Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ასაზრდოებს კორუფციას ჟურნალისტიკაში


იმის შემდეგ, რაც ჟურნალისტთა ანტიკორუფციულ საგამოძიებო ბიუროდ წოდებულმა ჯგუფმა ათი კორუმპირებული და ათი არაკორუმპირებული ჩინოვნიკის სია გამოაქვეყნა,

ქართულ ჟურნალისტიკაში ნამდვილი სკანდალი განვითარდა: გამომძიებელი ჟურნალისტების მეორე ჯგუფმა (გაზეთ “ალიადან”) პირველი ჯგუფი (ანტიკორუფციული საგამოძიებო ბიურო) საჯაროდ ამხილა კორუფციაში. ამის შემდეგ პრესაში რამდენიმე მასალა გამოქვეყნდა კორუფციული ჟურნალისტიკის თემაზე.

შევეცდებით ვუპასუხოთ კითხვას, თუ რა ასაზრდოებს კორუფციას ჟურნალისტიკაში.

ჟურნალისტიკაში არსებული კორუფციის თემა, ბოლო დრომდე, საჯარო განხილვას არ ექვემდებარებოდა. არაჟურნალისტები – პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები – ამ თემაზე საუბარს გაურბოდნენ, რადგან პრესის განაწყენებას ყველა ერიდება. თავად ჟურნალისტების მხრიდან საკუთარი ცოდვების გამომზეურება მოსალოდნელი არ იყო, კოლეგა ჟურნალისტების მხილება კი უხერხულ საქციელად მიიჩნეოდა. ასე რომ, მედიაში არსებული კორუფციის თემა მუდმივად განიხილებოდა პრივატულ საუბრებში, მაგრამ არასდროს – საჯაროდ. ამიტომაც პოლიტიკოსებმა ჟურნალისტთა კორპუსი “ხელშეუხებელ კლანად” მონათლეს. ჟურნალისტთა ანტიკორუფციული საგამოძიებო ბიუროს მხილებაც კორუფციასა და ფულის გამოძალვაში იმის გამო გახდა შესაძლებელი, რომ სინამდვილეში ამ ბიუროს წევრები ჟურნალისტები არ არიან. ყველა მასალა, რომელსაც ისინი პერიოდულად აქვეყნებენ, მათ შორის – კორუმპირებულ და არაკორუმპირებულ ჩინოვნიკთა სიაც – ინტერესთა გარკვეული ჯგუფის ხელში არსებული პოლიტიკური იარაღია. ამჯერად კორუმპირებულთა სიაში მოხვდნენ ის პოლიტიკური ფიგურები, რომლებსაც სახელმწიფო მინისტრი უპირისპირდება, ხოლო არაკორუმპირებულები აღმოჩნდნენ თავად სახელმწიფო მინისტრი და მისი თანამოაზრეები.

დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ჟურნალისტებს ერთმანეთის მხილება კორუფციაში ჯერ არ უცდიათ. თუმცა, ზოგადად, კორუფციის არსებობას ამ სფეროში არავინ უარყოფს. არის ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც მუდმივად ასაზრდოებს კორუფციას მედიაში. კერძოდ, გაზეთებიც და ტელეარხებიც დღეს მთლიანად არიან ორიენტირებული ხელისუფლებაზე და თითქმის არ აინტერესებთ საზოგადოება. შესაბამისად, ჟურნალისტებს მუდმივად უხდებათ ურთიერთობა პოლიტიკოსებთან და ჩინოვნიკებთან, სამაგიეროდ ისინი მთლიანად არიან მოწყვეტილი საზოგადოებას. ეს რეალობა ერთმანეთთან მჭიდროდ აკავშირებს ჟურნალისტსა და ხელისუფალს, ხოლო საზოგადოებრივი წნეხისგან ორივე თავისუფალია. ამ შემთხვევაში, მხოლოდ კონკრეტული ჟურნალისტის პროფესიონალიზმზე და კონკრეტული ხელისუფლის ზნეობაზეა დამოკიდებული, როგორ შინაარს შეიძენს მათი თანამშრომლობა. ზოგადი ფონი კი სწორედ იმისთვისაა ხელსაყრელი, რომ კორუფციამ ჟურნალისტიკაშიც იხაროს.

სულ სხვა ვითარება შეიქმნებოდა, თუკი პრესისა და ტელევიზიის მთავარ ორიენტირად საზოგადოება ჩამოყალიბდებოდა და არა ხელისუფლება. უცხოელი ექსპერტები, რომლებიც ძალზე ხშირად ატარებენ სემინარებს საქართველოში, ჟურნალისტებს ერთსა და იმავეს ურჩევენ: გამოხურეთ პარლამენტისა და სახელმწიფო კანცელარიის კარი და გადით ქუჩაში, დააკვირდით უბრალო ადამიანებს, ესაუბრეთ მათ, აღწერეთ მათი პრობლემები. როდესაც ქართული ჟურნალისტიკა უფრო მეტად გაითვალისწინებს უცხოელი ექსპერტების რჩევებს, კორუფცია შემცირდება, პროფესიონალიზმის ხარისხი კი მოიმატებს.
XS
SM
MD
LG