Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი სეგმენტი პოლიტიკურ სპექტრში


საქართველოში პოლიტიკური გაერთიანებები ძნელად იქმნება და ადვილად იშლება. ერთ-ერთი ყველაზე მყარი და მრავალსუბიექტიანი საარჩევნო ბლოკი ასლან აბაშიძემ ჩამოაყალიბა ბოლო საპარლამენტო არჩევნების წინ.

ოფიციალურად ეს ბლოკი დღემდე არსებობს, თუმცა, ფაქტობრივად, გაუქმებულია.

რა არის პოლიტიკური გაერთიანებების შექმნისა და დაშლის მიზეზი? შესაბამისად, რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს გაერთიანებული დემოკრატების, ეროვნული დემოკრატებისა და ტრადიციონალისტების კავშირს? შევეცდებით პასუხი გავცეთ ამ კითხვებს.

პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე 19 აგვისტოს გაფორმებულ კავშირს გაერთიანებულ დემოკრატებს, ეროვნულ დემოკრატებსა და ტრადიციონალისტებს შირის სამივე პარტიის სისუსტით და დაბალი რეიტინგით ხსნის. მართლაც, სამივე პარტიის მთავარი სიმდიდრე სამი პოლიტიკური ლიდერია. მათ შორის ყველაზე სერიოზული პოლიტიკური ამბიცია და კაპიტალი ზურაბ ჟვანიას აქვს. შესაბამისად, მისი საგანგებო ინტერესის გარეშე სამი პარტიის გაერთიანება ვერ შედგებოდა. თავად პარტიები კი ან ჯერ არ არსებობენ, ან უკვე თითქმის აღარ არსებობენ. ამიტომ ლიდერებისთვის ხელსაყრელია, რომ გაერთიანების ფაქტი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს პოლიტიკურ ცხოვრებაში სერიოზული სიახლეა. არადა, თუ გაერთიანების პარტიულ რესურსზე დავფიქრდებით, ადვილად დავასკვნით, რომ პოლიტიკურ სპექტრში ბევრი არაფერი შეცვლილა.

როდესაც ასლან აბაშიძემ 1999 წელს მრავალსუბიექტიანი საარჩევნო ბლოკი შეკრა, მას საამისოდ სერიოზული რესურსი ჰქონდა როგორც ფინანსების, ისე სახელისუფლო ბერკეტებისა და ამომრჩევლის თვალსაზრისით. სწორედ ამ რესურსმა მიიზიდა ტრადიციონალისტებიც, სოციალისტებიც და “ოცდამეერთე საუკუნეც”. ასლან აბაშიძემ თავისი რესურსი უშურველად მოახმარა ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნას, პატარა პარტიები კი სერიოზული წარმომადგენლობით მოხვდნენ პარლამენტში.

თუ მივიჩნევთ, რომ პოლიტიკური გაერთიანების შესაქმნელად აუცილებელია სათანადო რესურსი, იქვე უნდა ვივარაუდოთ, რომ ახალ გაერთიანებას დიდი დღე არ უწერია. მაგრამ რესურსის გარდა, პოლიტიკური კავშირის სიმტკიცეს განაპირობებს ლიდერების მოტივაცია. როდესაც მოტივაცია დაიკარგა, ბათუმის ბლოკიც მაშინ გაუქმდა. ამ თვალსაზრისით, ახალ გაერთიანებას უკეთესი პერსპექტივა აქვს. დემოკრატიულ ფრონტზე ორი პოლიტიკური ფიგურა იბრძვის პირველი ლიდერობის მოსაპოვებლად – ზურაბ ჟვანია და მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილის გზა პირდაპირი აგრესიაა, ჟვანიას გზა კი – დიალოგი. სწორედ ამ ხაზის გასაძლიერებლად სჭირდება ზურაბ ჟვანიას ახალი პოლიტიკური გაერთიანება და მასში პარტიული სპექტრის თუნდაც ერთი ნაწილის მიზიდვა. რაკი გაერთიანება არსებობს, ამიერიდან ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც უარს იტყვიან პირდაპირ აგრესიაზე და მოკავშირის ძებნას დაიწყებენ, ბუნებრივად აღმოჩნდებიან ჟვანიას ბანაკში.

იმის გამო, რომ ახალი გაერთიანება ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის ბოლომდე არც ერთს ემხრობა და არც მეორეს, ჟვანიამ შევარდნაძისგანაც და სააკაშვილისგანაც პირველი რეპლიკები მიიღო. პრეზიდენტის რეპლიკა ნაკლებად მწვავე იყო, მაგრამ საგულისხმო შინაარს მოიცავდა: ახალი გაერთიანება ნეიტრალური და შუაში მდგომი კი არ არის, არამედ პრეზიდენტის მიმართ ოპოზიციურია. მიხეილ სააკაშვილის შეფასება კი უფრო მწვავედ ჟღერდა და პირდაპირ მიუთებდა, რომ ახალი გაერთიანება ნეიტრალური და შუაში მდგომი კი არ არის, არამედ ჯერ ვერ გაურკვევია თავისი პოზიცია ედუარდ შევარდნაძის მიმართ.

წესით და რიგით, ახალი გაერთიანება სწორედ იმისათვის შეიქმნა, რომ მან საზოგადოებას შესთავაზოს ალტერნატივა: არც ადგილის ტკეპნა და არც რევოლუცია, არამედ დინჯი სვლა მომავლისკენ. ამ პოზიციას მომხრეები უსათუოდ გამოუჩნდება როგორც პოლიტიკურ სპექტრში, ასევე საზოგადოებაში. ამიტომ გაერთიანების სამომავლო პრობლემები უფრო მის წიაღშია მოსაძებნი, ვიდრე მის მიღმა. მთავარი პრობლემა კი ზედაპირზეა: პარტიული რესურსის სრული დეფიციტი ქმნის ამ დეფიციტის შევსების აუცილებლობას, რისი ერთადერთი წყაროც ლიდერების შინაგანი რესურსია. აკაკი ასათიანს თავისი შესაძლებლობები, პრაქტიკულად, მთლიანად აქვს ამოწურული; ირინა სარიშვილი-ჭანტურია, როგორც ლიდერი, კარგა ხანია, კრიზისის ზღვარზეა; ხოლო ზურაბ ჟვანიას პოლიტიკური კარიერა მრავალი და მრავალი წლის განმავლობაში აღმავალი ვექტორით მოძრაობდა მხოლოდ ედუარდ შევარდნაძის გვერდით და მისივე მფარველობით. რა რესურსი აქვს ჟვანიას, როგორც პოლიტიკურ ლიდერს, ჯერჯერობით, ბუნდოვანია.

ასე რომ, ახალი პოლიტიკური გაერთიანება არის კიდეც სერიოზული სიახლე ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და არც არის; მას პერსპექტივაც აქვს და არანაკლები საფრთხეც ახლავს; ოპონენტები ორივე მხრიდან უტევენ, მაგრამ მთავარი პრობლემა მისსავე წიაღშია ჩამალული. დანარჩენს დრო გამოაჩენს.
XS
SM
MD
LG