Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ძალებისგან და საიდან ემუქრება საქართველოს საფრთხე ანუ ვერსიები მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ


მოსალოდნელი დესტაბილიზაციის თემა საქართველოში ისევ აქტუალურია. ვრცელედება ვერსიები იმის შესახებ, თუ საიდან შეიძლება ემუქრებოდეს ქვეყანას საფრთხე და ამ ვერსიებში

საქართველოს წინააღმდეგ მოქმედ მთავარ სუბიექტად ისევ და ისევ რუსეთი იკვეთება, რუსული სცენრის ჩარჩოებში გასააქტიურებელ მცირე სუბიექტებად კი აფხაზი და ოსი სეპარატისტები და ჩეჩნები. მოსალოდნელი დესტაბილიზაციის თემა საქართველოში ისე გაცვდა, რომ მის ყოველ წამოტივტივებას საზოგადოება ირონიით ხვდება ხოლმე, საქართველოსდამი რუსეთის ბოლოდროინდელი დამოკიდებულება კი სახუმაროდ არ გამოიყურება. ის უფრო საფრთხის რეალურობაზე მეტყველებს. აღნიშნულის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება საფრთხის პირას მდგომი ქვეყნის ხელისუფლების შთაბეჭდილებას არ ტოვებს. ქვეყნის ტერიტორიების გახშირებულ დაბომბვებს ის, გაუგებრად, თავშეკავებულ პოზიციას აგებებს.

ბოლო ათი დღის მანძილზე საქართველოს ტერიტორია რამდენჯერმე დაიბომბა. უკანსკნელი ფაქტი საკმაოდ გვიან გახმაურდა. 6 აგვისტოს დაბომბვის შესახებ ინფორმაცია 7 აგვიტოს, საღამოს გავრცელდა. მიუხედავდა იმისა, რომ საქართველოში უცხო ქვეყნის საბრძოლო საშუალებების ჩდრილოეთიდან შემოფრენა ეჭვგარეშეა, ხელისუფლება რუსეთის მიმართ სერიოზული პრეტენზიების წაყენებას აგვიანებს.

გაუგებარი იყო ედუარდ შევარდნაძის ამასწინანდელი განცხადება. გამომდინარე იქიდან, რომ დაბომბვებს ადამიანთა მსხვერპლი არ მოჰყოლია, ჩრდილოეთიდან გახშირებულ საჰაერო შემოტევას მან საგანგაშო არ უწოდა. ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით დუნეა საქართველოს მთელი ხელისუფლების პოზიციაც.ქვეყნის ტერიტორიების დაბომბვები სათანადო რეზონანსის გარეშე მიმდინარეობს და რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება საკითხის საერთაშორისო დონეზე გამწვავებას ერიდება. არადა, მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ ვერსიები და ყოველდღიური ფაქტებიც, რომლებიც შესაძლო გართულებებზე თავისთავად მეტყველებს, პირველ რიგში ხელისუფლების წევრებს აფრთხობთ. ეს ფაქტები და ვერსიები საფრთხეს სხვა და სხვა მხრიდან წარმოაჩენს.

დავიწყოთ პანკისის პრობლემით, რადგან რუსეთსა და საქართველოს გართულებული ურთიერთობის ყველაზე გახმაურებულ საბაბად, სწორედ პანკისი მიიჩნევა. პანკისის ხეობიდან ვითარების კიდევ უფრო გართულების საშიშროებას საქართველოში დაკავებული ჩეჩენი ბოევიკების რუსეთში ექსტრადიციის ალბათობა ამძაფრებს. ერთ-ერთი უკანასკნელი ვერსიით, თუ რუსეთის გენერალური პროკურატურა დაკავებულების წინააღმდეგ მძიმე ბრალდებებს შეიმუშავებს და თავის ქართველ კოლეგებს წარუდგენს, ჩეჩნების რუსეთის მხარისთვის გადაცემაზე მათი დაყოლიების შემთხვევაში საქართველოს წინააღმდეგ ჩეჩნების აგრესიის პროვოცირებას შეძლებს. მოვლენების ასე განვითარების შემთხვევაში ვერსია რუსეთის მიერ გასაკეთებელის ჩეჩნების ხელით გაკეთებას წინასწარმეტყველებს.
ედუარდ შევარდანძე პანკისის პრობლმის თვენახევარში გადაჭრის პირობას დებს, მაგრამ ეს სიტუაციის, სწორედ პანკისის ხეობიდან დამძიმების საფრთხეს ვერ ანეიტრალებს. ხეობაში არსებული პრობლემების მოკლე ვადებში მოგვარების პირობა საქართველოს ხელისუფლებას უწინაც არა ერთხელ დაუდია. მისი უუნარობა გვაიძულებს პანკისის ხეობაში არსებული მძიმე ვითარება საქართველოს გრძელვადიან პრობლემად განვიხილოთ, თუმცა, რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ ქვეყნის სხვა პრობლემებით სპეკულირებაც შეუძლია. 7 აგვისტოს, მთავრობის სხდომაზე, სამეგრელოს რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულმა აფხაზეთში ვითარების დაძაბვის საშიშროებაზე ისაუბრა. ბონდო ჯიქიამ გალის რაიონში 1998 წლის მაისის მოვლენების მსგავსის პროვოცირება არ გამორიცხა, თუმცა, მთავრობის სხდომიდან გამოსულმა, ჟურნალისტებთან საუბრისას ტონი შეცვალა და გალის რაიონში შესაძლო პროვოკაციასთან დაკავშირებით ზოგადი განცხადება გააკეთა.

[ბონდო ჯიქიას ხმა] “ვთქვი, რომ 1998 წლის მოვლენების მსგავსი არ მოხდეს-თქო, რა მოხდება არ ვიცი, მაგრამ, ვშიშობ არ მოხდეს რაიმე ცუდი.”

აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალებისა და მოხალისეების დამატებითი ძალების კონცეტრაციის შესახებ უცხოეთის საინფორმაციო საშუალებები საქართველოს ოფიციალურ წყაროებზე დაყრდონით იუწყებიან. თავის ვერსიას ავრცელებს მოსკოვში მყოფი თენგიზ კიტოვანიც. მისი თქმით, რუსეთ-საქართველოს ჩეჩნეთის მონაკვეთზე შექმნილ დაძაბულობას თბილისიც და მოსკოვიც აფხაზეთში გადაიტანს. “ბი-ბი-სი”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კიტოვანი განმარტავს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ხდება როგორც ჩეჩენი ბოევიკების, ისე მათი მოწინააღმდეგეების კონცენტრაცია. როგორც ვხედავთ, აფხაზეთში ვითარების შესაძლო გართულებაზე ხელისუფლებაშიც მსჯელობენ და მის პრორუსულ ოპოზიციაშიც და, კიდევ, რუსეთ-საქართველოს შორის დაძაბულობის ფონზე მკვეთრი განცხადებების გაკეთებას იწყებს ეგერთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებაც.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არც ერთი ძალოვანი უწყება არ ადასტურებს იმას , რომ ცხინვალის თავზე ბოლო დროს გამოჩენილი ვერტმფრენები საქართველს კუთვნილებაა, ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების შერეული საკონტროლო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი მაჭავარიანმა ედუარდ კოკოითის უკანასკნელ განცხადებაში შეიარაღებული კონფლიქტის განახლების საშიშრობა დაინახა. სამხეთ ოსეთის თვითმარქვია პრეზიდენტი ქართული მხრიდან შეფრენილი ყველა ვერტმფრენის ჩამოგდებით იმუქრება. სიტუაციაში გასარკვევად ირაკლი მაჭავარიანმა ცხინვალში გამგზავრება გადაწყვიტა. კონფლიქტების გამწვავების ასაცილებლად ხელისუფლებას სხვა და სხვა მიმართულებით უწვეს მუშაობა. როგორ მუშაობს ის, ეს ცალკე თემაა. ფაქტია, რომ ვითარება ქვეყანაში უკიდურესად რთულია და მოსალოდნელი დესტაბილიზაციისა თუ შესაძლო პროვოკაციების თემა უსაფუძვლოდ არ გამოიყურება.
XS
SM
MD
LG