Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანქტ-პეტერბურგის იუბილე თბილისში


ერთ თვეში თბილისს ახალი ფესტივალი ელის. საქართველოში მოეწყობა სანქტ-პეტერბურგის ხელოვნების დღეები. თბილისი პირველი ქალაქი იქნება, რომელიც სანქტ-პეტერბურგის დაარსების სამას

წლისთავს აღნიშნავს. მართალია, ფესტივალი ოფიციალურად არ გახსნილა, პეტერბურგელ მხატვართა ექსპონატები უკვე ჩამოიტანეს თბილისში.

ესაა ცნობილი რუსი ფოტოგრაფის, ანატოლი მედვედნიკოვის 90 ნამუშევარი, რომელიც სანქტ-პეტერბურგის ფესტივალის ორგანიზატორებმა, რუსული კულტურის ცენტრის მესვეურებმა ორიგინალურად უნდა გამოფინონ. საერთოდ, ფესტივალის ორგანიზატორთა თქმით, სანქტ-პეტერბურგის კულტურის დღეები რაც შეიძლება ორიგინალურად უნდა ჩატარდეს თბილისში, რასაც, როგორც ჩანს, დიდი ძალისხმევა არ დაჭირდება: ფესტივალზე ჩამოვლენ არა მარტო პოპულარული მსახიობები _Yმაგალითად, ალისა ფრეინდლიხი, _Y არამედ ის არტისტებიც, რომელთა მოღვაწეობა ქართველმა მაყურებელმა შესაძლებელია არაერთმნიშვნელოვნად აღიქვას, _Y მაგალითად, ვალერი მიხალკოვის საბალეტო დასი, რომლის სოლისტები მხოლოდ მამაკაცები არიან... მამაკაცები, რომლებიც ქალის პარტიებსაც ცეკვავენ. არ არის გამორიცხული, რომ აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობა მოჰყვეს რუსული როკის ახლა უკვე ვეტერანის, ბორის გრებენშიკოვის კონცერტებსაც. გრებენშიკოვის ანსამბლი _Y“აკვარიუმი” ხომ კვლავაც ებრძვის სტერეოტიპებს პოეზიასა და მუსიკაში და ხშირად სრულიად გამიზნულად აღიზიანებს ობივატელს. თავად რუსული კულტურის ცენტრი კი ყველაფერს აკეთებს, რათა პუბლიკას ამ წარმოდგენების ნახვის შემდეგ კამათის საშუალება მიეცეს. გრიბოედოვის თეატრში, რომელიც ფესტივალის ცენტრად იქცევა, სულ მალე დასრულდება სარემონტო სამუშაოები, გაიხსნება კაფე, სადაც ქართველებს რუს ავანგარდისტებთან შეხვედრის საშუალება ექნებათ. ლენინგრადელი, ახლა კი უკვე სანქტ-პეტერბურგელი პოეტების ლექსებს გრიბოედოვის თეატრის ქართველი მსახიობები წაიკითხავენ. ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გრიბოედოვის რუსული თეატრის მხატვარმა გიორგი ნადირაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ფესტივალის დაფინანსებაში საქართველოს ხელისუფლება მონაწილეობას არ იღებს და რომ სანქტ-პეტერბურგის კულტურის დღეები საკმაოდ სოლიდური გრანტით ტარდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ასეთი მაღალი დონის ფესტივალის ჩატარება, პირველ რიგში, რუსულ მხარეს აწყობს. მხოლოდ ერთი რამ რჩება გაურკვეველი: რუსეთის მეორე ქალაქი (სხვათა შორის, პრეზიდენტ პუტინის ქალაქი) სამას წლისთავს მხოლოდ გაისად აღნიშნავს... რატომ ჩქარობენ ასე რუსული კულტურის მოღვაწეები საქართველოში ჩამოსვლას და რატომ მაინცდამაინც შემოდგომაზე, როცა “მედასავლეთე” ქართველი პოლიტიკოსები თბილისში დიდ არეულობას წინასწარმეტყველებენ, _Yნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ სანქტ-პეტერბურგისა და თბილისის კულტურის მოღვაწეებს ისტორიულად ბევრი რამ აკავშირებთ?
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG