Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო მინისტრის პოსტის ახალი კანდიდატი


გასული კვირის ბოლოს და მიმდინარე კვირის დასაწყისში პრესაში ორჯერ გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი გია ჭანტურია

საშემოდგომოდ სახელმწიფო მინისტრობისთვის ემზადება. პრესის ვერსიით, სახელმწიფო მინისტრის პოსტი ამ შემთხვევაშიც ერთგვარი შუალედური რგოლია, მოსამზადებელი ეტაპია მომავალი პრეზიდენტობისთვის. გია ჭანტურიას ჩართვა პოლიტიკაში – თანაც, პრეზიდენტის მემკვიდრის სტატუსით – ქართულ პრესაში ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ განიხილებოდა.

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 2001 წლის 30 იანვარს გაზეთ “ალიაში” გამოქვეყნდა ჟურნალისტ ქეთი ხატიაშვილის ინტერვიუ პრეზიდენტის პრესსამსახურის ყოფილ უფროსთან, იმჟამად უკვე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარესთან, ვახტანგ აბაშიძესთან. საუბრისას ვახტანგ აბაშიძემ, კონკრეტული გვარის მითითების გარეშე, მაგრამ საკმაოდ დეტალურად დაახასიათა ადამიანი, რომელიც, მისი აზრით, ედუარდ შევარდნაძეს შეცვლის პრეზიდენტის პოსტზე. დახასიათება შემდეგ ინფორმაციას მოიცავდა: ეს ადამიანი სერიოზულ ბერკეტებს ფლობს; შეიძლება, პირველ პლანზე არ არის, მაგრამ მაღალი პოსტი უკავია; არ არის აუცილებელი, ეს პოსტი, მაინცდამაინც, აღმასრულებელ ან საკანონმდებლო შტოში იყოს; ამ ადამიანს დღეს უკვე სერიოზული ძალაუფლება აქვს, იგი სერიოზულ ინფორმაციას ფლობს და მომზადების სერიოზული საშუალებებიც გააჩნია. თანაც, იმის გამო, რომ მასზე ყურადღება ნაკლებადაა ფოკუსირებული, მომზადებისთვის დროც აქვს. ამ პიროვნებაზე ბევრი პოლიტიკური ძალა დადებს ფსონს, რადგან დღეს არსებული პრობლემები, ზოგჯერ მიზანმიმართულად შექმნილი ნეგატივი, ეხება როგორც უმრავლესობას, ისე უმცირესობას. მაგრამ ეს პიროვნება არის წრიდან, რომელსაც ეს ნეგატივი არ ეხება – იგი თავის საქმეს აკეთებს.

ამ ინტერვიუმ, რომელიც წელიწადნახევრის წინ გამოქვეყნდა, პოლიტიკურ წრეებში სერიოზული რეზონანსი გამოიწვია. ვახტანგ აბაშიძის მიერ დახასიათებულ პიროვნებაში ზოგმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ლადო ჭანტურია ამოიცნო, ზოგმა კი – საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი გია ჭანტურია.

2001 წლის 17 თებერვალს “ალია” კიდევ ერთხელ მიუბრუნდა პრეზიდენტის ინკოგნიტო მემკვიდრის თემას და ვახტანგ აბაშიძის ინტერვიუს კომენტარი თავად ლადო და გია ჭანტურიებს სთხოვა. საპრეზიდენტო ამბიცია ორივემ კატეგორიულად უარყო, თანაც, ლადო ჭანტურიამ – უხეშად, არგუმენტების გარეშე, გია ჭანტურიამ კი, ეჭვების გასაფანტად, სერიოზული არგუმენტები მოიშველია და ის ვადაც დაასახელა, რომლის განმავლობაში მისი ჩართვა პოლიტიკაში მოსალოდნელი არ არის. “შორს ვარ ყოველგვარი პოლიტიკური ცხოვრებისგან. – თქვა მან, – ძალიან დიდი პროექტი გვაქვს, რომლის განხორციელებასაც ათი წელი მაინც სჭირდება. უცხოელ ინვესტორებთან დადებული ხელშეკრულებითაც აკრძალული გვაქვს, ვიყოთ პოლიტიკურ მოვლენებში. არ ვიცი, ვინ, თუმცა, ძალიან უგუნური ყოფილა ის პოლიტიკოსი, ვინც ასეთ სიტუაციაში ჩემი სახელი და გვარი დაასახელა. მათი პოლიტიკური აზროვნება და ანალიზის უნარი ძალიან დაბალ დონეზე ყოფილა”. სხვათა შორის, ის პოლიტიკოსები, რომლებმაც პრეზიდენტის ინკოგნიტო მემკვიდრეში გია ჭანტურია ამოიცნეს და ამის გამო მწვავე შეფასებები დაიმსახურეს, ვალერი გელბახიანი და დავით ბერძენიშვილი იყვნენ.

ძველი ინტერვიუს გამოქვეყნებიდან წელიწადნახევრის შემდეგ, გასული კვირის შაბათს, ისევ “ალიაში” დაიბეჭდა სტატია, რომელშიც, კონფიდენციალურ წყაროზე მითითებით, მოთხრობილია მოვლენების განვითარების შემდეგი სცენარი: შემოდგომის დასაწყისში პარლამენტი მოითხოვს ავთანდილ ჯორბენაძის გადაყენებას, პრეზიდენტი პარლამენტის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მორიგ სახელმწიფო მინისტრად კი გია ჭანტურიას წარადგენს. ამავე ვერსიას იმეორებს გაზეთი “ქრონიკა”.

არის თუ არა მოსალოდნელი გია ჭანტურიას წარდგენა სახელმწიფო მინისტრის პოსტზე? პოლიტიკური ლოგიკა გვკარნახობს, რომ ეს სავსებით შესაძლებელია. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ავთანდილ ჯორბენაძე, თავისი დაბალი საზოგადოებრივი რეიტინგის გამო, შუალედური ფიგურაა და ერთ-ერთ უმაღლეს სახელისუფლო პოსტს მხოლოდ დროებით იკავებს. პოლიტიკურ პროცესს კი სერიოზულად აჩქარებს საშემოდგომო დესტაბილიზაციის საფრთხე. ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, პრეზიდენტს მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაც მოუხდება და მნიშვნელოვანი მოკავშირის მოძებნაც. სწორედ ამ კონტექსტში ბუნებრივად ჩნდება ახალი პოლიტიკური სცენარი. ამ სცენარის სავარაუდო პერსონაჟებს შორის კი გია ჭანტურია ერთ-ერთი სერიოზული სახეა. პოლიტიკაში მის ჩართვას ექსპერტები კარგა ხანია ვარაუდობდნენ. თუ ნავთობის კორპორაციის პრეზიდენტი საკუთარ თავში საპრეზიდენტო ამბიციას გრძნობს, იგი, ნებსით თუ უნებლიეთ, იძულებული შეიქნება პოლიტიკურ ასპარეზზე სწორედ ახლა, პრეზიდენტისთვის და ქვეყნისთვის ყველაზე მწვავე მომენტში გამოჩნდეს.
XS
SM
MD
LG