Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საკითხში შევარდნაძეს კიდევ ერთი თანაშემწე გამოუჩნდა


აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში საერთაშორისო ინსტიტუტებისა და გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის ქვეყნების მონაწილეობის პარალელურად,

თბილისი სულ უფრო აქტიურად ცდილობს მოლაპარაკების პროცესში შიდა რეზერვების ამოქმედებას. აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებში პრეზიდენტის წარმომადგენლის სტატუსით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის, ასლან აბაშიძის დანიშვნის შემდეგ, ედუარდ შევარდნაძის პირად წარმომადგენელთა სია ამ დღეებში კიდევ ერთი ადამიანით გაზარდა. ეს გახლავთ აფხაზი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე ლორიკ მარშანია, რომლის რწმუნებულად დანიშვნის შესახებ განკარგულებასაც ედუარდ შევარდნაძემ 14 აგვისტოს მოაწერა ხელი.


აფხაზეთის ტერიტორიაზე საომარი კონფლიქტის დაწყების მეათე წლისთავზე, ედუარდ შევარდნაძემ მოულოდნელი საკადრო დანიშვნა განახორციელა და საგანგებო რწმუნებულის უფლებამოსილებით აღჭურვა ის ადამიანი, რომელიც კონფლიქტამდე და მის შემდეგაც გადაჭრით ეწინააღმდეგებოდა ქართველებსა და აფხაზებს შორის სადაო საკითხების ძალისმიერი მეთოდებით გადაჭრას. ასეთი დიამეტრალურად განსხვავებული პოზიციის მიუხედავად, ლორიკ მარშანია ბოლო მომენტამდე რჩებოდა თბილისში მოქმედი აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე და, ვიდრე სხვა მისი კოლეგები რევანშზე ოცნებობდნენ, იგი ცდილობდა საკუთარი თანამოაზრეები ენგურის ორივე ნაპირზე ეპოვნა. ასე დაიწყო ის, რასაც ლორიკ მარშანია სახალხო დიპლომატიას ეძახის და რომლის უკანაც ერთნაირად გაუსაძლის პირობებში მყოფი ათეულ ათასობით ქართველი და აფხაზი დგას. სახალხო დიპლომატიის გააქტიურებას ლორიკ მარშანია ობიექტური ფაქტორებით ხსნის.

[ლორიკ მარშანიას ხმა] "საქმე იმაშია, რომ ჩვენ ისეთი დიდი ფაქტორი გვაქვს სახალხო დიპლომატისა, რასაც ქვია იქ მცხოვრები 41 პროცენტი ქართველი და აფხაზი ვართ შერეული ოჯახები. ეს ერთი. მეორე ფაქტორი ის არის, რომ ჩვენს ადგილზე ვინც იქ მოვიდა – რუსები, კაზაკები, სირიელები, თურქები, ჩრდილოეთ კავკასიელები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, იქაური ადგილობრივი ხალხი ვერ შეეგუა მათ."

საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული სახალხო დიპლომატიის საკითხებში, – ასე ჟღერს ოფიციალურად ლორიკ მარშანიას სტატუსი. თავის უმთავრეს ამოცანად მარშანია რუსეთსა და საზღვარგარეთ გაბნეულ ქართველებთან, აფხაზებთან და საკუთრივ ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დარჩენილ ყველა იმ ადამიანთან ურთიერთობის აღდგენას მიიჩნევს, რომლებსაც აფხაზური დიასპორის ცნობილმა წარმომადგენელმა, ამერიკაში მცხოვრებმა პროფესორმა ინალ კაზანმა "გაჩუმებული უმრავლესობა" უწოდა. ამას გარდა, როგორც ლორიკ მარშანია ირწმუნება, სახალხო დიპლომატიის გზით ურთიერთნდობის აღდგენის იდეას თავისი მხარდამჭერები თვითგამოცხადებული აფხაზეთის სამთავრობო წრეებშიც გამოუჩნდნენ. საერთო აზრი კი კონფლიქტის მოწესრიგების თაობაზე ასეთია:

[ლორიკ მარშანიას ხმა] "გვეყოფა, ჩვენ უნდა დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან. დავანებოთ თავი იმას, ვინ, ვისი ბრალია, ვინ როგორ და რანაირად, დავჯდეთ და უშუალოდ ქართველი და აფხაზი ველაპარაკოთ, ჩვენ მესამე შუამავალიც არ გვჭირდება. ასე არის ფსიქოლოგიურად მოტრიალებული...ხალხი მზად არის იმისთვის, რომ ერთმანეთს შეხვდეს."

აღსანიშნავია, რომ ასეთი ფსიქოლოგიური გარდატეხის ფონზე, ლორიკ მარშანია დაუშვებლად მიიჩნევს იმ დაპირისპირებას, რაც თბილისში მოქმედ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მომხრეებს შორის მოხდა. თუმცა, მოვლენების განვითარებას ლოგიკურად თუ შევაფასებთ, ალბათ შეუძლებელია, რომ ასეთი დაპირისპირება არ მომხდარიყო აფხაზეთის კონფილქტის მიმართ აბაშიძისა და ნადარეიშვილის განსხვავებული დამოკიდებულების გამო.

ამ დაპირისპირების რაობა რამდენიმე დღის წინ საინტერესოდ ახსნა ქართულ-აფხაზური ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ზურაბ შენგელიამ: "აბაშიძემ უკვე დაუშვა უდიდესი შეცდომა, – თქვა მან, – როცა კონფლიქტის დარეგულირების პროცესში გამორიცხა ლტოლვილთა უდიდესი ნაწილი. არ შეიძლება პოლიტიკის კეთება მხოლოდ საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის. პოლიტიკა არ უნდა კეთდებოდეს საზოგადოების თუნდაც მცირე ნაწილის ხარჯზე."

შენგელიას ეს სიტყვები ასეთივე წარმატებით შეიძლება გავიმეოროთ უგულებელყოფილ სახალხო დიპლომატიასთან მიმართებაში, რომლის ოფიციალური გაფორმება მხოლოდ ორი დღის წინ მოხდა. გამოიყენებს თუ არა ამ რეზერვს რეალურ დროსა და სივრცეში საქართველოს ხელისუფლება, თუ სხვა ბევრი ინიციატივის მსგავსად, სახალხო დიპლომატიაც მხოლოდ საზოგადეობის მანიპულირების ინსტრუმენტად იქცევა, ამას მომავალი გვიჩვენებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG