Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში საქართველოს ახალ ლიდერზე ფიქრობენ


საქართველოსა და რუსეთს შორის გართულებული ურთიერთობის ფონზე, რუსი პოლიტოლოგები და პოლიტიკის ექსპერტები საჯაროდ მსჯელობენ შევარდნაძის შემდგომ პერიოდზე და რუსეთისთვის

სასურველ ლიდერზე საქართველოს ხელისუფლებაში.

რუსი ექსპერტები საიდუმლოს არც იმ ფაქტისგან ქმნიან, რომ პუტინს ელცინის მემკვიდრეობისგან გათავისუფლება სურს და ეს, პირველ რიგში, ეხება სტამბულის ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანას გულისხმობს. რუსეთისთვის სასურველი ლიდერი საქართველოში სწორედ ის იქნება, ვინც ამ პროცესის გაჭიანურებას გაგებით და მოთმინებით შეხვდება.

ედუარდ შევარდნაძის მიმართ გაღიზიანება რუსულ საინფორმაციო საშუალებებში დღითი დღე უფრო მეტად იგრძნობა. შესაბამისად, ჟონავს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვითარებას ვერ აკონტროლებს და რომ საქართველოში უახლოეს მომავლში უმართავი პროცესები დაიწყება.

გაზეთი “24 საათი” აქვეყნებს რუსი ექსპერტების მოსაზრებებს იმის შესახებ, თუ რა პერსპექტივები შეიძლება არსებობდეს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობაში ედუარდ შევარდნაძის შემდეგ. თავისთავად, ამ თემის წამოწევა მაშინ, როდესაც საპრეზიდენტო ვადის გასვლამდე სამი წელიწადია დარჩენილი, მიუთითებს მოვლენების ხელოვნურად დაჩქარების სურვილსა თუ მოლოდინზე. რამდენიმე ექსპერტს შორის ერთადერთია პოლიტოლოგი სერგეი კარაგანოვი, რომელიც ღიად საუბრობს რუსეთისთვის სასურველ სცენარზე: “სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით, _ წერს იგი, _ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე სუსტი სახელმწიფოა და უახლოეს მომავალში იქ შეიძლება უმართავ პროცესებსაც ველოდოთ” (“24 საათი”, 1 აგვისტო).

ეს თემა _ საქართველოში სახელმწიფო ძალაუფლების სისუსტე – რუს პოლიტოლოგებს შორის მეტად და მეტად პოპულარულია. ინტერნეტული გაზეთი “სტრანა.რუ” 12 აგვისტოს აქვეყნებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის, ვლადიმერ ჟარიხინის ინტერვიუს. ამ ინტერვიუში საქართველოში მოსალოდნელი პროცესები ახსნილია სწორედ სახელმწიფო ხელისუფლების სისუსტით და ქვეყანაში არა ერთიანი ცენტრის, არამედ _ ძალაუფლების ცენტრების არსებობით. “შევარდნაძე ქმნის შთაბეჭდილებას, რომ იგი პროცესებს მართავს, _ ამბობს ვ. ჟარიხინი, _ სინამდვილეში პროცესი მის გარეშე ვითარდება. საქართველოს პრეზიდენტი შესაძლებლობების მეტისმეტად ვიწრო დერეფანში მოძრაობს”.

რუსი ექსპერტები საქართველოს სამომავლო მშვიდობას და კეთილდღეობას სრულიად ღია ტექსტით უკავშირებენ რუსეთთან ინტეგრაციას. პოლიტოლოგი იგორ ბუნინი ამგვარ პირობას გვთავაზობს: “თუკი თქვენს ქვეყანაში მოვლენები რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის ტონის შეცვლით განვითარდება, შეიძლება მალე საქართველოში დღევანდელი რუსული პოლიტიკური ელიტისთვის ხელსაყრელი ხელისუფლება მოვიდეს.” დიმიტორი როგოზინი, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში საერთაშორისო საქმეთა კომიტეტს ხელმძღვანელობს, ასეთ პერსპექტივას სახავს: “შევარდნაძის შემდგომი ეტაპი საქართველოში თვისებრივად განსხვავებული იქნება, თუკი ქართველი პოლიტიკოსები მოინდომებენ მოსკოვთან თვისებრივად ახლებურ დიალოგს”.

საინტერესოა, რატომ ფიქრობენ რუსი პოლიტიკოსები და პოლიტიკის ექსპერტები, რომ შევარდნაძის შემდეგ საქართველოს პრორუსული ორიენტაციის ლიდერი ეყოლება. საქართველოში პოლიტიკური ტენდენცია სწორედ ამის საწინააღმდეგოზე მიუთითებს. 2 ივნისის არჩევნებში პრორუსულმა პარტიებმა მოსახლეობის მხარდაჭერა ვერ მიიღეს, რასაც თვალსაჩინოდ ადასტურებს სოციალისტური პარტიის მარცხი. რჩება ერთი გზა: პროცესებში ჩარევა, მისთვის სასურველი მიმართულების მისაცემად. ვლადიმერ ჟარიხინი ტერმინ “ჩარევას” უარყოფს და მის ნაცვლად გვთავაზობს ტერმინს “ნორმალური პოლიტიკური გავლენა”. რუსეთი ეძებს ნორმალური პოლიტიკური გავლენის გზებს საქართველოზე იმისათვის, რომ ქვეყნის მომავალი ლიდერი სწორედ ამ გავლენის შედეგად შეირჩეს.
XS
SM
MD
LG