Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ რეაგირებს აგრესიაზე ადეკვატურად საქართველოს ხელისუფლება?


ბოლო წლებში რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის არაერთი აშკარა თუ ფარული ხელყოფის ფაქტი მოხდა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებს ოფიციალური განცხადების თანახმად,

23 აგვისტოს რუსეთის სამხედრო ავიაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის დაბომბვას პირველად მოჰყვა მსხვერპლი. ამასთან გამოიკვეთა კიდევ ერთი საშიში ტენდენცია, რაც იმაში მდგომარეობს, რომ რუსული ავიაცია ნელ-ნელა აფართოებს საბრძოლო მოქმედების ზონას სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე. ასეთ შემთხევევაში კიდევ ერთხელ მთელი სიმწვავით დგება საკითხი, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ეროვნულ უსაფრთხოებას – თუ რა არის იმის ნამდვილი მიზეზი, რომ საქართველოს ხელისუფლება ადეკვატურად ვერ რეაგირებს "დიდი მეზობლის" სამხედრო აგრესიაზე.

ქვეყნის თავდაცვას თავისი ულმობელი ლოგიკა აქვს. იარაღით სახმელეთო საზღვრის დამრღვევს თავდაპირველად სიტვიერად აფრთხილებენ, შემდეგ ხდება გამაფრთხილებელი გასროლა, ხოლო დაუმორჩილებლობის ან შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, თავდამსხმელს ანადგურებენ. საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევაში ზოგჯერ გამაფრთხილებელი გასროლის დრო არ რჩება და მოწინაარმდეგე უნდა გაანადგურო, მითუფრო, თუ იგი მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს.

საქართველოს ხელისუფლებამ, თავდაცვის მინისტრ დავით თევზაძის პირით, რუსეთის სამხედრო ავიაციის აგრესიის აღსაკვეთად შარშან პირველად გააკეთა მკაცრი გაფრთხილება:
[დავით თევზაძის ხმა] " ჩემს მიერ დაისვა ამოცანა, შესწავლილ იქნა ყველა დეტალი და ნებისმიერი საფრენი აპარატი იქნება ჩამოგდებული. ამის საშუალებაც არის."

დავით თევზაძის ეს განცახდება შარშან შემოდგომაზე, კოდორის ხეობის დაბომბვის ფაქტს მოჰყვა. ქვეყნის თავდაცვის ზემოხსენებული ლოგიკიდან და ამ ბრძანებიდან გამომდინარე, 23 აგვისტოს საჰერო თავდაცვის ძალებს უკვე გამანადგურებელი ცეცხლი უნდა გახსნათ იმ ექვსი თუ ათი ბომბდამშენისთვის, რომლებიც მთელი 40 წუთის განმავლობაში ბომბავდნენ საქართველოს ტერიტორიას. მაგრამ, როგორც ირკვევა, ერთი წლის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკვე სულ სხვა, ასეთი დრამატული ვითარებისთვის შეუფერებელ განცახდებას აკეთებს.
[დავით თევზაძის ხმა] "რაგატკებს შევიძენ და ჩამოვყრი."

"რაგატკების", ანუ შურდულების ამარა, საქართველო საჰაერო სივრცეს, რა თქმა უნდა, ვერ დაიცავს და ვერც რუსეთის თავგასულ სამხედრო ავიაციას დაუკარგავს ქართულ სოფლებზე ნადირობის მადას. ამისთვის საჭიროა საჰაერო თავდაცვითი სისტემის შექმნა, რომელიც, როგორც ეროვნული უსაფრთხოების მთავარი კომპონენტი, წლების მანძილზე დაუმსახურებლად იყო უგულებელყოფილი.

მაგრამ, თავდაცვის ეფექტიანი სისტემის პროგრამების შექმნისა და მის დასაფინანსებლად რეზერვების გამოძებნისთვის, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა ისწავლოს საბიუჯეტო თანხების მიზნობრივი ხარჯვა და უნდა შეამციროს კორუფციის დონე. ამის ნება კი დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს. ამიტომაც უფრო იოლია ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებით საზოგადოების მანიპულირება, როგორც ამას თავდაცვის მინისტრი და ქვეყნის პრეზიდენტი აკეთებენ, ან მთავარი დამნაშავეები ტელეკომპანია "რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებში ეძებო, როგორც ეს 23 აგვისტოს შემთხვევაში ქვეყნის მთავარმა მესაზღვრემ, გენერალმა ჩხეიძემ მოიმოქმედა.
[ვალერი ჩხეიძის ხმა] "შეიძლება საბურთალო დაბომბონ მათი წყალობით რუსულმა ავიაციამ."

საქართველოს ხელისუფლებას დღეს კიდევ ერთი შეცდომა მოუვიდა. მთავრობის წევრთა და მათ შორის პრეზიდენტის განცხადებებში ხაზგასმული იყო, რომ ეს იყო პირველი დაბომბვა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. ეს არ არის სწორი. რუსეთის ავიაციის ანგარიშზეა არაერთი დაღუპული მშვიდობიანი მოსახლე აფხაზეთის ტერიტორიაზე და კოდორის ხეობაში. ასე რომ, მომავალში თუ ერთხელ მაინც არ ამოქმედდება დაპირებული მუქარა, საქართველოს ხელისუფლებას ტყუილა აქვს იმედი, რომ სხვადასხვა გამოგონილი საბაბით რუსული ავიაცია იგივეს არ მოიმოქმედებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG