Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი პირადი უსაფრთხოების სამომავლო გარანტიებზე ზრუნავს


ედუარდ შევარდნაძე პირადი უსაფრთხოების სამომავლო გარანტიებზე ზრუნავს. ეს გარანტიები კი იმ კანონში უნდა ჩაიდოს, რომლის იდეაც, თითქოსდა, ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხსოვნის უკვდაყოფასა

და მისი ოჯახის წევრების სოციალური თუ სხვა გარანტიებით უზრუნველყოფის მიზანს ემსახურებოდა. უკვე მომზადებული კანონპროექტი სოციალური და სხვა გარანტიებით ყველა ექსპრეზიდენტის და მათი ოჯახის წევრების უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ის ამასწინანდელ მთავრობის სხდომაზე უნდა განეხილათ, მაგრამ პროცესი მცირე ხნით გადაიდო.

გესაუბრებით საქართველოს პრეზიდენტის და მისი ოჯახის წევრების სამომავლო უსაფრთხოებისთვის მზადების შესახებ და, აღნიშნულთან დაკავშირებით, ცალკეულ პოლიტიკოსთა მოსაზრებებსაც შემოგთავაზებთ.

“საქართველოს ექსპრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ კანონპროექტის” თანახმად, ყოფილი პრეზიდენტისა და მისი ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სახელმწიფომ ყოველწლიურად 139372 ლარი უნდა დახარჯოს. ამავე კანონპროექტის მიხედვით, ექსპრეზიდენტს სიცოცხლის ბოლომდე უნდა ჰყავდეს პირადი დაცვა, არა უმცირეს, 10 კაცის შემადგენლობით. ამასთან, დაუშვებელი უნდა იყოს ექსპრეზიდენტის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, მისი დაკავება და დაპატიმრება. მსგავსი რამ შესაძლებელი მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თანხმობის შემთხვევაში უნდა იყოს. ექსპრეზიდენტის გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახის ყველა არასრულწლოვანმა ან შრომისუუნარო პირმა უნდა მიიღოს პრეზიდენტის ხელფასის ოდენობის პენსია და ა. შ. აღნიშნული პრივილეგიები არ უნდა გავრცელდეს იმ პრეზიდენტზე, რომელსაც იმპიჩმენტის წესით გადააყენებენ.

კანონპროქტი “საქართველოს ექსპრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მომზადდა. თავიდან ის ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხსოვნის უკვდავსაყოფად და მისი ოჯახის წვრების დაცვის მიზნით მზადდებოდა, მოგვიანებით კი გადაწყდა ყველა ექსპრეზიდენტზე გავრცელებულიყო. შეგახსენებთ, რომ ხსნებული კანონპროექტი 14 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე უნდა განეხილათ, მაგრამ, პროცესი პრეზიდენტ შევარდნაძემ გადადო.”საქართველოს ექსპრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ კანონპროექტს” მთავრობის წევრები მას შემდეგ მიუბრუნდებინ, რაც მას პარალმენტის კომიტეტებში გაეცნობიან, ფინანსთა მინისტრი კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხების გამოყოფის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციას წარმოადგენს.

როგორც ჩანს, ექსპრეზიდენტის და მისი ოჯახის წევრების დაცვაზე ზრუნვა საქართველოში ისეთივე სცენარით მიმდინარეობს, როგორითაც ვლადიმირ პუტიმა იხელმძღვანელმა. მსგავსი კანონის მიღებას რუსეთში სარჩულად ექსპრეზიდენტ ბორის ელცინის და მისი ოჯახის წევრების დაცვის მოთხოვნა დაედო, თუმცა, 2001 წელს მიღებული კანონი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს პუტინს და მის ოჯახის წევრებსაც მიანიჭებს. ექსპრეზიდენტის და მისი ოჯახის სოციალური და სამართლებრივი გარანტიებით აღჭურვას რუსეთში არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა. ასე ხდება ჩვენშიც. ერთნი თვლიან, რომ ექსპრეზიდენტისთვის უსაფრთხოების გარანტიების შექმნა იქნება წინგადადგმული ნაბიჯი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე, _ თუ რატომ, ამას ლეიბორისტი შალვა ნათელაშვილი განმარტავს:

[შალვა ნათელაშვილის ხმა] “ასეთი ნორმები ჯობია ქვეყანაში არსებობდეს, ვიდრე არ არსებობდეს და ამან გამოიწვიოს ის, რომ კაცმა კიდევ ერთხელ მოინდომოს 50 წლით პრეზიდენტობა და შეეშინდეს, რომ წასვლის შემთხვევაში მას დაესხმებიან, მოიტაცებენ და სხვა და სხვა. ასე რომ, ეს სახელმწიფოებრივი სტაბილურობის სერიოზული გარანტიებია, რათა ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში საზოგადოებაში არ შეიქმნას უმართავი სიტუაცია.”

ასევე ფიქრობს პარლამენტარი გიორგი თარგამაძეც. მისი აზრით, იდგმება პირველი ნაბიჯები სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბების კუთხით და არ შეიძლება საკითხს შევარდნაძეზე სუბიექტური ან ობიექტური შეხედულების მიხედვით მივუდგეთ.

[გიორგი თარგამაძის ხმა] “იქნება ეს შევარდნაძე თუ იქნება სხვა, _ ღმერთმა ქნას შევარდნაძეზე უკეთესი პრეზიდენტი გვყავდეს, _ ასეთი გარანტიებით ნებისმიერი ექსპრეზიდენტი უნდა არსებობდეს.”

არსებობს განსხვავებული აზრიც: “ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული ფრონტის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტს დაცვის გარკვეული გარანტიები უნდა ჰქონდეს, მაგრამ არა ისეთი, როგორსაც შევარდნაძე ითხოვს.

[დავით ბერძენიშვილის ხმა] “ ყოფილი პრეზიდენტის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიუცემლობა არის დე ფაქტო აღიარება იმის, რომ, როცა პრეზიდენტი აღარ იქნება, ბევრი საქმე იქნება ისეთი, რაზედაც გასასამართლებელი იქნება. ასე რომ, არანაირი საყოველთაო ხელშეუხებლობის გარანტიები პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს და არც მისი ოჯახის წევრები უნდა არჩინოს მუდმივად საქართველოს მოსახლეობამ.”

ასეა თუ ისე, ედუარდ შევარდნაძე უკვე უსაფრთხოების გარანტიებზე ზრუნავს და დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ 2005 წლამდე ის ამ გარანტიების შექმნას მაინც მიაღწევს .
XS
SM
MD
LG