Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ შევარდნაძე კვლავაც ''ომის პარტიის'' მხარდამჭერად რჩება


კვირას, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე აფხაზური მხარის ინიციატივით, თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ანრი ჯერგენიას შეხვდა.

როგორც ჩანს, აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლები კვალავაც ძალიან შეშფოთებული არიან პარტიზანული შენაერთებისა და მათი მხარდამჭერი პოლიტიკური ძალების გააქტიურებით და საქართველოს მხრიდან უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვენ. მაშინ როცა, საქართველოს ხელისუფლება თავად არ არის დარწმუნებული, რომ აფხაზეთის ადმინისტრაციის ერთადერთი არაოკუპირებული ნაწილი - კოდორის ხეობა, კვლავ არ გახდება სეპარატისტებისა და რუსეთის ავიაციის აგრესიის ობიექტი. ასე რომ, ჭუბურხინჯის შეხვედრაზე ჯერგენია და ჯორბენაძე, მეტწილად, ერთმანეთის დამშვიდებას მოუნდნენ. თუმცა, თუ რამდენად გამოირიცხება სამხედრო პროვოკაციები კონფლიქტის ზონაში ძნელი სათქმელია, მით უფრო, რომ საქართველოს პრეზიდენტი კვლავაც "ომის პარტიის" მომხრე რჩება.

14 აგვისტოს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დაწყებიდან ათი წელიწადი სრულდება. ორივე ხალხისთვის ამ ტრაგიკული თარიღის მოახლოებას კი, როგორც წესი, კონფლიქტის ზონაში ახალ-ახალი, დიდი თუ მცირე მასშტაბის პროვოკაციები ემთხვევა ხოლმე. სოხუმი შიშობს, რომ კონფლიქტის მეათე წლისთავზე ქართული პარტიზანული რაზმები ერთბაშად რამდენიმე რაიონში განახორციელებენ დივერსიულ აქტებს, რის გამოც, სეპარატისტული აფხაზეთის მთელი სამხედრო ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. პარტიზანთა მხრიდან მოსალოდნელი აგრესიის აღკვეთის მიზნით, მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში, სეპარატისტული აფხაზეთის გენერალურმა შტაბმა რამდენიმე ტაქტიკური სწავლება ჩაატარა.

თუმცა აფხაზთა მხრიდან ეს უფრო ძალის დემონსტრირება გახლდათ, რადგან საეჭვოა, რომ რეგულარული სამხედრო ნაწილებმა რაიმე რეალურად დაუპირისპირონ ქართველ პარტიზანებს, რომლებმაც წელს მნიშვნელოვანი შევსება მიიღეს. ეგრეთწოდებული"ომის პარტიის" ლიდერმა, თბილისში მოქმედი ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ თამაზ ნადარეიშვილმა მთელი მისი მთავრობა საომარ რელსებზე გადაიყვანა და, როგორც თავად, აცხადებს რამდენიმე მსხვილი ბიზნესმენისგან დახმარებაც მიიღო.
აქედან გამომდინარე სოხუმი ოფიციალური თბილისისგან თავდაუსხმელობის გარანტიებს ითხოვს, რაც ანრი ჯერგენიას პირით ეუწყა კიდეც გასულ კვირას ავთანდილ ჯორბენაძეს. ბუნებრივია საბოლოო სიტყვა ედუარდ შევარდნაძეზეა, რომელიც კვლავაც "ომის პარტიის" მომხრედ რჩება.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] "აქედან გამომდინარე ჩვენ აბსოლუტურად სწორად მოვიქეცით, როდესაც შევეცადეთ შეგვენარჩუნებინა და გარკვეულ წილად გაგვეძლიერებინა კიდეც ის სტრუქტურები, რომლებმაც ლტოლვილთა დაბრუნების შემდეგ უნდა უზრუნველყონ მათი დაუყოვნებელი ჩართვა აფხაზეთის ეკონომიკურ, სოციალურ თუ კულტურულ ცხოვრებაში. არა მგონია მათია რსებობა, რაიმე თვალსაზრისით, ხელს უშლიდეს კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას".

ასეთი კომენტარით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საქმეში მისივე პირადი წარმომადგენლის, ასლან აბაშიძის მომხრეთა იმ მოსაზრებას, რომლის ძირითადი არსი თბილისში მოქმედი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურების გაუქმებაში მდგომარეობს. თანაც ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ედურდ შევარდნაძე ამ სტრუქტურებს სამშვიდობო მოწესრიგების ლამის ძირითად ინსტრუმენტად მიიჩნევს. მაშინ, როცა თავად თამაზ ნადარეიშვილი მის მთავარ დანიშნულებას აფხაზეთში მშვიდობის იძულებით დამყარებაში ხედავს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG