის იანვრის დასაწყისში, პავილიონის მფლობელებმა ისევ სცადეს მუშაობის დაწყება, მაგრამ პოლიციამ ისევ არ მისცა მუშაობის ნება, პავილიონში კი მუქარის წერილი დახვდათ – თუ არ გაჩერდებით, პავილიონს გადაგიწვავთო: [ჯემალ ტყავაშვილის და მარინა ნიორაძის ხმა] “ეს წარილიც, რა თქმა უნდა, პოლიციას ჩავაბარე – მაინც გქონდეთ მეთქი. ხელნაწერი იყო და ის ახლა პოლიციაშია.” [სტილი დაცულია]

მუქარა მას შემდეგ აღსრულდა, როცა პოლიციამ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა გაუშვა და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლით გულმოცემულმა ნიორაძემ და ტყავაშვილმა მუშაობის დაწყება გადაწყვიტეს: [ჯემალ ტყავაშვილის და მარინა ნიორაძის ხმა] “26 იანვარს ჯიხური დაწვეს – ორი მანქანის საბურავი დაუდეს და შიგნიდან, ეტყობა, ბენზინი ჩაასხეს. შიგნით, ვინაიდან იყო პლასტმასის მაცივრები, დახლმაცივარი, ესენი სულ ყველაფერი დაიწვა, თვითონ შენობა არ დაიწვა, ვინაიდან ეს არის ცეცხლგამძლე სამშენებლო მასალა.” [სტილი დაცულია]

ამის შემდეგ, ისე, რომ ძიება დამთავრებული არ იყო, მთავარი ნივთმტკიცება, დამწვარი პავილიონი, ჯულუხიძის ბრძანებით, ყოველგვარი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის გარეშე, ადგილიდან აიღეს და სხვაგან გადაიტანეს, რითაც ტყავაშვილისა და ნიორაძის ზარალი კიდევ უფრო გაიზარდა და, მთლიანობაში, 13 ათას ლარს მიაღწია. დაზარალებულებმა კიდევ ერთხელ მიმართეს სასამართლოს, მაგრამ ისევ უშედეგოდ: [ჯემალ ტყავაშვილის, მარინა ნიორაძის და სოზარ სუბელიანის ხმა]
-
“რაიონის სასამართლო როგორ უნდა გაამტყუნო, როცა უზანაესი სასამართლოს პალატის წევრი გეუბნება: მართალია, თქვენ მართლები ხართ, მაგრამ იმ დონის დანაშაული არ არის, რომ გამგებლის მოადგილე გავიმეტოთ საციხოდო. მე წნევამ დამარტყა, კინაღამ მოვკვდი, ეს, თურმე, ისეთი დანაშაული არ არის.”
-
“ვინ იყო მოსამართლე?”
-
“პალატას თავმჯდომარეობდა ნინო გვენეტაძე.”
-
“და ეს სიტყვები ვინ თქვა?”
-
“ეს სიტყვები თვითონ გვენეტაძემ გვითხრა: მართალია, თქვენ მართლები ხართო, მაგრამ, იმ დონის დანაშაული არ არისო, რომ გავიმეტოთ დასაჭერად გამგებლის მოადგილეო.”[სტილი დაცულია]

18 ივლისს დაზარალებულებმა სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი შეიტანეს. ისინი, ჯერჯერობით, ზარალის ანაზღაურებას არ ითხოვენ, მათ უმთავრეს მიზანს, ამ ეტაპზე მაინც, დამნაშავე ჩინოვნიკების გამოვლენა და დასჯა წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG